ზაფხული ის პერიოდია, როცა კომპანიაში ყველა შვებულებაშია, ისვენებს ან ფიქრობს გართობასა და დასვენებაზე.
„ევროპაბეთში“ რასაკვირველია შვებულებების პოლიტიკა რეგულირებულია, რომ ყველამ შეძლოს კანონმდებლობით გასაზღვრული დასვენების ლიმიტების სრულად ათვისება, მაგრამ მაინც არიან ადამიანები ვინც ზაფხულის დასაწყიში დაისვენეს ან სექტემბერში გეგმავენ შვებულებას და აგვისტოში, ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს ოფისში ატარებენ.
სწორედ ამ გარემოებამ მიიყვანა მენეჯმენტი იდეამდე, რომ მოეწყო ზაფხულის შვებულება მათთვის, ვინც აგვისტოში ოფისს შემორჩა.
განსხვავებით ყველა სხვა წვეულებისა, რომელსაც ძირითადად HR დეპარტამენტი აორგანიზებს, ეს წვეულება თითქმის სრულად ორგანიზებული იყო თანამშრომლების მიერ. შესაბამისად მათმა ჩართულობამ მთელი კვირის მანძილზე შექმნა საზეიმო და მხიარული გარემო.
გადანაწილდა ფუნქციები დეპარტამენტებზე. მაგალითად მარკეტინგი პასუხისმგებელი იყო კვებაზე, კომერციული განყოფილება – დეკორაციაზე და გართობაზე, სპორტის დეპარტამენტი – სასმელზე, აიტი დეპარტამენტი – მუსიკალურ მხარდაჭერაზე.
დეკორაციები, კომპანიის თანამშრომლებმა ხელით შექმნეს. ოფისში მიიტანეს ყვითელი ქვიშა და დაყარეს ბანერის წინ. ასევე საკუთარი ხელით დაამზადეს კოქტეილები.
წვეულების ასეთმა ორგანიზებამ გარდა მხიარული განწყობისა, თანამშრომელთა ფარული ნიჭებიც გამოავლინა. დეკორაცია წვეულების წინა ღამეს ააწყვეს და ღამის ცვლაში მისული თანამშრომლები დაბნეულები ბრუნდებობდნენ ოფისის კარისკენ შესასვლელი ხომ არ შეგვეშალაო.
ღონისძიებამ მხიარული თამაშების თანხლებით ჩაიარა და რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპაბეთში“ საერთოდ არ არის ჩაცმის სტილის ოფიციალური სტანდარტი და თანამშრომლები მათთვის სასურველი სტილით იმოსებიან, ამ პარასკევს საზღვაო სტილითაც იყო დაშვებული ოფისში მისვლა.
ამ და სხვა კორპორატიულ ღონისძიებებზე ვესაუბრეთ „ევროპაბეთის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თამარ ქლიბაძეს.
HR hub: რამდენად ხშირად გაქვთ კორპორატიული ღონისძიებები?
კორპორატიული წვეულება ჩვენს კომპანიაში გახლავთ წელიწადში 2 ჯერ, ზაფხულისა და ზამთრის ღონისძიებების სახით. ზაფხულის წვეულება უფრო სპორტული აქტივობებითაა დატვირთული და ზამთრის გასართობი და სანახაობითი სახისაა.
HR hub: კიდევ რა გუნდური აქტივობები გაქვთ წლის განმვალობაში?
ჩვენს ოფისში ხშირად ეწყობა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც თანამშრომელთა შვილებიც არიან ხშირად ჩართულნი.
ყოველ წელს გვაქვს ბავშვთა ღონისძიება, ზამთარში საშობაოდ და ივნისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი.
ასევე, ქალთა საერთაშორისო დღისა თუ სისხლის დონორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. თანამშრომლები აქტიურად და სიამოვნებით ერთვებიან სხვადასხვა კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ მიძღვნილ აქტივობაშიც.
HR hub: როგორ ფიქრობთ რა არის გუნდის წევრების დაახლოების ყველაზე კარგი საშუალება?
რასაკვირველია ყველა ის აქტივობა რასაც კომპანია თანამშრომელთა ბედნიერებისთვის ახორციელებს, მაგრამ ყველაზე მთავარი კორპორატიული კულტურაა, უშუალო და გახსნილი გარემო, რომელიც ყველა დასაქმებულს აძლევს გამოხატვის თავისუფლებას და ქმნის მეგობრულ და უკონფლიქტო გარემოს.