შემოგვიერთდით

,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე

„ნიკორა” სუპერმარკეტების ქსელი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 265 სავაჭრო ობიექტს. 

ბახტრიონზე მცირე ხორც-პროდუქტებით დაწყებული ბიზნესს, დღეს 5000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. როგორც ,,ნიკორა” სუპერმარკეტების ქსელის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიკა ნოზაძემ გვითხრა, ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც მათ კომპანიაში  მუშაობას კიდევ უფრო საინტერესოს, დინამიურს და მიმზიდველს ხდის. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ,,ნიკორას სუპერმარკეტებში”  მიმდინარე სიახლეებზე.

HR hub: „ნიკორა სუპერმარკეტის” მაღაზიების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. თითქმის ყოველთვე ახალი მაღაზია იხსნება. როგორ ახერხებთ ასეთ მცირე დროში თანამშრომლების შერჩევასა და აყვანას?

მე ვფიქრობ, სწორედ ასეთი სწრაფი ტემპებით ზრდა და განვითარებაა ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რეალურად დღევანდელ  ცვალებად გარემოში ფასეული შესაძლებლობაა.

ჩვენ ვიზრდებით გეომეტრიული პროგრესიით და,  რა თქმა უნდა, არ არის მარტივი მცირე დროში დიდი რაოდენობის თანამშრომლების შერჩევა, ადაპტაცია, მომზადება და მათ განვითარებაზე ზრუნვა. თუმცა, კომპანიაში მოქმედი თანამედროვე მართვის მიდგომები, სიახლეებისადმი მიმღებლობა, ცვლილებებისთვის მზაობა და მოქნილი პროცესები ამარტივებს ამ სირთულეს.

თანამშრომელთა შერჩევისთვის დივერსიფიცირებულ არხებს ვიყენებთ:

  • გვაქვს პარტნიორული თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, პროფესიულ კოლეჯებთან. პერიოდულად,  ვაწყობთ დასაქმების ფორუმებს, სადაც ხდება წარმატებული სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების შერჩევა და დასაქმება.
  • გვაქვს დასაქმების კვირეულები, რომლის ფარგლებშიც ყველა მსურველს შეუძლია პირდაპირ გასაუბრებაზე მოვიდეს და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, იმავე დღეს გახდეს ჩვენიანი.
  • ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო არხი, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელია. ვინაიდან, ჩვენი არსებული თუ პოტენციური თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილი მილენიალების წარმომადგენელია, მათთან კომუნიკაციისთვის დიჯიტალ არხებს ვიყენებთ.
  • თბილისთან ახლოს მდებარე დასახლებულ ადგილებზე, გვაქვს პროექტი #გასაუბრებასახლთანუკეთესია. ჩვენ არ ვართ ის HR გუნდი, რომელიც მხოლოდ ოფისში, თუ შეხვედრების ოთახში ელის კანდიდატს. ჩვენ თავად მივდივართ დასაქმების მსურველებთან, სახლთან ახლოს, იქ, სადაც იხსნება „ნიკორა სუპერმარკეტის“ ფილიალი და გასაუბრებაც სახლთან ახლოს ტარდება. ეს პროცესს უფრო მოქნილს, სწრაფს და ეფექტურს ხდის. გარდა ამისა, კანდიდატები თავს უფრო მნიშვნელოვნად, დაფასებულად და თავიდანვე ჩვენიანებად გრძნობენ, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანია.
  • რადგან ჩვენთან ასაკი შეუზღუდავია, კომუნიკაციის არხის შერჩევისას X თაობის წარმომადგენლებსაც ვითვალისწინებთ და მათთან შეხვედრები ინტერვიუს ფორმატში, დასაქმების კვირეულისა თუ პროექტის #გასაუბრებასახლთანუკეთესია ფარგლებში სულ უფრო ინტენსიურად ხდება.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში და ამ ადამიანებში ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეხვდებით.

HR hub: რას სთავაზობთ თქვენს თანამშრომლებს განვითარებისა და დაწინაურების კუთხით?

„ნიკორა სუპერმარკეტში“ თანამშრომლის დაწინაურება ისეთივე სწრაფი ტემპით ხდება, როგორც კომპანიის ზრდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენივე გუნდის წევრის შესაძლებლობების დროული დაფასება და მათი სწორად მიმართვაა. დღეს კომპანიის მენეჯერების 80%-ს კარიერული განვითარების ეტაპები კონსულტანტიდან მენეჯერობამდე აქვს გავლილი. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი ტალანტია და ამ ტალანტების განვითარება კომპანიის მრავალწლიანი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია.

