ჰილტონ ბათუმი საქართველოში პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საუკეთესო სამუშაო ადგილის – „Great Place to Work®“ სერტიფიკატი მოიპოვა. მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ძალიან დიდი წარმატებაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰილტონ ბათუმი თანამშრომლებისადმი განსაკუთრებული მიდგომით ყოველთვის გამოირჩეოდა, რაც მენეჯმენტის დამსახურებაა. სასტუმროში მიმდინარე სიახლეებზე ,,ჰილტონ ბათუმის“ HR დირექტორს გენო ძიძიგურს ვესაუბრეთ.
HR hub: რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე და როგორ აისახება მისი ეფექტიანობა შედეგებზე?
ჰილტონ ბათუმში ჩვენი გუნდის წევრებისა და სტუმრების კეთილდღეობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი იყოს ბედნიერი, მუშაობდეს ჯანსაღ სამუშაო გარემოში და უხაროდეს სამსახურში მოსვლა. ჩვენ ვართ ბიზნესში, სადაც ადამიანები მუშაობენ ადამიანებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ბედნიერები არიან, ასევე არიან ჩვენი სტუმრებიც. ის, თუ რამდენად კარგად გამოგვდის ეს, გამოჩნდა უახლესი ჯილდოთი, კერძოდ, „Great Place to Work®“ სერტიფიკატით. მსოფლიო ორგანიზაციის „Great Place to Work®“-ის აღიარება საამაყოა ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. ეს არის დასტური იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ და რას ვემსახურებით, რომ შეგვწევს კოლექტიური უნარი, შევქმნათ სამუშაო გარემო, რომელიც ორიენტირებულია ბედნიერ თანამშრომელზე, რომლისთვისაც მუდმივი განვითარების და კარიერული ზრდის გზა ჩაუხერგავია.
ჩვენ ვაგრძელებთ, ჰილტონის, როგორც გლობალური ქსელის კურსს და წარმოვაჩენთ მის თავდადებას მრავალფეროვნების, ინკლუზიური გარემოს შექმნისა და თანამშრომლების კეთილდღეობის მიმართ. ჰილტონი უკვე 100 წელზე მეტია, რაც სტუმართმოყვარეობის სათავეშია თავისი გუნდის წევრებითა და სტუმრებით, რომლებიც ენდობიან ჰილტონს, როგორც სამუშაოსა და დარჩენისთვის უსაფრთხო ადგილს.
HR hub: პანდემიაზე კითხვას გვერდს ვერ ავუვლით, რა მთავარი გამოწვევები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სასტუმროს კარის დაკეტვა მოგვიწია 2,5 თვით. გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ჩვენი გუნდის წევრების მხარდასაჭერად ამ რთული პერიოდის განმავლობაში, ამიტომ შევქმენით სპეციალური კომიტეტი, რათა დახმარების ხელი გაგვეწია იქ, სადაც საჭირო იყო ფინანსური დახმარება ან საკვებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. სასტუმრის დახურვის შემდეგ, ჩვენ მივაწოდეთ 4 000 კგ საკვები და სასმელი, ასევე ფინანსური დახმარება გავუწიეთ გუნდის 120 წევრს. სწორედ ჩვენი თანამშრომლები ავრცელებენ სტუმართმოყვარეობის სინათლეს და სითბოს. ამ პროექტით გვინდოდა კვლავ დაგვენახა ღიმილი მათ სახეებზე, გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ვზრუნავთ, გვეთქვა მადლობა იმ დიდი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველთვის გასწევდნენ. ამ პროექტით ჩვენ შევძელით მათ სახეებზე ღიმილი ისევ დაგვენახა და მადლიერება გამოგვეხატა იმ წარმოუდგენელი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველთვის გასწევდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნულმა პროექტმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის წევრების მხარდასაჭერად და იმის საჩვენებლად, რომ ისინი ნამდვილად დაფასებულნი არიან.
HR hub: HR პროექტი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ …
გამოვყოფდი ჩემთვის სამ ყველაზე საამაყო და საყვარელ პროექტს: განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა, გუნდის ახალი წევრების წითელ ხალიჩაზე დახვედრის გამოცდილების შექმნა და ადგილობრივ პროფესიულ კოლეჯში ჰილტონ ბათუმის ოთახის მოწყობა.
