შემოგვიერთდით

გასაუბრება, რომელიც მახსოვს: ,,სიტუაცია, რაც მე იქ დამხვდა დღემდე კოშმარულად მახსენდება”-თორნიკე კიკნაველიძე

HRhub.ge-მ განაახლა რუბრიკა ,,გასაუბრება, რომელიც მახსოვს”… და ამ კუთხით სიახლეებს გთავაზობთ. ნებისმიერ მსურველს info@hrhub.ge-ზე შეუძლია გამოგზავნოს თავის საინტერესო ისტორია, რომელიც გასაუბრების თემატიკას უკავშირდება. საუკეთესოებს გამოვაქვეყნებთ ვებ-გვერდზე.

გთავაზობთ თორნიკე კიკნაველიძის ისტორიას, რომელიც მას ერთ გასაუბრებაზე გადახდა.

თორნიკე კიკნაველიძე: დასაქმების მუდმივი თანმხლები მოვლენაა გასაუბრება და ხშირად ეს გასაუბრება კურიოზადაც  შეიძლება გადაქცევია ბევრ თქვენგანს. გიამბობთ ამბავს, რომელიც პირადად მე გადამხდა და დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ამბავი სასაცილოა ჩემთვის (სატირალი რომ არ იყოს).

წელს ოჯახური მდგომარეობის გამო არსებულ სამსახურზე უარი ვთქვი, რადგან ხელფასი აღარ მაკმაყოფილებდა და ახალი სამსახურის ძიებას შევუდექი.

დრო ბევრი მქონდა, დავიწყე ვაკანსიების საიტების თვალიერება. შევედი სხვადასხვა დასაქმების ფორუმებზე, მოკლედ ყველგან სადაც კი შეიძლება რაიმე საინტერესო მეპოვნა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ერთ საინტერესო ვაკანსიას წავაწყდი. კომპანიის სახელწოდებასა და კოორდინატებს შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ განცხადების ტექსტი შემიძლია გაგაცნოთ:

,,კომპანია ,,——“, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქალაქშია წარმოდგენილი, აქვს 25 წლიანი მოღვაწეობის ისტორია, არის ლიდერი ბაზარზე და ასე შემდეგ… ეძებს გამოცდილ კადრს, (რომელსაც აქვს მსგავსს სფეროში მუშაობის გამოცდილება, შეუძლია რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება, გუნდის მართვა და მათთან ერთად მუშაობა, არის ინოვაციური და ეშინია გამოწვევების და მოკლედ ასე დაუსრულებლად  … პერსონალის მართვის მენეჯერის პოზიციაზე !!! საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით”.

ტექსტი იმდენად უხვად იყო დატვირთული დამაჯერებელი ფაქტებით კომპანიისა და მათი მოღვაწეობის შესახებ, რომ ჩავთვალე საინტერესო გამოწვევა იქნებოდა და როგორც ისინი წერდნენ მზად ვიყავი ნებისმიერი ახალი გამოწვევისთვის. გადავგზავნე ჩემი CV და დავიწყე ლოდინი. დაახლოებით ერთ კვირაში მეილზე პასუხი მომივიდა, რომ თქვენი კანდიდატურა არჩეულ იქნა რამდენიმე ათეულს შორის და გასაუბრებაზე მიბარებდნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან გასაუბრებაზე მისულს უკვე აღარაფერი შემაჩერებდა, რომ სასურველი მიზნისთვის მიმეღწია.

მოკლედ დადგა ეს დღეც. დილით  ადრე ავდექი, საუკეთესოდ გამოვეწყვე, ჩვეული სუნამო დავისხი და გავეშურე გასაუბრებაზე. არაერთ დიდ კომპანიაში მიმუშავია და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რამხელა ყურადღება ექცევა კადრის აყვანისას მისი გონებრივი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გარდა, მის ვიზუალს. გზაში მანქანაც კი გავრეცხე! როგორც პუნქტუალური ადამიანი გასაუბრებაზე ცოტა ადრე მივედი, აგვისტოს ბოლო იყო და შედარებით ადვილად მოვნახე ადგილი მანქანის გასაჩერებლად, მიუხედავად იმისა, რომ ოფისი სადაც დაბარებული ვიყავი თბილისის ცენტრალურ უბრანში მდებარეობდა. წავედი შეხვედრის ადგილისკენ. ავიარე რამდენიმე სართული შენობაში და მივადექი თეთრ კარს, სადაც კომპანიის დასახელება იყო დიდი ასოებით გამოკრული. მღელვარება მატულობდა, სულ ახლოს ვიყავი მიზანთან, ამას ემატებოდა გაუსაძლისი სიცხე როგორც აგვისტოში იცის. მოკლედ თავს კიდევ ერთხელ გადავხედე პერანგი გავისწორე, დავაკაკუნე და შევედი. მისაღებში ერთი სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი დამხვდა.

