შემოგვიერთდით

,,ჩემი პროფესია საშუალებას იძლევა, პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე”-თამუნა ლასურაშვილი

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი თამარ ლასურაშვილი.

თამუნას აქვს მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი საფრანგეთის ბიზნეს სკოლის, Grenoble Ecole de Management, საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრია. თამუნა პერსონალის მართვისა და კომერციული მიმართულების პროფესიონალია, რომლის საქმიანობა დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის სტრუქტურული და ბიზნეს პროცესების ფორმირებაზე. იგი ასევე სერტიფიცირებული ტრენერი და CEB Global (SHL)-ის კომპეტენციების შეფასების სპეციალისტია.

HR hub: რომ არა HR ვიქნებოდი …

მახსოვს, ბავშვობიდან ვიძახდი, ექიმი უნდა გამოვიდე-მეთქი, პედიატრობა მინდოდა. მოგვიანებით, რომ წამოვიზარდე, ფსიქოლოგობაზე ვფიქრობდი. თუმცა, საბოლოოდ, ბიზნეს სამყაროში ამოვყავი თავი, რამაც 10-წლიან HR კარიერასთან მიმიყვანა. გამოცდილება მაქვს, ასევე, კომერციული მიმართულებითაც – როდესაც გადამიყვანეს საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერად. ვფიქრობ, რომ, თუ HR-ს დავთმობდი, ეს COO-ს პოზიციისთვის იქნებოდა.

HR hub: რეზიუმეების გადარჩევისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ..

ალბათ, ყველა HR-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმე ვაკანტური პოზიციის რელევანტური იყოს. ასევე,  შინაარსობრივი მხარის გარდა, ყურადღება ფორმას და წყობას ექცევა.

HR hub: არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კეთილსინდისიერებასა და შრომისმოყვარეობას. შესაბამისად, მლიქვნელი და არაკეთილსინდისიერი ადამიანის გუნდში ყოლას არ ვისურვებდი.

HR hub: ადამიანს, რომელიც უშედეგოდ ცდილობს დასაქმებას ვურჩევდი …

ვურჩევდი, რომ იპოვონ ის პროფესია, რომელიც მათ გულთან ახლოსაა; რისი კეთებაც მოსწონთ და პოზიტივითა და ენერგიით ავსებთ; განავითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და მათ წინ ვერაფერი აღუდგებათ.

HR hub: ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოტივატორია …

ალბათ, ყველაზე დიდი მოტივატორი იმ საქმის კეთებაა, რომელიც გიყვარს. მით უმეტეს, თუ ამას თან შესაბამისი დაფასებაც მოჰყვება.

ჩემი პროფესია საშუალებას იძლევა, პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე. რა ჯობია ამას?!

HR hub: შეცდომა, რომელზეც ვისწავლე …

ადამიანები შეცდომებზე ნამდვილად სწავლობენ და იზრდებიან. ჩემს კარიერულ გზაზე ყველა სიახლე ერთგვარი გამოწვევა იყო და მუდმივად მიხაროდა ახალი გამოცდილება. რთულია, ზოგჯერ გვგონია ხოლმე შეუძლებელიც, ბევრი წინააღმდეგობა გვხვდება, თუმცა, არაფერი სჯობს იმ შეგრძნებას, რომელიც დასახული მიზნის შესრულებას მოჰყვება. შეცდომები ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც უკეთეს პროფესიონალებად და ადამიანებად გვაყალიბებს.

HR hub: საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია

შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განათლება მიღებული პოტენციური კანდიდატების ცოდნისა და უნარების შეუსაბამობა.

HR hub: განათლების სისტემაში შევცვლიდი …

საკმაოდ მრავლისმომცველი თემაა და დიდი ხანი შეიძლება მასზე მსჯელობა. თუმცა, ალბათ, სასურველი იქნებოდა,  უფრო მეტი პრაქტიკული სამუშაოების შემოტანა სასწავლო პროგრამაში და, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებისთვის მეტი ყურადღების დათმობა.

HR hub: ადამიანი, რომელსაც სიამოვნებით გავიცნობდი და ჩაიზე დავპატიჟებდი  …

სიამოვნებით გავიცნობდი და მივირთმევდი ჩაის Ellen DeGeneres-სთან ერთად.

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap