ეს ლანაა ახალაია 26 წლის, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის” ვაკის დარბაზის მენეჯერი. მან ,,გუდვილში” მუშაობა 2013 წელს კონსულტანტის პოზიციაზე დაიწყო. 7-8 თვის შემდეგ გადავიდა სექციის შიდა ვაიზერად, 1 წლის მერე მოლარე-კონსულტანტად, შემდეგ დარბაზის ვაიზერად და ახლა უკვე დარბაზის მენეჯერია. მისი წარმატება დასტურია იმის, რომ მთავარია მონდომება და ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა საიდან იწყებ. HR hub ესაუბრა ლანას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც შედგა.
HR hub: ლანა გაიხსენეთ თქვენი პირველი დღე გუდვილში როგორი იყო?
ჩემი პირველი დღე გუდვილში ნერვიულობით იყო აღსავსე. საკმაოდ ქაოსური და ხალხით სავსე გარემო. პირველ დღეს მეუცნაურა და ცოტათი შემაშინა კიდეც, თუმცა რიგში შესვლისთანავე კონსულტანტების გაცნობამ იმდენად მეგობრული და სასიამოვნო გარემო შექმნა, ყველა დაძაბულობა და ვერ შეძლების გრძნობა სადღაც გააქრო. ამ დღის შემდეგ ყოველდღე სიხარულით მივდიოდი გუდვილისკენ სადაც ჩემი დიდი ოჯახი მელოდებოდა.
HR hub: კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის დროს ყველაზე დიდი სირთულე რა იყო თქვენთვის?
იყო ბევრი სირთულე. ინდივიდუალური მიდგომა და მაქსიმალური კონსულტაცია სჭირდებოდა დღეში შემოსულ ასობით მომხმარებელს, რაც თავიდან საკმაოდ დამღლელი და სირთულეებთან დაკავშირებული იყო.
HR hub: რა უნარების შეძენაში დაგეხმარათ კონსულტანტობა?
სწორედ
კონსულტანტობიდან ვისწავლე, თუ რას ნიშნავს ეფექტური მომსახურება, თუ რას ნიშნავს მომხმარებლის ნდობის მოპოვება და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად კონსულტანტის როლი მომსახურების სფეროში.
HR hub: როგორ შეაფასებდით გზას, რომელიც კონსულტანტობიდან მენეჯერობამდე გაიარეთ?
მარტივი ნამდვილად არ იყო ამ წლების მანძილზე გავლილი არც ერთი ეტაპი. იყო საკმაოდ შრომატევადი და დამღლელიც კი, თუმცა ვიცოდი და გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ჩემი გაწეული შრომა ოდესმე აუცილებლად დამიფასდებოდა, ასეც მოხდა.
HR hub: ბევრი ადამიანი მუშაობას იწყებს კონსულტანტის პოზიციაზე, თუმცა მენეჯერი ვერ ხდება. თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ შენი თავი გამოავლინო?
ვერ ვიტყვი რომ ჩემი ოცნება იყო კონსულტანტად მუშაობის დაწყება და ალბათ ბევრი ფიქრობს ასე, თუმცა დღეს ნამდვილად მგონია, რომ
აუცილებელია ნულიდან დაიწყო საქმე და საბოლოოდ დამსახურებულად მიაღწიო მიზანს,რადგან
მე ვერ ვიქნებოდი მენეჯერი, რომ არ გამევლო ყველა ის ეტაპი რაც კონსულტანტობიდან მენეჯერობამდე გავიარე.
HR hub: რას ურჩევდით ადამიანს, რომელიც გუდვილში გასაუბრებაზე წასასვლელად ემზადება?
ადამიანს რომელიც გუდვილში გასაუბრებაზე მისასვლელად ემზადება, ვურჩევ რომ გააკეთოს მაქსიმუმი საკუთარი შესაძლებლობების და იქონიოს მოთმინება, რადგანაც ეს არის კომპანია, რომელიც აუცილებლად დააფასებს გაწეულ შრომას და შესაძლებლობას.