არ შეიძლება არ აღვნიშნო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების ხელმშეწმყობი პროგრამები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციას, ვინც გვერდში გვიდგას მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და ყველას ვთავაზობთ დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ამჟამად ჰილტონში სრულ განაკვეთზე დასაქმებული გვყავს სპეციალური საჭიროებების მქონე გუნდის 8 წევრი, რომლებიც ჩვენთან მოხვდნენ სხვადასხვა პროგრამით. დეპარტამენტების სია, რომლებშიც ისინი მუშაობენ, საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია: სამზარეულო, კომერციული, სპა, დაცვა და უსაფრთხოება, ფინანსური და სხვა. ასევე სასიხარულოა ის, რომ ჩვენმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა 2019 წლის დეკემბერში აჭარის დასაქმების სააგენტოსგან სპეციალური მადლობის სერტიფიკატიც მიიღო პროგრამაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ინტეგრირებას ყოველდღიურ სამუშაო ცხოვრებაში. გარდა ამისა, ჰილტონ ბათუმი, 2017 წელს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღნიშნული მიდგომებისა და კულტურის ქონის გამო.
2019 წელს ჩვენ დავნერგეთ ახალი თანამშრომლებისთის წითელ ხალიჩაზე დახვედრის გამოცდილება, რაც ქმნიდა დაუვიწყარ პირველად შთაბეჭილებას ნებისმიერი ახალი ჰილტონელისთვის სამუშაოს პირველივე დღეს, ეს იყო სიურპრიზი ყველასთვის. ნებისმიერი ახალი გუნდის წევრი სასტუმროში პირველ დღეს შემოდიოდა მთავარი შემოსასვლელიდან, სადაც მას წითელი ხალიჩის ირგვლივ ოვაციებით ხვდებოდა ჰილტონის მთელი გუნდი. ეს იყო შესანიშნავი რამ, რაც არასდროს გავიწყდება. აღნიშნული პროექტი პანდემიის ფონის შემსუბუქებისთანავე აღდგება.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალგაზრდების განვითარებაზე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ბათუმის პროფესიულ კოლეჯში – „შავი ზღვა“ გავხსენით ჰილტონ ბათუმის თანამედროვე სასტუმროს საოპერაციო ჰაბი, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ სტუმართმოყვარეობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები. ოთახი აღჭურვილია Hilton-ის სტანდარტების მქონე აღჭურვილობით და მასში მოწყობილია დალაგებისა და დასუფთავების, კევბისა და სასმელების და მიღება-განთავსების კუთხეები. ეს ოთახი ასევე ოფიციალურად არის ავტორიზებული აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ის დაეხმარა კოლეჯს დაენერგა სტუმართმოყვარეობის ახალი საგანმანათლებლო მოდული, რაც გამოიწვევს მეტად პროფესიონალურად გაზრდილ სტუდენტებს სასტუმროებისთვის.
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სამომავლოდ გავაგრძელებთ ინკლუზიური პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, ასევე მეტად ვიქნებით ჩართული დუალური პროფესიული პროგრამების განვითარებაში, რადგან, გვჯერა, აღნიშული პროგრამა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სარგებელს მოუტანს ქვეყანას და სამუშაო ბაზარს. მომავალი არის პროფესიული განათლების და ყველამ უნდა ჩავდოთ მაქსიმალური რესურსი მეტი კვალიფიციური კადრის მომზადებაში.
ასევე პრიორიტეტად, ტრადიციულად, ვისახავთ ჩვენი თანამშრომლების ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვას, შიდა პროგრამების შემუშავებას, როგორიცაა სასტუმროს მართვის 2 წლიანი პროგრამების განხორციელება, ქოუჩინგის პროგრამები და მრავალი სხვა. ამასთან, მთავარ მიმართულებად ვირჩევთ გუნდის წევრებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას, რადგან პოსტ პანდემიურ პერიოდში აუციელებელია ვიზრუნოთ ერთმანეთის მენტალურ ჯანმრთელობაზე გაჯანსაღების საშუალებების შექმნით.