HR hub–ის ორგანიზებით, 14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.
ფესტივალის მხარდამჭერია Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში.
ჩვენ თამარ კუნჭულიას, კომპანიის HR დირექტორსა და ბესო გოგინავას, მარკეტინგის დირექტორს ვესაუბრეთ მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე.
HR hub: ბესო, როდის გამოჩნდა სასტუმრო ქართულ ბაზარზე? მოგვიყევით სასტუმროს კონცეფციის შესახებ.
„რედისონ რედი“ თბილისში 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა. სასტუმრო “RED” ბრენდის პირველი სასტუმროა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც უნიკალური კონცეფციით გამოირჩევა. მუსიკა, მოდა და ხელოვნება არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც დიზაინში, სერვისსა და ყველა კუთხეში იგრძნობა. სასტუმრო გამორჩეულია იმით, რომ არ არის უბრალოდ ღამის გასათევი ადგილი. უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ოთახი და საუზმე. ეს არის გამოცდილება, რაც მოგზაურობისა და ახალი ადგილის აღმოჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის „რედისონ რედი“ სტილისტურად თანამედროვეობისა და ისტორიის იდეალურ ნაზავს ქმნის. სასტუმრო საქართველოს ფოსტის ასწლოვან შენობაში მდებარეობს, რაც ჰარმონიულად არის შერწყმული სასტუმროს თანამედროვე დიზაინსა და ხასიათთან. დღეისათვის სასტუმროში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
სასტუმრო აღმაშენებლის 44 ნომერში მდებარეობს.
HR hub: თამარ, რა არის Radisson RED-ის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა?
“რედისონ რედი” ლიბერალური სამუშაო კულტურით გამოირჩევა. უკვე 3 წელია, რაც კომპანია მასპინძლობის ინდუსტრიაში მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებლების სამეულში შედის. აქ მოსულ თანამშრომლებს არ დახვდებათ ტრადიციული კონსერვატიული სამუშაო წესრიგი. ჩვენთან პატივს სცემენ და აფასებენ თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალიზმს, მოქმედებს ინკლუზიური მიდგომა ყველას მიმართ. აქ თანამშრომლებს “კრეატივებს” ვეძახით, რაც უკვე მეტყველებს მათ მიმართ დამოკიდებულებაზე. ისინი ადგილზე გლობალურ გამოცდილებას იძენენ, რადგან რედისონ რედის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამშრომლების სწავლა-განვითარებას.
HR hub: თამარ, რა პროგრამები გაქვთ დანერგილი თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით? კარიერული ზრდის რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ?
ჩვენთან თანამშრომლებს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი რეგულარულად უტარდებათ. კომპანიას აქვს ძალიან მდიდარი ონლაინ ბაზა, სადაც თითოეულ მათგანს შეუძლია აირჩიოს სასურველი კურსი და მისთვის საინტერესო მიმარულებით განვითარდეს; დანერგილი გვაქვს დეპარტამენტებს შორის ტრენინგების პრაქტიკაც. გუნდის წევრების მონდომება ყოველთვის ფასდება სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა ყოველი თვის საუკეთესო თანამშრომლის გამოვლენა და წახალისება. გარდა ამისა, გლობალურ კომპანიაში მუშაობა თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში რელოკაციის საშუალებასაც აძლევს.
HR hub: ბესო, Radisson RED დასაქმების ფესტივალის მხარდამჭერია. როგორ იქნება წარმოდგენილი სასტუმრო ფესტივალზე, რა ვაკანსიებს შესთავაზებთ კანდიდატებს?
ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა იმ ტალანტებისთვის, რომლებსაც სასტუმროს ინდუსტრიაში, კერძოდ კი „რედისონ რედში“ მუშაობა სურთ. გვაქვს დიდი სურვილი და მიზანი „რედისონ რედი“ გავაცნოთ ფესტივალის მონაწილეებს. ამავდროულად, აღმოვაჩინოთ ახალი ადამიანები, რომლებიც პოტენციურად ჩვენს ძალიან მეგობრულ და პროფესიონალთა გუნდს შემოუერთდებიან.
გელოდებით ყველას 14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში.
HR hub: თამარ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სასტუმრო წელს ერთი წლის ხდება. უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი გუნდის წევრებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემო შევთავაზოთ. გვინდა, რომ ჩვენს თანამშრომლებს სწავლისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ და ამისთვის ჩვენს გენერალურ მენეჯერსა და სათავო ოფისთან ყოველდღიურად ვმუშაობთ.