შემოგვიერთდით

თეკლა ბუაძე – ქართველი HR ამსტერდამში

HR სფეროში საქართველოში მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალის www.hrhub.ge – ის რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია თეკლა ბუაძე Jacobs Douwe Egberts– ის HR ბიზნეს პარტნიორი.

HR hub: კარიერის დასაწყისი. როგორ მოხვდით ამ სფეროში?

ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის სურვილი პრაღაში სწავლის დროს გამიჩნდა. ამ უაღრესად საინტერესო სფეროს შესახებ,  ჯერ მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა, თუმცა, იმთავითვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად მოვსინჯავდი საკუთარ ძალებს.

ასეც მოხდა, დაბრუნებისთანავე დავიწყე მუშაობა  “ბითიეი ბანკში“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, სპეციალისტის პოზიციაზე და მას შემდეგ, სიამოვნებით ვმოღვაწეობ ამ სფეროში.

HR hub: თქვენ მუშაობდით Jacobs Douwe Egberts -ში საქართველოში, თუმცა 1 მაისიდან ამსტერდამში იგივე კომპანიაში გადახვედით. რამ განაპირობა თქვენი  გადაწყვეტილება ?

2015 წლიდან ვმუშაობდი კომპანია Jacobs Douwe Egberts-ში HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე და პასუხისმგებელი ვიყავი კავკასიის რეგიონზე. როდესც შემოთავაზება მივიღე სათავო ოფისიდან, ჩემი ძალები მომესინჯა ისეთ პროექტში, რომელიც ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში ახალი სტანდარტიზებული პროცესების დანერგვას ისახავს მიზნად, მაშინვე დავთანხმდი ამ დიდ გამოწვევას და შევუერთდი ჰოლანდიის პროექტის გუნდს.

HR hub: ადამიანური კაპიტალის მართვის რა თანამედროვე მიდგომები, სისტემები და ინოვაციებია დანერგილი კომპანიაში?

ყველა ქვეყანაში სადაც JDE არის წარმოდგენილი, ადამიანური რესურსების მართვის პროცესები ავტომატიზებულია და იდენტური სტანდარტებით პროგრამა “საპის” მეშვეობით იმართება. საპის HR პროცესების მართვაზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებები, კომპანიას აძლევს საშუალებას დაზოგოს თანამშრომელთა დრო, გაზარდოს მათი მუშაობის ეფექტურობა და მიღებული დეტალური ანალიტიკური ფორმების საფუძველზე, სწორად განსაზღვროს კომპანიის კურსი.

HR hub: რა არის ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი HR სფეროში საქართველოსა და ამსტერდამს შორის, რომელსაც მუშაობის დროს წააწყდით ?

ვფიქრობ საქართველოში, HR მენეჯერის, როგორც  სტრატეგილული ბიზნეს პარტნიორის როლი, ნაკლებად არის ცნობილი. როგორც წესი HR-ი მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმიანობასთან ასოცირდება. ადამიანური რესურსების მართვა თავისთავად მოიცავს ადმინიტრაციულ ნაწილსაც, თუმცა ვფიქრობ, ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეს HR ბიზნეს პარტნიორი, რომელიც კომპანიის სტრატეგიის განსაზღვრაში მიიღებს მონაწილებას.

HR hub: თქვენი აზრით, რა აკლია დღეს საქართველოს HR სფეროს ?

ვფიქრობ საქართველოს HR სფროს, 21-ე საუკუნის HR გამოცდილებების გაზიარება სჭირდება. შესაბამისი ცოდნა საშუალებას მისცემს HR-ებს, ბიზნესისთვის საჭირო და სასურველი პარტნიორები გახდნენ.

ვიქრობ HR hub-ის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრები, ხელს უწყობს ამ სფეროს განვითარებას, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება როგორს უშუაოლოდ HR-ებზე, ასევე ბიზნესზე.

HR hub: რა თვისებებია საჭირო ამ სფეროში წარმატების მისაღწევად?

იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო, მუდმივად უნდა იზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე, გჯეროდეს ადამინების შესაძლებლობების და გიყვარდეს საკუთარი საქმე.

HR hub: რას ურჩევდით მათ, ვინც ამ სფეროში ახლა იწყებს მოღვაწეობას?

ვურჩევ, რაც შეიძლება ხშირად დაესწრონ HR შეხვედრებს, იზრუნონ ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლებაზე და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების.

HR hub: როგორია თქვენი გეგმები. აპირებთ საქართველოში დაბრუნებას ?

ახალი როლი  დიდი გამოწვევების წინაშე მაყენებს, რაც თავისთავად განვითარების საშუალებას მაძლევს. სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას და ჩემი საქმის აქ გაგრძლებას.