შემოგვიერთდით

ჰიბრიდული კომუნიკაცია – თავსატეხი თუ შესაძლებლობა

Talent Flow-ს დამფუძნებელმა ლიკა ნოზაძემ და  Art Inception Georgia-ს დამფუძნებელმა გვანცა კიკალიშვილმა ახალი საავტორო კურსი – ჰიბრიდული კომუნიკაცია დაანონსეს.

კურსი ახალ რეალობაზეა მორგებული და უნიკალურია. დეტალებზე თუ რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს კურსს და ვისთვის არის განკუთვნილი ლიკა ნოზაძეს ვესაუბრეთ.

რატომ გადაწყვიტეთ ამ კურსის გაკეთება?

ლიკა: ეს კურსი პასუხობს იმ ახალ რეალობას, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ – ეს არის ჰიბრიდული სამყარო, სადაც ონლაინ და ოფლაინ კომუნიკაცია უკვე ერთდროულად მიმდინარეობს.

ზუსტად 1 წლის წინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოფისში დაბრუნება ადამიანებს ასე გაუჭირდებოდათ და აღარ გაეხარდებოდათ. მეორეს მხრივ, ასევე მიჭირდა იმის დაჯერება, რომ სახლში, კომფორტულ გარემოში ყოფნა ადამიანების შრომის ნაყოფიერებაზე არც თუ ისე პოზიტიურად აისახებოდა. პანდემიამ ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ეს გამოწვევები კიდევ უფრო რთული სამართავია ორგანიზაციებისთვის.

ჩვენ დღეს გვაქვს რეალობა, სადაც ონლაინ და ოფლაინ სივრცე არის new normal და ჩვენ გვჭირდება ორივეს ერთდროულად და ეფექტურად გამოყენება. ახლა ისე, როგორც არასდროს, გახდა საჭირო შიდა კორპორატიული კომუნიკაციის განვითარება. თანამშრომლებთან კომუნიკაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანი, რადგან დაიკარგა კორპორატიული კულტურის, ერთიანობის და ღირებულებების შეგრძნება ორგანიზაციებში. კომუნიკაცია ასეთ დროს არის ძალა, რომელიც კორპორატიული კულტურის ფასეულობების შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

მარტივი ფორმულა ამბობს, რომ ეფექტური შიდა კომუნიკაციები არის უკეთესი სამუშაო გარემო და მაღალი ჩართულობა, რაც თავის მხრივ იწვევს მაღალ პროდუქტიულობას და ეფექტურობას, რაც საბოლოო ჯამში, გამოისახება თანამშრომლის ბედნიერებასა და კომპანიის ფინანსურ წარმატებაში.

როგორი იქნება კურსი?

გვანცა: კურსი იქნება ჰიბრიდული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ რეალური მაგალითებით და როლური სავარჯიშოებით შევეცდებით ჰიბრიდული კომუნიკაციის გამოყენებას. თეორიული ნაწილი იქნება ონლაინ, პრაქტიკული სავარჯიშოები ჩატარდება ღია სივრცეში. ჯერ მაინც არ ვიტყვით კონკრეტულად სად, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება შეხვედრების ოთახები. ჩვენ გვინდა რეალურად ვაჩვენოთ ჩვენი კურსის მონაწილეებს, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებს გვაძლევს ჰიბრიდული კომუნიკაციის მოდელი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის. ახლა არის სინერგიის დრო, როცა ეფექტურად უნდა ვმართოთ კომუნიკაციის პროცესი ორივე სივრცეში, რათა სწრაფად მივაღწიოთ დასახულ გეგმებს.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

ლიკა: კურსი განკუთვნილია როგორც HR დეპარტამენტის, ისე მარკეტინგის და კომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ორგანიზაციის იმ წევრებისთვის, ვინც ახლა ან მომავალში იქნება პასუხისმგებელი შიდა ორგანიზაციულ, კორპორატიულ კომუნიკაციაზე. ასევე მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ჰიბრიდული კომუნიკაცია ახალი რეალობაა, რომელსაც რაც უფრო მალე მივიღებთ და გამოვიყენებთ, მით უფრო სწრაფად განვვითარდებით.

როგორ ხდება მიღება?

გვანცა: კურსზე მიღებისთვის საჭიროა მოტივაცია და სარეგისტრაციო ფორმის შევსება. ამ ეტაპზე ჯგუფში გვაქვს მხოლოდ 10 მონაწილის მიღების საშუალება მიმდინარე რეგულაციების გათვალისწინებით. კურსი გაგრძელდება 2 თვე, 25 ოქტომბრიდან 25 დეკემბრამდე, კვირაში 2ჯერ გვექნება 2 საათიანი სესიები. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://forms.gle/tCgiTe9WSsVKqEme9