შემოგვიერთდით

როგორ დავსაქმდეთ Retail Group Georgia-ს ახალ ბრენდულ მაღაზიებში?

28 სექტემბერს,  საბურთალოს City Mall-ში Retail Group Georgia-ს 14 ახალი მაღაზია გაიხსნება. კომპანიამ სხვადასხვა პოზიციაზე 220 ვაკანსია უკვე გამოაცხადა. Retail Group Georgia ახალ სავაჭრო ცენტრში ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებს ხსნის, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Bershka, Pull & Bear, Stradivarius, Oysho, Mango, Aldo, Monsoon & Accessorize, US Polo, Charles & Keith, Flormar, Zippy და La Vie en Rose. 

გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მოთხოვნებსა და თანამშრომლების განვითარებაზე ვესაუბრეთ Retail Group Georgia-ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნატო კვაჭანტირაძეს. 

HR hub: ნატო რომელ პოზიციებზე გაქვთ 220 ვაკანსია?

14 ახალი მაღაზიის შემომატებით, კომპანიაში უამრავი ვაკანსია გაჩნდა. ყველა პოზიციის სრულად შესავსებად გვჭირდება 220 ახალი თანამშრომლის აყვანა სხვადასხვა პოზიციაზე. ძირითადად თანამშრომლებს ვეძებთ სასტარტო პოზიციებზე, როგორიცაა გაყიდვების კონსულტანტი სრულ და ნახევარ განაკვეთზე, ასევე დაინტერესებული ვართ სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებით, რომლებიც დარბაზის მენეჯერის, დეპარტამენტის მენეჯერის, მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის და მაღაზიის მენეჯერის პოზიციას დაიკავებენ.

 

შეავსეთ აპლიკაცია 20 სექტემბრამდე.

HR hub: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები?

სასტარტო პოზიციებზე ჩვენ კანდიდატებისგან მხოლოდ კეთილგანწყობას, შრომის სურვილს და ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარულს ვითხოვთ. ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის განწყობა და მიზნების მიღწევის მაღალი მოტივაცია, ასევე პოზიტიური დამოკიდებულება კოლეგებისა და მომხმარებლების მიმართ. გვიხარია და ძალიან მოგვწონს, როდესაც ჩვენთან მოსული სამსახურის მაძიებელი აქტიური და კომუნიკაბელურია, სჯერა საკუთარი თავის და არ ეშინია გამოწვევების. სასურველია ფლობდეს უცხო ენას, რადგან ეს  ჩვენს კომპანიაში კარიერის გასაგრძელებლად დასჭირდება.

კანდიდატების განხილვისას დეპარტამენტის მენეჯერის ან მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ვითვალისწინებთ უმაღლესი განათლების, ინგლისური ენისა და მართვის გამოცდილების ქონას, ასევე ვიტყვი რომ ნებისმიერ პოზიციაზე აპლიკანტის განწყობა და კომპანიის კულტურასთან შესატყვისობა მნიშვნელოვანი ფაქტორია შერჩეულ კანდიდატებში მოსახვედრად.

HR hub: რამდენად შესაძლებელია სტუდენტებმა სწავლა თქვენთან მუშაობას შეუთავსონ? გაქვთ ნახევარ განაკვეთზე ვაკანსიები?

ჩვენი სამუშაო ძალის დიდი რესურსი სწორედ, რომ სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. გვაქვს ვაკანსიები როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე, სადაც სამუშაო გრაფიკი ძალიან მოქნილია და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა და მუშაობა ერთმანეთთან თავისუფლად შეათავსონ.

HR hub: როგორი სამუშაო გარემოა და რა უპირატესობებით სარგებლობენ თქვენი თანამშრომლები?

ხშირ შემთხვევაში სასტარტო პოზიციებზე სამსახურის მაძიებლისთვის ჩვენ პირველი დამსაქმებლები ვართ და ამიტომაც ვგრძნობთ იმ დიდ პასუხისმგებლობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველი სამუშაო გარემო თანამშრომლის მომავალი სამუშაო კულტურისა და ეთიკის ჩამოყალიბებაში.

ჩვენთან ჯანსაღი კონკურენციაა, მუდმივად ტარდება სხვადასხვა შეჯიბრი. ჯილდოვდება და აღინიშნება ყველა პოზიტიური ქცევა, ვუსმენთ თანამშრომლებს, ვატარებთ სხვადასხვა ტიპის შიდა კვლევას, ვცდილობთ გავიგოთ მათი სურვილები და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სამუშაო პროცესში, რათა წლიდან წლამდე კმაყოფილების დონე გავზარდოთ. სამუშაო პროცესი მუდმივად სიახლეებს გულისხმობს და ეს ტემპი მოწყენის შესაძლებლობას არავის აძლევს. ერთგვარი გამოწვევაა ამ სწრაფი რიტმისთვის ფეხის აწყობა.

წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება თანამშრომელთა გადამზადება პროდუქტის, პროცესებისა თუ მისი პოზიციისთვის საჭირო სხვა უნარების გაძლიერების კუთხით.

HR hub: რა გზა უნდა გაიაროს თანამშრომელმა კონსულტანტობიდან მაღაზიის მენეჯერობამდე და რამდენად ხშირად გაქვთ ასეთი შემთხვევები?

დაწინაურებისას ყოველთვის პრიორიტეტი ენიჭება შიდა რესურსს და ასე  ხდება 2012 წლიდან. განსაკუთრებული შემთხვევებია, როდესაც ერთდროულად ბევრ მაღაზიას ვხსნით და მაღალ პოზიციებს არსებული რესურსით სრულად ვერ ვავსებთ, მაგალითად როგორც ახლა. ასეთ დროს ყველა პოზიციაზე გვაქვს ვაკანსია გარე კანდიდატებისთვის.

HR hub: რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც სამსახურის ძიებაშია. რატომ უნდა გაააკეთონ არჩევანი თქვენზე?

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მიზანმიმართულ, პოზიტიურ თანამშრომლებს, რომლებიც ისწავლიან ძალიან ბევრს, გაიცნობენ უამრავ საინტერესო კოლეგას, გამოიმუშავებენ საკუთარ შემოსავალს და გაიკვალავენ გზას წარმატებისკენ. თუ თვლით, რომ ასეთი სიახლე აუცილებელია თქვენს ცხოვრებაში, შეავსეთ აპლიკაცია და გასაუბრებაზე შევხვდებით.