თანამშრომლებისთვის მუდმივად ტარდება უამრავი პროფესიული თუ უნარ-ჩვევების გაუმჯობესების ტრენინგები. სწავლებისა და განვითარების პროცესი აქ უწყვეტია. წარმატებულ თანამშრომლებს ხელს ვუწყობთ  სწავლასა და განვითარებაში და ვუფინანსებთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს. ყოველთვიურად ვიწვევთ სპიკერებს, რომლებიც საინტერესო და სასარგებლო თემებზე ესაუბრებიან ჩვენი გუნდის წევრებს.

სწავლასთან და განვითარებასთან ერთად გუნდური აქტივობებიც არ გვავიწყდება. ტრადიციული გუნდური ღონისძიებების გარდა, წარმატებული თანამშრომლების სამოგზაუროდ გამგზავრება, ასევე, ერთ-ერთი ფასეული ტრადიციაა. ამ პრაქტიკას კომპანია წლებია წარმატებით იყენებს. გარდა იმისა, რომ თანამშრომლებს work/life ბალანსის დაცვაში ვეხმარებით, აგრეთვე ხელს ვუწყობთ ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და შთაბეჭდილებების გაზიარებაში, საერთო ფასეულობების განმტკიცებაში.

HR hub: რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა თქვენთან დაიწყოს მუშაობა. აუცილებელია თუ არა ამისთვის გამოცდილება?

„ნიკორა სუპერმარკეტში“ მუშაობის დასაწყებად საჭიროა ორი ფაქტორი: სურვილი რომ გახდე ჩვენიანი და იყო მომხმარებელზე ორიენტირებული. ჩვენ მომხმარებელთან წარმატებული ურთიერთობის 20 წლიანი ისტორია გვაქვს, რომლის საყრდენიც ბრენდის მომხმარებლების სიყვარული და მათზე ზრუნვაა.

ადამიანს, ვინც ჩვენი გუნდის წევრი გახდება, მთავარია ეს 2 ძალა ამოძრავებდეს, სხვა პროფესიული თუ  დამატებითი უნარ-ჩვევების განვითარებაში ჩვენს ტრენინგ-ცენტრში დავეხმარებით. გვაქვს ადაპტაციის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს გუნდის ახალი წევრის სწრაფ ინტეგრაციას კორპორატიულ კულტურაში. ეს პროგრამები სრულიად გამოუცდელ ადამიანსაც კი ეხმარება იმაში, რომ სწრაფად გახდეს ჩვენიანი.

HR hubრამდენად უწყობთ ხელს სტუდენტებს მუშაობაში. ითვალისწინებთ მათ სასაწავლო განრიგს?

ყველა თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა იმუშაოს 7 საათიანი განრიგით, რაც რეალურად შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს დასაქმდნენ მათთვის სასურველ განაკვეთზე ისე, რომ დასაქმებამ სწავლაში ხელი არ შეუშალოთ.

HR hub: „ნიკორა სუპერმარკეტი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მის წარმატებას?

ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა. „ნიკორა სუპერმარკეტის“ ფასეულობები ამ ტრადიციებზე დგას.

და მაინც რა არის ის, რაც ჩვენს კომპანიას ხდის ძლიერს და წარმატებულს?

საკუთარი საქმის სიყვარული და მომხმარებელზე ზრუნვა კომპანიის მამოძრავებელი ძალაა და წლების მანძილზე კომპანია ურყევად იცავს ამ ფასეულობებს. კორპორატიული კულტურის მახასიათებლები კიდევ უფრო ძლიერს და კონკურენტუნარიანს ხდის ჩვენს ქსელს. აქ  არ არსებობს ჩარჩოები, გისმენენ ყოველთვის, იზიარებენ შენს ყველაზე არაორდინალურ იდეებსაც კი, არიან მეგობრულები და გულწრფელები, ფიქრობენ, რომ განვითარება ცვლილებებს მოაქვს, უხარიათ სიახლე და განსხვავებული აზრი.

HR hub: რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში?

2019 წლის მანძილზე „ნიკორა სუპერმარკეტი“ განახორციელებს ბევრ განსხვავებულ და საინტერესო პროექტს, როგორც მომხმარებელებისთვის, ასევე, თანამშრომლებისთვის. HR HUB-ს გპირდებით, რომ გაგიზიარებთ ჩვენს სიახლეებსა და გამოწვევებს, მიღწევებსა და გამოცდილებებს.

სხვადასხვა საინტერესო პროექტი თავად დაარწმუნებს მომხმარებლებს და პოტენციურ თანამშრომლებს რომ #ჩვენთანუკეთესია.