მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, ანა ფოცხვერაშვილი – Haworth – ის ტალანტებისა და ტრენინგების სპეციალისტი.
ანას კარიერა საერთაშორისო ბრენდებში მუშაობას უკავშირდება, მათ შორის Vodafone-ში. მუშაობს საზღვარგარეთ, თუმცა საკუთარი ქვეყნისთვისა და პროფესიისთვის სასარგებლო საქმეს მაინც, დისტანციურად, აკეთებს. ის HR hub Next – ის მენტორია და პროქტის ფარგლებში უკვე არაერთ ახალგაზრდას გაუწია მენტორობა. ანა ფოცხვერაშვილს მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
HR hub: როგორ დაიწყო თქვენი პირველი კარიერული გამოცდილება და როგორ განვითარდა ის დროთა განმავლობაში?
პირველი პროფესიული გამოცდილება კარფურში ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში სტაჟირებით დავიწყე. მახსოვს ბაკალავრიატი ახალი დამთავრებული მქონდა და საინტერესო პროფესიულ გამოწვევას ვეძებდი. დარწმუნებით არ ვიცოდი რა მინდოდა, თუმცა ის ნამდვილად ვიცოდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა მინდოდა. სწორედ ასე აღმოვჩანდი HR დეპარტამენტში. რამოდენიმე წელი საქართველოში ადგილობრივ კომპანიებში ვიმუშავე, ამის შემდეგ კი გადავწყვიტე აკადემიური ცოდნა გამეღრმავებინა და მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება შემეძინა საზღვარგარეთ. მოვიპოვე სტიპენდია უნგრეთში, ბიზნესის განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც მალე სტაჟირება კომპანია ვოდაფონში მოჰყვა. ვოდაფონში 3 წელი ვიმუშავე HRM-ის სხვადასხვა ფუნქციებში და ორჯერ დავწინაურდი ამ წლების განვალობაში.
HR hub: რა არის ყველაზე ფასეული გამოცდილება, რაც Vodafone- ში მუშაობამ მოგცათ და რასაც ყოველთვის გამოიყენებთ კარიერაში?
Vodafone ჩემთვის პირველი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება იყო და ალბათ ყველაზე ფასეულიც კი. ორგანიზაცია ძალიან დინამიური იყო. პროცესების, ადამიანების, სისტემების ცვლილება ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ალბათ სწორედ მათთან სწრაფი ადაპტაცია იყო ის ერთ-ერთი ღირებული რასაც ყოველთვის გამოვიყენებ ჩემს კარიერაში. ვმუშაობდი განსხვავებული კულტურისა და გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილებში მყოფ ადამიანებთან, რაც დამეხმარა პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდაში.
მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სწორედ ესაა რასაც ყველაზე ღირებულად მივიჩნევ ცხოვრებაში.
HR hub: თქვენ HR hub Next – ის მენტორი ხართ, როგორი ემოციაა როდესაც გამოცდილებას ახლა უკვე დამწყებ კოლეგებს უზიარებთ?
HR hub Next – ის იდეა ძალიან მომწონს და გახლავართ მისი დიდი გულშემატკივარი. მიყვარს ძალიან ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და ამას ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებ. HR hub Next- ში ის აუდიტორიაა წარმოდგენილი, სადაც ზოგს გადაწყვეტილი აქვს HR მიმართულებით წასვლა, ზოგიც კი დარწმუნებული არაა ჯერ ამაში.
სწორედ ესაა ჩემი მიზანი დავანახო ჩემს მომავალ კოლეგებს თუ რამდენად შემოქმედებითი და საინტერესოა ადამიანური რესურსების მიმართულებით მუშაობა.
კოლეგებს განსაკუთრებით აინტერესებთ ხოლმე საზღვარგარეთ არსებული საუკეთესო პრაქტიკების მოსმენა და ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. მინდა რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული გამოცდილება დაინერგოს საქართველოში და უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანა.
