ნინო ჯინჯოლავა – ალბათ ეს სახელი და გვარი HR-ში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას ეცნობა. ნინოს ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მათ შორის 10 წელზე მეტი – HR მენეჯმენტში. 2003 წლიდან, მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი ცვლილებების მართვის, ორგანიზაციული განვითარების და ანტიკრიზისული მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად ხელმძღვანელობს HR საკონსულტაციო ჯგუფს „HR პარტნერსსა“ და წამლის სატესტო ლაბორატორიას. HR hub-ის დაარსების დღიდან, ნინო მისი აქტიური წევრია.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ დაგეფუძნებინათ კომპანია „HR PARTNERS“ ?
საკონსულტაციო საქმიანობით სულ ვიყავი დაკავებული ჩემი კარიერის მანძილზე, სხვათაშორის HR პარტნერსი არ არის ჩემი პირველი საკონსულტაციო კომპანია, მანამდე აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი ვიყავი, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო თავის დროზე, თუმცა მივხვდი რომ კომპანიის მართვა უფრო გამართლებულია და ადვილი, როცა კონსულტანტი თავად შეგიძლია იყო, ანუ როცა მთელი პროცესი იცი კარგად. მუდმივად მქონდა დაკვეთები სხვადასხვა კომპანიებიდან HR კონსალტინგის და რეკრუტინგის მიმართულებით და ერთხელაც გადავწყვიტე რომ უკვე დროა შევქმნა რაღაც ჩემი, – ასე გაჩნდა HR პარტნერსი.
HR hub: რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამუშაოს მაძიებელმა მოგმართოთ ?
სამუშაოს მაძიებელს შეუძლია მოგვმართოს ჩვენი ვებ გვერდის www.hrpartners.ge მეშვეობით, დაგვირეკონ, მოგვწერონ FB, ან LinkedIn-ის მეშვეობით, ან გამოგვეხმაურონ ჩვენს განცხადებებეზე. აქვე აღვნიშნავ, რომ სამუშაოს მაძიებლებს კონფიდენციალურობის სრულ დაცვას ვპირდებით, საჭიროების შემთხვევაში გავუწევთ მათ კონსულტაციასაც.
HR hub: რომელი მიმართულებით გიჭირთ, ადამიანური რესურსის მოძიება საქართველოში?
ბაზარზე ზოგადად დეფიციტურია აგრარული პროფესიები, რიგი სამშენებლო პროფესიები, საწარმოო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პროფესიები, თუმცა მე არ ვიტყოდი, რომ ადამიანური რესურსის მოძიება ჭირს საქართველოში. ზოგადად არ მიყვარს როცა ყველაფერი ადამიანურ ფაქტორს ბრალდება, – რესურსს, ადამიანში აღმოჩენა სჭირდება, შესაბამისი გარემოს შექმნა, რეალიზაციის საშუალება – ასპარეზი და ბოლოს დაფასება.
HR hub: თქვენ უამრავ ადამიანს გასაუბრებიხართ. დაასახელეთ 3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც გასაუბრების დროს უშვებენ ?
შეცდომას უშვებს როგორც აპლიკანტი, ასევე ინტერვიუერი, ეს ბუნებრივია. მე ზოგადად, სტანდარტების წინააღმდეგი ვარ გასაუბრებისას. ერთადერთი შეცდომა ჩემი აზრით არის გასაუბრებაზე არ (და არა ვერ) მისვლა, გასაუბრება დაკარგული დრო არასოდეს არ არის, შეიძლება შემოთავაზება არ მიიღოთ, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ ახალ გამოცდილებას, რომელიც შემდგომში გამოგადგებათ.
HR hub: როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა განვითარებული რეკრუტინგი საქართველოში?
რეკრუტინგი დღეს აღარ არის სტანდარტიზებული პროცესი, დღევანდელობაში ბევრი ისეთი რამე შეიძლება რაც ადრე დაუშვებელი იყო, იმისთვის რომ მოიპოვო სასურველი კანდიდატი, მეტი კრეატივი, მეტი ინფორმაცია, მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო; გამოვაცხადე – შევარჩიე-ან ვიპოვე, ან ვერ, დღეს აღარ მუშაობს, დღეს მიზანი გაქვს და უნდა მიაღწიო. ვიტყოდი რომ რეკრუტინგი საქართველოში დღითიდღე ვითარდება წინა წლებთან შედარებით. ჩემი აზრით, არ არის მართებული საქართველო შევადაროთ უცხოეთს, არა იმიტომ რომ ჩამოვრჩებით, – უბრალოდ სხვა სპეციფიკა გვაქვს, ეკონომუკური განვითარების სხვა ეტაპს გავდივართ. ვისურვებდი ნაკლებ სტერეოტიპებს და მეტ თავისუფლებას რეკრუტირებისას.
HR hub: რა როლი უჭირავს სოციალურ მედიას რეკრუტინგში?
რეკრუტინგი ფეხდაფეხ უნდა მისდევდეს დასაქმების ბაზრის ტრენდებს, თუ სოციალური მედია აქტუალურია იმ სეგმენტისთვის რომელიც საინტერესოა რეკრუტერისთვის, მაშინ სოციალურ მედიას უნდა ეჭიროს დიდი როლი რეკრუტინგში და პირიქით. ზოგადად რა თქმა უნდა სოციალური მედია სერიოზული იარაღია რეკრუტირებისთვის, ანუ სადაც ხალხია, იქ ვართ ჩვენ – აი ეს ოდითგანვე ასე იყო და ვფიქრობ ასე იქნება ყოველთვის.
HR hub: რას ურჩევდით ადამიანს, რომელსაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მერე, სამსახურის პოვნის იმედი გადაეწურა ?
იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგოს, უნდა გააანალიზოს რაშია პრობლემა, იქნებ რამეა შესაცვლელი, იქნებ არასწორად ეძებს, იქნებ არასწორ ადგილას ეძებს და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ სამსახურს და არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ კარიერას. გარკვევაა საჭირო რომელს ვეძებთ, – სამსახურის პოვნა ყოველთვის შეიძლება თუ სწორად ვეძებთ, როგორც წესი ჭირს ხოლმე მეორე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაძიებელს კონკრეტული კრიტერიუმები აქვს და ზუსტ ან მიახლოებულ დამთხვევას ეძებს. ამ დროს გვგონია რომ სამსახურს ვერ ვპოულობთ, სინამდვილეში ამ ორს შორის არსებითი სხვაობაა.
HR hub: დაასრულეთ ფრაზა: HR hub ჩემთვის არის …
კოლეგების გაცნობის, გამოცდილების ურთიერთგაცვლის საშუალება.
HR hub: რას ეტყოდით მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის HR hub-ის წევრი. რატომ უნდა შემოგვიერთდნენ?
საქართველოში თეორიული HR არ გვაქვს და ახლა ყველა ჩვენ ვქმნით პრაქტიკულ HR-ს, ერთმანეთის გარეშე და ერთად ყოფნის გარეშე ეს არ გამოვა.