შემოგვიერთდით

პერსონალური ბრენდინგი – გაყიდე საკუთარი თავი

რამდენიმე წლის წინ, ონლაინ ტრენინგებში შემთხვევით ვნახე რამდენიმე საათიანი სასწავლო კურსი ,,პერსონალური ბრენდინგი” (Personal Branding), რომელიც მაშინ ახალი თემა იყო და ძალიან დავინტერესდი თუ რას მოიცავდა და რა შეიძლება მესწავლა ამ მიმართულებით.

 სწორედ ამიტომ, დიდი ინტერესით დავიწყე კურსის გავლა. ჩემდა გასაკვირად, არათუ საინტერესო ინფორმაცია მივიღე, არამედ ძალიან სასარგებლო და გამოყენებადიც. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ გამომიგზავნეს სერტიფიკატი, ამ ცოდნას დაემატა ჩემი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით და ახლა ვფიქრობ, რომ პერსონალური ბრენდინგი კარიერული წინსვლის აუცილებელი ელემენტია.

თითოეული ადამიანი, უნდა თუ არა ეს, ქმნის საკუთარ იმიჯს საზოგადოებაში სხვადასხვა გზით. სწორედ ეს არის თვითბრენდინგი – თუ როგორ წარმოაჩენ საკუთარ თავს ონლაინ სივრცესა თუ რეალურ გარემოში: იმიჯი, საუბარი, მიმოწერის კულტურა, დამოკიდებულება სხვების მიმართ და ა.შ. თვითბრენდინგით ,,ვყიდით” ჩვენს თავს, ვაწვდით მას პოტენციურ დამსაქმებლებსა და პარტნიორებს, ის არის ჩვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღები. პერსონალური ბრენდინგით ვაშენებთ ჩვენს თავს როგორც ბიზნესს, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ საკუთარ თავზე მუშაობის დროს.

  1. სოციალურიმედია

დღევანდელ სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო გამოყენებადი და პოპულარული გახდა სოციალური ქსელები, როგორც პროფესიული (LinkedIn), აგრეთვე ნაკლებად ოფიციალური (Facebook), მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ნებისმიერი ჩვენი პროფილი მეტყველებს ჩვენზე და როდესაც მომავალი პარტნიორები თუ დამსაქმებლები ცდილობენ ინფორმაციის მოძიებას, ისინი პირველ რიგში სოციალურ ქსელში გვეძებენ. ამიტომ, ეცადეთ თქვენი პროფილი იყოს შესაბამისობაში თქვენს იმიჯთან, პროფესიასთან და იმ ,,ადამიანთან”, როგორსაც გინდათ რომ საზოგადოება აღგიქვამდეთ.

  1. მიმოწერისკულტურა

ხშირად ადამიანებთან პირველი კომუნიკაცია ელექტრონული ფორმით გციწევს, იქნება ეს იმეილი თუ სხვა საშუალება, შესაბამისად, პირველი შთაბეჭდილებაც ამის მიხედვით უჩნდებათ ჩვენზე. სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: მეილებში დავიცვათ სტილი – მისალმება, შესავალი, ძირითადი შეტყობინება, დამშვიდობება. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ლაკონურები, მოკლედ გადმოვცეთ ძირითადი სათქმელი და ადრესატი არ დავაბნიოთ. აუცილებელია ქართული შრიფტის გამოყენება, აბზაცების დაცვა, ერთი ზომის ასოები, მაგრამ თუ ტექსტში რაიმე მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყოფა გვინდა, სასურველია ის ნაწილი გავამუქოთ. გარდა იმეილისა, ხშირად ლინკდინზეც და სხვა საიტებზეც გვიწევს საქმიანი კომუნიკაცია, ამიტომ ყველგან საჭიროა აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება.

  1. ჩაცმულობა

სიახლე არ არის, რომ ჩვენი ჩაცმულობა ბევრ რამეს ამბობს ჩვენზე. თქვენს სამოსს შეუძლია გასცეს ინფორმაცია – თქვენი საქმიანობის, ამბიციების, ემოციებისა და მხარჯველუნარიანობის შესახებ. ამ საკითხზე არაერთი სტატია თუ ნაშრომი არის გამოქვეყნებული, მათ შორის ფსიქოლოგ ჯენიფერ ბაუმგარტნერის წიგნი, რომელსაც იგი ,,ჩაცმის ფსიქოლოგიას” უწოდებს, წიგნის სახელწოდებაა ,,შენ ხარ ის რაც გაცვია: რას ამბობს სამოსი შენ შესახებ”. ავტორი თავის წიგნში განმარტავს არამარტო იმას თუ როგორ აფასებენ ფსიქოლოგები იმას თუ რა გვაცვია, არამედ იმასაც თუ როგორ შეუძლია სწორად შერჩეულ ტანისამოსს შემოიტანოს ,,სინათლე” ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაგვხადოს უფრო პროდუქტიულნი სამსახურშიც კი. შოპინგზე სიარული და ჩვენი მხარჯველობითი ქცევა ხშირად მოდის შინაგანი მოტივაციებიდან, როგორიცაა ემოციები, გამოცდილება და კულტურა – ამბობს ექიმი ბაუმგარტნერი. წიგნში ავტორი განიხილავს თუ რა მესიჯებს გავცემთ ჩვენი ჩაცმულობით და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტანსაცმელი ადამიანებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ჩვენი ტანსაცმელი გვეხმარება გამოვიყურებოდეთ ისე, როგორი სტატუსიც გვინდა რომ გვქონდეს – ასე რომ ყოველთვის იყავით ფორმაში და ეცადეთ გქონდეთ საკუთარი სტილი, რაც გამოგარჩევვთ სხვებისგან.

რომ შევაჯამოთ, პერსონალური ბრენდინგი არის წარმოდგენა თუ ვინ ხართ თქვენ და ის, თუ რა გინდათ რომ საზოგადოებამ შეიტყოს თქვენს შესახებ. კარგი თვითბრენდინგის მეშვეობით, ჩვენი პროფესიული საქმიანობა სხვებისთვის უფრო შესამჩნევი და დასამახსოვრებელი ხდება, ამით ვახერხებთ პირველი შთაბეჭდილების მოხდენას და ადამიანების ნდობის მოპოვებას მანამ, სანამ მოგვეცემა შესაძლებლობა ვაჩვენოთ ჩვენი პროფესიონალიზმი. უამრავი გზა არსებობს პერსონალური ბრენდინგის შესაქმნელად, მთავარია ავირჩიოთ სწორი და მარტივი საშუალება, რათა დავრჩეთ ადამიანების მეხსიერებაში.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას პერსონალური ბრენდი და დღევანდელ საზოგადოებაში, დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ამიტომ არც ერთი წუთი დასაკარგი არ არის, რომ იზრუნოთ საკუთარ იმიჯზე!

ავტორი: ომარ ტერტერაშვილი