    -გამარჯობა.

    -გამარჯობა.

    – თქვენ ალბათ გასაუბრებაზე ბრძანდებით..

    – დიახ ქალბატონო, დაბარებული ვარ.

რაღაც თაბახის ლამინირებული ფურცელი მომაწოდა მთხოვა გვერდით ოთახში შებრძანდით და იქ დაელოდეთო, თან მანამდე გადახედეთ ამ ფურცელსო. მოთმინებით გამოვართვი ეს ფურცელი და მითითებულ ოთახში შევედი. სიტუაცია, რაც მე იქ დამხვდა დღემდე კოშმარულად მახსენდება. დაახლოებით 15 კვადრატული ოთახი, 5 სკამი და ოცამდე ადამიანი ზუსტად მსგავსი ფურცლით ხელში, საშინელი სიცხე და უჰაერობა. პირველი შთაბეჭდილება ძალიან ცუდი აღმოჩნდა, მაგრამ გადავწყვიტე დავლოდებოდი მაინც პიროვნებას, რომელთანაც უნდა მქონოდა გასაუბრება.

როგორც აღვნიშნე ოცამდე ადამიანი და 5 სკამი იყო მხოლოდ ოთახში ამიტომ ბედს შევეგუე და იქვე შესასვლელში, კარებთან კედელს მივეყრდენი. თან გამახსენდა ის ფურცელი, რომელიც იმ ქალბატონმა გადმომცა და კითხვა დავიწყე. ნუ დასაწყისში ისევ და ისევ კომპანიის საქმიანობისა და მათი წარმატებების შესახებ უხვი ინფორმაცია იყო, პირველი გვერდის კითხვას მოვრჩი და გადმოვაბრუნე თუ არა ფურცელი უშუალოდ ვაკანტური პოზიციის აღწერას წავაწყდი (რომელიც ასე დაკონკრეტებით დასაწყისში დასაქმების საიტზე, მოცემული არ იყო).

ვკითხულობ და თვალებს არ ვუჯერებ… დაახლოებით ვეცდები გავიხსენო ის ტექსტი, რაც იქ ეწერა : დასაქმებული ვალდებულია კვირის განმავლობაში დაარიგოს წინასწარ შერჩეულ უბანზე კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის კატალოგები, მეორე დღეს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტებს და…..

შევატყვე, რომ სახე შემეცვალა და ეს სხვებმაც შეამჩნიეს. კითხვა ვეღარც გავაგრძელე, ისე ცუდად გავხდი და მაშინვე ისევ იმ ქალბატონთან გამოვვარდი ოთახიდან.

აქ რაღაც შეცდომაა მე სულ სხვა ვაკანსიაზე ვარ დაბარებული- ვეუბნები მე, ცოტა აღელვებული და საკმაოდ მაღალი ტონით!….

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა, რომ არავითარი პერსონალის მართვის მენეჯერი არ ესაჭიროებოდა კომპანიას, არავითარი მოჭრილი ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი ის რომელიც ვაკანსიაში ეწერა. თითქმის ყვირილით დავტოვე იქაურობა და თან დავემუქრე, რომ ამისთვის თქვენ კომპანიას დიდი პრობლემები შეექმნება-მეთქი!

სახლში მოსულმა ყველა დასაქმების საიტს მივწერე, მოვუყევი ამ ფაქტის შესახებ დაწვრილებით და მოვითხოვე რომ სასწრაფოდ აეღოთ ამ კომპანიის განცხადებები საიტიდან და საერთოდ არ მიეცათ მათთვის ასეთი თაღლითური სქემის გავრცელების საშუალება! საბედნიეროდ ასეც მოხდა, მაგრამ ღმერთმა იცის რამდენია ასეთი კომპანია საქართველოში, რომელიც აკარგვინებს ადამიანს ძვირფას დროს, ენერგიას, რაც მთავარია მოტივაციას, რომ იმ ათასობით ვაკანსიიდან რომელიც დღეს დასაქმების ბაზარზეა რეალური აღმოჩნდეს რომელიმე ვირტუალური, მსგავსი იმიჯის მქონე კომპანია.