HR hub: მოგვიყევით, როგორ გადაიკვეთეთ Haworth-სთან და რას გულისხმობს თქვენი სამუშაო პოზიცია. ასევე, რას საქმიანობს კომპანია?
სულ მინდოდა ტრენინგებისა და ტალანტების მიმართულებით პროექტებსა და პროგრამებზე მემუშავა და შესაბამისად ვეძებდი ახალ სამუშაო გამოწვევას ამ მიმართულებით.
სწორედ საჭირო დროს გამოჩნდა Haworth. ძალიან ინსპირაციული დაარსების ისტორია აქვს ორგანიზაციას რომელიც 1948 წლიდან სახლში არსებული ავტოფარეხიდან იწყება, სადაც მშობლების დანაზოგიდან ნასესხი 10 000$-ით სკოლის მასწავლებელი G.W Haworth (შემდგომში კი ორგანიზაციის დამაარსებელი) იწყებს ხეზე მუშაობას, რაც საბოლოოდ ვითარდება საოფისე ავეჯის წარმოებით. დღესდღეობით ორგანიზაცია ლიდერია ინტერიერის დიზაინსა და მაღალი კლასის საოფისე ავეჯის წარმოებაში და ოპერირებს გლობალურად 127 ქვეყანაში. ორგანიზაციაში მკვეთრად იგრძნობა მაღალი კორპორატიული კულტურა და ოჯახური გარემო, სადაც თანამშრომლები მოხსენიებულები არიან როგორც ოჯახის წევრები.
ჩემი პოზიცია გულისხმობს ტალანტების განვითარების და ტრენინგ პროგრამების შექმნასა და განვითარებაში გლობალურად ევროპისა და აზიის კონტინენტებზე.
ჩემი მიზანია ორგანიზაციის შიგნით თანამშრომებს უფრო მეტი პროფესიული თუ პიროვნული განვითარების საშუალება შევთავაზო და მათი სამუშაოთი კმაყოფილება მაქსიმალურად გავზარდო.
HR hub: საზღვარგარეთ ჩვენს სფეროში დამკვიდრებამარტივი ნამდვილად არ არის. რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს? რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ იმისათვის, რომ ამჟამინდელი პოზიციისთვის მიგეღწიათ
საზღვარგარეთ ცხოვრებას ნამდვილად ახლავს სირთულეები თუ გამოწვევები, თუმცა მე მიყვარს ეს პროცესი. ამას დავარქმევდი ჩემთვის დიდ კომფორტის ზონას. სწორედ ამ პროცესმა ჩამომაყალიბა უფრო ძლიერ პიროვნებად და პროფესიონალად. ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ამ გზაზე იყო ყველაფერთან დამოუკიდებლად გამკლავება და დროის მენეჯმენტი. პარალელურად მიწევდა მუშაობა, სწავლა და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვა. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმლაურად ვიყო პროექტებში ჩართული, რასაც პიროვნული თუ პროფესიული განვითარების ერთ-ერთ დიდ შესაძლებლობად მივიჩნევ. ხშირად სწავლების შესაძლებლობები ერთხელ გვეძლევა ცხოვრებაში და ვფიქრობ ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, თუნდაც ეს პერსონალური დროის დათმობას მოითხოვდეს. ყველაფერმა ერთად საბოლოოდ პოზიტიურად იმოქმედა ჩემს კარიერულ ასპარეზზე.
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და უკავშირდება თუ არა ისინი საქართველოს?
რთულია მომავალზე ვისაუბრო ამ ეტაპზე, რადგან საკმაოდ სწრაფად ცვალებად გარემოში მიწევს ცხოვრება. სამომავლოდ მინდა გუნდის მართვის გამოცდილება შევიძინო და თეორიულად დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში განვახორციელო. ბევრ ტრენიგს თუ ვორკშოპს ვესწრები გუნდის ფორმირებასა და ლიდერობაზე და მაქვს ჩემეული წარმოდგენა გუნდის საუკეთესოდ მართვაზე.
საქართველოს რაც შეეხება, ვაპირებ სამომავლოდ დავბრუნდე და გავაგრძელო მუშაობა სამშობლოსთვის.