შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – კრედო ბანკს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ კრედო ბანკის პერსონალის შერჩევისა და ტალანტების მართვის განყოფილების უფროსის ნინო კევლიშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

კრედო ბანკი 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი ფინანსური ინსტიტუტია.  კომპანიაში კორპორატიული კულტურა წლების მანძილზე ჩამოყალიბდა და ბანკის ერთ-ერთ დიდ სიძლიერეს წარმოადგენს. გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა, ერთგულება, პასუხისმგებლობა, შედეგიანობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა ჩვენი კომპანიის დეკლარირებული ფასეულობებია, რაც თითოეული ჩვენგანის და კომპანიის კულტურის ძირითად ხაზს განსაზღვრავს.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

იყო პროფესიონალი რეკრუტერი ნიშნავს იყო ყველგან და ყოველთვის. ნებისმიერ წრეში, ახალ გაცნობილ ადამიანებთან, უნივერსიტეტში თუ მეგობრებთან ჩვენი აზრები ყოველთვის მიმართულია საუკეთესო კანდიდატის აღმოჩენისკენ. ახალი ნაცნობის შეძენისას, როცა ვინტერესდებით მისი პროფესიით და მოგვწონს პიროვნულად, სულ ვფიქრობთ სად შეიძლება გამოგვადგეს მისი რესურსი. რეკრუტერობას შევადარებდი ჟურნალისტის პროფესიას, ცნობისმოყვარეობა და ინტერესი მუდამ ჩვენი თანმდევია. ვფიქრობ შერჩევის მიმართულებით მუშაობა მუდმივი განვითარება და ახალი უნარების შეძენაა. როცა პრეტენზია გაქვს, რომ ნებისმიერი რანგის სპეციალისტის შერჩევა შეგიძლია ნებისმიერი სფეროდან, თავადაც უნდა იცნობდე პროფესიის თავისებურებებს, რაც განვითარებს და გეხმარება პროფესიონალად ჩამოყალიბდე.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

კარიერის დამწყებ საფეხურებთან მყოფი კანდიდატების შემთხვევაში გადამწყვეტი როლი მოტივაციას აქვს. თუ კანდიდატი ზრუნავს სივის მოწესრიგებული ფორმით გამოგზავნაზე, ემზადება გასაუბრებისთვის, ეცნობა კომპანიის შესახებ დეტალებს, ეს მის მოტივაციაზე მეტყველებს და ვფიქრობ ასეთ დროს წარმატების შანსი მეტია.

გამოცდილი კანდიდატების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კანდიდატის გამოცდილება პასუხობდეს ჩვენს საჭიროებებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კანდიდატი იზიარებდეს ჩვენს ღირებულებებს და ქონდეს ჩვენს კულტურასთან თავსებადობა. ჩვენთვის დიდ ღირებულებას ადამიანები ქმნიან და ამბიციაც გვაქვს ჩვენს გუნდში საუკეთესო ადამიანები მუშაობდნენ.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

არ არსებობს რეზიუმე რომელსაც არ განვიხილავ, ეს ჩემი როგორც რეკრუტერის ოქროს წესია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რეზიუმე მოსაწონია და რა თქმა უნდა უპირატესობა მოწესრიგებულ კანდიდატს ენიჭება.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

კრედო ბანკში მუშაობის დაწყება შესაძლებლობებთან ასოცირდება. თუ კანდიდატს აქვს მოტივაცია მიაღწიოს წარმატებას და არ იშურებს ამისთვის ძალისხმევას, ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ძალიან საინტერესო განვითარების ეტაპზე მყოფი კრედო გამორჩეულია თავისი გუნდურობით და ამ გუნდში ადგილის დაკავება ნებისმიერი კანდიდატისთვის საამაყოა.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

ხშირად მსმენია კანდიდატებისგან, რომ ბევრ გასაუბრებაზე ყოფილან და არაფერი გამოდის. როგორც წესი, კანდიდატები არ ცვლიან მიდგომას გასაუბრებიდან გასაუბრებამდე. ყველა ვაკანსიას მიუდექით ინდივიდუალურად, მოარგეთ რეზიუმე კონკრეტულ ვაკანსიას, მოემზადეთ გასაუბრებისთვის, წაიკითხეთ კომპანიის შესახებ დეტალები, მიიღეთ უკუკავშირი ახლობელი ადამიანისგან, სთხოვეთ დახმრება სივის დახვეწაში მეტად გამოცდილ მეგობარს, იკითხეთ სტატიები პროფესიული რჩევების შესახებ, ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალს – ეს ყველაფერი სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენს წარმატებას თავად ვქმნით.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.