300-მდე ვაკანსია 30 პოზიციაზე -„ევექსი კლინიკებმა“ დასაქმების მასშტაბური პროექტი დაიწყო.
პროექტის შესახებ HR hub „ევექსი კლინიკების“ ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსს თეა მეფარიძეს ესაუბრა.
HR hub: თეა საიდან გაჩნდა დასაქმების მასშტაბური პროექტის შექმნის იდეა?
ევექსი კლინიკები ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ყველაზე მსხვილი კომპანიია და ჩვენი მიზნები ამ სფეროში საკმაოდ დიდია. ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში და ამისათვის, ბევრი მიმართულებით კომპანია სხვადასხვა მსხვილ პროექტს ახორციელებს.
ჩვენი კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ახლა 3500-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს. ახალი სტრატეგიის მიხედვით, ჩვენი მიზანი კლინიკური ხარისხის გაზრდა და მომსახურების დონის განვითარებაა. გვინდა, რომ გავხდეთ სერვისზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულები, კიდევ უფრო მეტად შევიგრძნოთ ის საჭიროებები, რაც ამ მიმართულებით არსებობს და მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვის სერვისები.
HR hub: რა მიზანს ემსახურება ეს პროექტი?
როგორც იცით ჩვენ 300-მდე ვაკანსია გამოვაცხადეთ 30 პოზიციაზე. ჩვენი მიზანია შევარჩიოთ ადამიანები, რომლებიც აგვყვებიან განვითარების ეტაპებზე, ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად იშრომებენ პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებისთვის და მათთვით ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება პაციენტებზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს და მათთან ერთად ვგეგმავთ მასშტაბურ ცვლილებებს.
HR hub: ძირითადად რა სახის ვაკანსიებია წარმოდგენილი?
როგორც უკვე ვახსენე ვაკანსიები გვაქვს სამედიცინო, ადმინისტრაციულ და მენეჯერულ პოზიციებზე. ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა პროფილის ექიმს, მათ შორის, ზოგად ქირურგს, ოჯახის ექიმებს, ლაბორატორიის მედდას, ენდოკრინოლოგს, გასტროენტეროლოგს, ანესთეზიოლოგს, ენდოსკოპისტს, ზოგადი პროფილის მედდებს და ა.შ. გვაქვს სხვადასხვა პოზიციები ადმინისტრაციული მიმართულებით. ასევე, ვაკანსიები გამოცხადდა საკმაოდ მაღალ მენეჯერულ პოზიციებზეც, როგორებიც არის ქსელის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ინთერნალ ბრენდინგის მენეჯერი, გაყიდვების სამსახურის უფროსი და ა.შ.
HR hub: რა ფორმით არის შესაძლებელი განაცხადების გაკეთება?
ყველა ვაკანსია განთავსებულია ევექსი კლინიკების ვებგვერდზე, ლინკზე: https://evexclinics.ge/ka/vacancies/0/0/1/. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის საჭირო ვაკანსიაზე ნახოს ინფორმაცია და თუ მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეესაბამება გამოცხადებულს, რეზიუმე ატვირთოს შესაბამის ველში. ამის შემდეგ მოხდება შემოსული რეზიუმეების გადარჩევა და სტანდარტულად, შერჩეულ კანდიდატებთან შემდგომი ეტაპების დაგეგმვა.
HR hub: როდემდეა რეგისტრაციის ვადა?
ამ ეტაპზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერია. სწორედ 15 ნოემბრამდე შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ევექსი კლინიკებში დასაქმების შესაძლებლობის გამოყენება და 300-მდე პოზიციაზე საკუთარი რეზიუმეს გამოგზავნა.
HR hub: რას ეტყოდით სამუშაოს მაძიებლებს, რატომ უნდა დაიწყონ თქვენთან მუშაობა?
მინდა კიდევ ერთხელ ვახსენო, რომ ევექსი კლინიკების დასაქმების მასშტაბური კამპანიის მიზანი ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაა და ჩვენი გუნდის წევრები და ახალი თანამშრომლები თავად შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ საქმეში. დასაქმებულებს ჩვენ ვპირდებით საინტერესო საქმეს, მეგობრულ გარემოსა და მენეჯმენტს, შესაძლებლობებს გაზარდონ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და გუნდს, რომელიც ქმნის სწორ ღირებულებებს და ემსახურება ჯანსაღი მომავლის შექმნას.