შემოგვიერთდით

რა ტიპის სამუშაოებს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი და რა უნდა გავაკეთოთ უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად

ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს აუცილებლად შეცვლის. ამაზე უკვე აღარავინ დავობს. საკითხავი ისაა, როგორ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ეს ცვლილება. ჯერჯერობით, მისი განვითარება აქტიურად ასოცირდება სამუშაო ადგილების შემცირებასა და საერთოდ გაქრობასთანაც კი. თუმცა, ემუქრება კი ხელოვნური ინტელექტი ჩვენს კარიერას?

„რობოტიკისა და ინჟინერიის მიმართ დამოკიდებულება ცალსახად პესიმისტურია. ერთადერთი მხარე, რომლიდანაც ადამიანები ამ ინოვაციური ტექნოლოგიას აღვიქვამთ, არის ის, თუ რამდენი სამუშაო ადგილი გაქრება უახლოეს მომავალში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე და ბევრად უფრო პოზიტიური მხარე – ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მოსალოდნელია ახალი სამსახურების გაჩენა და არსებულების ბევრად გაუმჯობესება.“ – ამბობს SHRM-ის ვიცე პრეზიდენტი შონა უოთერსი.

კვლევების მიხედვით, 2017 წელს გამოკითხული დაქირავებულთა 14%-ს მიაჩნია, რომ ავტომატიზაცია მის სამსახურს შეიწირავს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითქმის 30%-მა ხელოვნური ინტელექტი საკუთარი სამუშაოს გაუმჯობესებასთან დააკავშირა.

და მაინც, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია? რა ზომები უნდა მივიღოთ მომავლის ტექნოლოგიებთან შესახვედრად?

„გამოსავალი მუდმივ განვითარებასა და სწავლაშია“ – აცხადებს მართვის სკოლის ვიცე პრეზიდენტი ვაშინგტონში, დერილ უესტი. „ბოლოს და ბოლოს უნდა გავიაზროთ, რომ სწავლის პერიოდი ცხოვრების მოკლე მონაკვეთი არ არის და თუ გვსურს მომავალს ფეხი ავუწყოთ, საჭიროა მუდმივი ვარჯიში, განვითარება და სიახლეებისკენ სწრაფვა. ტექნოლოგია ზოგიერთ სამუშაოს ტიპს წაგვართმევს, მაგრამ უმრავლესობას ბევრად უფრო მომხიბლავად აქცევს“.

ასევე შეიცვლება საჭირო უნარ-ჩვევების ტიპი. მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეასუსტებს პროფესიული და ტექნიკური ტიპის ცოდნისა და გამოცდილების საჭიროებას. ადამიანები უნდა მიეჩვიონ კრიტიკულ, კრეატიულ აზროვნებას, რადგან რუტინულ საქმეს ამიერიდან უკვე რობოტები შეასრულებენ. რეალურად, ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად ჩვენს ადამიანურ, შინაგანი ტიპის თვისებებს გამოგვავლენინებს.

გარდა ამისა, სამუშაოს დაკარგვის მოლოდინები ცალსახად გადმეტებულია. მაგალითად, გამოკითხული კომპანიების 77%-მა აღნიშნა, რომ საქმეში ავტომატიზაციის დანერგვის შემდეგ სამუშაო ადგილები და მოთხოვნა რეალურად გაიზარდა, არათუ შემცირდა.

როგორც HR For Dell-ის ვიცე პრეზიდენტი ედ ლოია აცხადებს, 2030 წლისთვის ახალი ერა დაიწყება ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ გავხდებით რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის მენტორები, მივაკუთვნებთ მათ ტექნიკური და რუტინული საქმის შესრულების ვალდებულებას და ჩვენ სხვა, უფრო ადამიანური საქმიანობებით დავკავდებით.

სწორედ აქ ვლინდება HR დეპარტამენტის განსაკუთრებული როლი მომავლისთვის ფეხის აწყობაში. HR-ები უნდა დაეხმარონ საკუთარ თანამშრომლებს ზემოხსენებულ განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებაში, რათა ისინი მზად იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის და კომპანიაც სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ავტომატიზაციას.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გარკვეული ტიპის სამუშაოების გაქრობა გარდაუვალია. მაგალითად, 2020 წლისთვის, მოსალოდნელია შემდეგი მომსახურებების ტიპების სრული რობოტიზაცია (ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირე ნაწილია):

  • ტრანსპორტირების ავტომატიზაცია გააქრობს მძღოლის პროფესიას;
  • რესტორნებში შეკვეთის მისაცემად დაიხმართ პლანშეტს და არა მიმტანს;
  • საავადმყოფოებში ტექნიკური ტიპის გამოკვლევებს ჩაგიტარებენ რობოტები და არა მედდები;
  • ბუღალტერიასა და ფინანსებში აშკარა გახდება ავტომატიზაციის შესაძლებლობა.

თუმცა, არც სხვა სფეროები არიან სრული კომფორტის მდგომარეობაში. როგორც აღმოჩნდა,  ერთადერთი უნარი, რომელიც გარანტიას მოგცემთ, რომ უმუშევრად არ დარჩებით, მონაცემთა ანალიზია. სამყაროში, სადაც ინფორმაცია უზომოდ გაიზრდება, მისი არანჟირება, შენახვა და ანალიზის შედეგად დასკვნების გამოტანა შეუცვლელი უნარი გახდება. შესაბამისად, რა სფეროთიც არ უნდა იყოს დაინტერესებული, მონაცემთა ანალიზი მალე ყველაფერში მოთხოვნადი უნარი გახდება, როგორც ერთ დროს კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

გარდა ამისა, სავარაუდოდ შეიცვლება პოლიტიკური და სამართლებრივი წესები, რომლებიც დღესდღეობით შრომის ბაზარზე მოქმედებს. რობოტიზაცია და ხელოვნური ინტელექტი თამაშის სრულიად ახალ წესებს შემოგვთავაზებს, რომელზეც განსხვავებული რეაგირება იქნება საჭირო. მაგალითად, ბილ გეითსი თვლის, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც სამუშაო ძალად ადამიანის მაგივრად რობოტს გამოიყენებენ, ისევე უნდა იხადონ საშემოსავლო გადასახადი, როგორც ადამიანის შემთხვევაში იხდიდნენ.

რატი წიკლაური

წყარო: www.shrm.org