შემოგვიერთდით

რა პროექტებს ახორციელებს ,,მენტორ ჰაბი” და როგორია მათი სამომავლო გეგმები

მენტორ ჰაბი უკვე 1 წელია ნერგავს მენტორინგის სისტემურ პროგრამებს, რომელიც პოზიტიურ ცვლილებას იწვევს საზოგადოებაში. HR hub ორგანიზაციაში მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, თეონა დალაქიშვილს ესაუბრა.

HR hub: მოგვიყევით მიმდინარე პროექტების/სერვისების შესახებ?

მენტორ ჰაბი უკვე 1 წლის გახდა, ამ 1 წლის მანძილზე შევძელით მოგვეზიდა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო პროექტი და პარტნიორი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან და იყენებენ ჩვენს სერვისებს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ჩვენი გუნდის თანამშრომლობის წარმატებული შედეგი. ჩვენი სახელმძღვანელო მენტორინგი ქალთა გაძლიერებისთვის უკვე გამოიცა და ხელმისაწვდომია ონლაინ: https://bit.ly/31yM9av

წიგნის პრეზენტაცია HR მენეჯერებისთვის შედგა ზაფხულში, ხოლო სექტემბერში განვაახლეთ კონსალტინგი შერჩეული კომპანიებისთვის, და ამ ეტაპზე 10 კომპანიაში ვნერგავთ მენტორინგს.

ასევე, ვმუშაობთ ახალგაზრდა მეწარმეებთან, რათა მათ შეძლონ მენტორების დახმარებით სოციალური საწარმოების დაფუძნება. წელს ასევე შევქმენით ახალი ფლენერები, ეს არის იდეაქეჩერი: ბლოკნოტი სტარტაპერებისათვის, რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება გაყიდვაში, და მენტორინგის პორტფოლიო, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ: https://bit.ly/3m5n92q

წელს ასევე დავიწყეთ  მაინდფულნესის პროგრამა ქალებისათვის, რომელიც ასევე, ძალიან მალე, ხელმისაწვდომი გახდება სახელმძღვანელოს სახით ჩვენს საიტზე. 

HR hub: როგორია საზოგადოების მხრიდან ჩართულობა და შეიცვალა თუ არა მიმდინარე მოვლენების გამო?

საზოგადოების მხრიდან ჩართულობა სააკმაოდ გაიზარდა. ორგანიზაციებმა დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თანამშრომლებსა და მენეჯმენტზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ უფრო აქტიურად წამოვიდა მოთხოვნა ჩვენი მენტორინგისა და მაინდფულნესის შეთავაზებებზე. დავიწყეთ ახალი პროექტები, და ბევრად უფრო აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კომპანიებისთვის თანამშრომლების განვითარების სწორი სტრატეგიის შექმნა იყოს უფრო მარტივი. კოვიდმა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ორგანიზაციის შიგნით. ჩვენი პროგრამებით ჩვენ მათ სწორედ ამ კულტურის დახვეწაში ვეხმარებით. 

HR hub: კოვიდმა ხომ არ შეგიშალათ ხელი იდეების განხორციელებაში?

ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია აქტიურად იყენებს დისტანციური მუშაობის მიდგომებს, რის გამოც, კოვიდი ჩვენთვის არ აღმოჩნდა გამოწვევა პროექტების განხორციელების კუთხით. პირიქით, უფრო მეტ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყო ჩვენი პროგრამების მონაწილე, რადგან საგანმანათლებლო კომპონენტის უდიდესი ნაწილი ონლაინ სივრცეში ხორციელდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ პირისპირ შეხვედრებს, თუმცა აუცილებლად შევინარჩუნებთ ონლაინ კომპონენტს ყველა რეალობაში.

HR hub: რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

უახლოეს მომავალში უამრავ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ. წელს პირველად ვუმასპინძლეთ მაინდფულნეს ბანაკს თუშეთში, და ეს იყო იმდენად წარმატებული აქტივობა, რომ ვფიქრობთ მინიმუმ ყველა სეზონზე დავგეგმოთ მსგავსი ბანაკი.

მალე ჩვენი კიდევ ერთი სახელმძღვანელო გამოიცემა, სადაც კომუნიკაციის და თვითზრუნვის პრაქტიკების ჩვენეულ მიდგომას გავაცნობთ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, და ასევე როგორც აღვნიშნე, სულ მალე გამოვცემთ იდეაქეჩერს, ფლენერს, რომელიც სტარტაპებს იდეების თავმოყრაში დაეხმარებათ.