შემოგვიერთდით

ახალი ქართული საბავშვო ბრენდი ,,ნანინა”

,,იავნანა” ბავშვობაში ერთხელ მაინც უმღერიათ ყველა ჩვენგანისთვის. მის ტექსტში არის ასეთი სიტყვა – ნანინა, თუმცა ახლა  არა სიმღერაზე, არამედ კომპანიაზე მინდა გესაუბროთ, რომელსაც ,,ნანინა” ჰქვია.

,,ნანინა’’ – საბავშვო ტექსტილის, საღამურების და აქსესუარების ახალი ქართული ბრენდია, რომელიც პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნატურალური ბამბის ქსოვილებს იყენებს.  კომპანიის შექმნის იდეა და-ძმა კახა და თინათინ ლეკიშვილებს ეკუთვნით. უფრო ვრცლად ბრენდის შესახებ, თინათინი მოგვიყვება.
HR hub: თინათინ საიდან გაჩნდა ,,ნანინას” შექმნის იდეა?

ბრენდის შექმნის იდეა დაიბადა მაშინ, როცა ჩვენს ოჯახში ახალი პატარა წევრი შემოვიდა და ჩვენ თავად დავიწყეთ საბავშვო პროდუქციის მოძიება ბაზარზე. ამ პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ბაზარზე ფაქტობრივად არ მოიძებნება კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებულ პროდუქტს ხელმისაწვდომ ფასად. უცხოური ბრენდები, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილნი, მაღალი ფასების გამო  ხელმისაწვდომი არ არის საშუალო შემოსავლიანი მომხმარებლისთვისაც კი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქართველი დედებისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის პროდუქტი ადეკვატურ ფასად.

ჩემს ძმას განათლება ბიზნესის ადმინისტრირების განხრით აქვს მიღებული და საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს წარმოების სფეროშიც. რაც შემეხება მე,  ვარ კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, თუმცა ჩემს ძირითად პროფესიათან ერთად, ბავშვობიდან მიტაცებდა ხატვა და დიზაინი, შესაბამისად  ჩემი და ჩემი ძმის უნარების კომბინაციით შეიქმნა  განსაკუთრებული და ხარისხიანი ბრენდი – ,,ნანინა’’.

HR hub: რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში?

თინათინ ლეკიშვილი: ამ ეტაპზე, ვინაიდან ,,ნანინა’’  ,,start up’’  კომპანიაა, მასში მხოლოდ 5 ადამიანია დასაქმებული. იმისათვის, რომ წარმოება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, მოვალეობები მკაფიოდ გვაქვს გადანაწილებული – პროდუქტის დიზაინზე და ვიზუალურ მხარეზე მე ვარ პასუხისმგებელი, ხოლო წარმოების მენეჯმენტს ჩემი ძმა ახორციელებს, თუმცა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთმანეთთან შეთანხმებით ვიღებთ.

HR hub: რა გამოარჩევს თქვენს ბრენდს სხვებისგან?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ბაზარზე არსებული კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ხარისხის და ფასის იდეალურ კომბინაციას. გარდა ამისა, ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს მშვიდი ძილი, შესაბამისად მისი საძინებელი კუთხის მოწყობისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი – ქსოვილი, ფერთა გამა, რაზეც დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი არ შეიცავდეს ისეთ დეტალებს, რომელმაც შესაძლოა ფიზიკური ზიანი მიაყენოს ბავშვს.

HR hub: სად შეიძლება თქვენი პროდუქტის შეძენა?

პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ სივრცეშია შესაძლებელი. კერძოდ კომპნია ,,ნანინა’’-ს ოფიციალურ facebook-ისა და ინსტაგრამის გვერდზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქართულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმასთან ჩვენი პროდუქციის განთავსებასთან  დაკავშირებით.

HR hub: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დღესდღეობით დანამდვილებით ვიცით, რომ გვინდა ჩვენი პატარა სახელოსნო-ატელიეს გაკეთება, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა იმ დანადგარით, რაც  ჩვენი პროდუქციის წარმოებისთვის არის საჭირო. ასევე ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა და მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. ვგეგმავთ ასევე პატარა მაღაზიის გახსნას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიის ზრდასთან ერთად შევძლებთ სამუშაო ადგილების შექმნასაც.