შემოგვიერთდით

HR hub Next-ის წევრის თამუნა აბულაძის სტარტაპი ,,ემოცია”

თამუნა აბულაძე HR hub Next-ის მეორე ნაკადის წევრია. გამოირჩეოდა მუდმივი აქტიურობით და ენერგიულობით.

თამუნამ დააფუძნა სტარტაპი ,,ემოცია”, რომელიც ნატურალური ქვებისა და სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სამკაულებს გთავაზობთ. ჩვენ მას ვესაუბრეთ პროფესიული საქმიანობისა და ახალი წამოწყების შესახებ.

HR hub: თამუნა მოგვიყევი შენი პირველი სამსახურის შესახებ.

15 წელი ჯეოსელში ვიმუშავე. ჩემი პირველი სამსახური იყო, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მაგრამ დადგა დღე, რომელიც ყველას ცხოვრებაში დგება – როდესაც ცვლილებების დრო მოვიდა და ეს ნაბიჯი მეც უნდა გადამედგა. წამოვედი სამსახურიდან და გადავწყვიტე სრულიად შემეცვალა ჩემი ცხოვრებაც, რეჟიმიც და პროფესიაც. მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი და რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა, მომხმარებლებთან ურთიერთობა იყო. კორპორაციული კლიენტები კიდევ უფრო განსხვავებული სეგმენტია, რომლის მოთხოვნებიც და ხასიათიც ფაქტიურად ზეპირად უნდა იცოდე. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე და კომპანია, სადაც ვიყავი, სხვანაირად ძნელია, ამდენი წელი ხარისხიანად აკეთო შენი საქმე. ჰოდა, ჯეოსელიდან წამოსვლის მერე გადავწყვიტე, დამესრულებინა ჩემი კარიერა მომსახურების სფეროში და ახალი უნარები შემეძინა. როგორც აღმოვაჩინე, ამისათვის ჯერ ბევრი ახალი რამ უნდა გამეგო და მესწავლა.

HR hub: რატომ დაინტერესდი ადამიანური რესურსების სფეროთი?

ჩვენი კომპანიის მაღალი კორპორატიული კულუტურიდან გამომდინარე და თანამშრომლებზე ორიერნტირებული HR-ის გამო, დიდი სურვილი გამიჩნდა,  ჩემი ახალი პროფილი სწორედ HR ყოფილიყო. არ  დამავიწყდება, როგორ მგულშემატკივრობდა მარიკა ჯინჯოლავა – ჩემი ერთ-ერთი კორპორატიული კლიენტი და სულ მეუბნებოდა, რომ ამ სფეროში ყველაფერი გამომივიდოდა! სწორედ მარიკას რჩევით გადავდგი პირველი ნაბიჯი  ამ მიმართულებით და ეს იყო HR Hub Next. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, მოვხვდებოდი თუ არა ამ გუნდში, მაგრამ გამიმართლა და მართლაც დაუვიწყარი დასაწყისი იყო ჩემი ახალი კარიერისთვის. აქ გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და ისინიც, ვისთანაც წლები ვურთიერთობდი ტელეფონით, კორპორატიული კლიენტების რანგში და პირადად არ მყავდა ნანახი.

HR hub: როდის დაიწყე ხელნაკეთი ნივთების დამზადება?

მოკლედ, HR Hub Next-ის ერთ-ერთი შთაბეჭდავი ლექციის მერე, შეხვედრა მქონდა ნინო ჯინჯოლავასთან და სანამ შევხვდებოდი, საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. შემთხვევით აღმოვჩნდი ერთ მაღაზიასთან, სადაც ნატურალური ქვები იყიდებოდა.  ფერადი ქვების მერე პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ძალიან მაგარი მომსახურება და მომღიმარი გოგონა, რომელმაც შემატყო, რომ არაფერი ვიცოდი ამ სფეროში და დეტალურად ამიხსნა რა რისთვის იყო და როგორ უნდა გამეკეთებინა. ვიყიდე რაღაცეები და აღმოვაჩინე, რომ 2 საათზე მეტი ვყოფილვარ ამ მაღაზიაში და ჩემს შეხვედრაზე ვაგვიანებდი. საბოლოოდ შეხვედრა შედგა და საკმაოდ წარმატებით, მაგრამ მეორე დღეს ისევ მივადექი ამ მაღაზიას, იმ მომღიმარე გოგოს მოლოდინში, რომ კიდევ ახალ რაღაცეებს მაჩვენებდა და ამიხსნიდა. ასე გართობა-გართობაში დავიწყე საინტერესო სამკაულების შექმნა. ისე მათენდებოდა, რომ ვერც ვიგებდი.

HR hub: მოგვიყევი შენი სტარტაპის შესახებ.

საკმაოდ ძლიერი ანტისტრესია ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა (ეს გვიან გავიგე). ბოლოს იმდენი რამ დამიგროვდა, რომ სკივრში აღარ მეტეოდა. ბევრიც გავაჩუქე, მაგრამ დამზადებას ვერ ვწყვეტდი, რადგან უკვე მოთხოვნილებად მექცა ყოველ საღამო, სიჩუმეში და სასიამოვნო მუსიკის ფონზე შემეხამებინა ერთმანეთისთვის ნაირ-ნაირი მინერალები.  არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა საკუთარი სტარტაპის დაწყება ასე დაუგემავად, ამიტომ ამ სფეროშიც მომიწია რიგი ტრენინგების გავლა. დიდ ხანს ვემზადებოდი, რომ Facebook გვერდი შემექმნა, რომელიც სასიამოვნო დასათვალიერებელი იქნებოდა. მთელი ზაფხული თან ვატარებდი ჩემს დიდ სკივრს და სადაც მოვხვდი, ყველგან გადავუღე ფოტოები ნამუშევრებს.

რა თქმა უნდა პიველად შემთხვევით და ჩემი სიამოვნებისთვის დავიწყე ეს ამბები, ახლაც ამაზე მაგარი ანტისტრესი არ მეგულება, მაგრამ მერე, როცა გარშემომყოფების დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე სხვებისთვისაც გადამეცა ჩემი დადებითი ემოციები.

HR hub: რატომ დაარქვი ბრენდს სახელი ,,ემოცია”?

ბრენდის სახელზე ბევრი არ მიფიქრია, მე თვითონ ვგიჟდები ემოციების გამოხატვაზე და რა უნდა დამერქმია, თუ არა – ემოცია. ლოგოც თავად მოვიფიქრე და ბევრს ვხატავდი, სანამ საბოლოო მონახაზი არ მივიღე. ლოგოს გარშემო სასაცილო ისტორიებიც გვაქვს, რადგან ზოგი „მოიცას“ ან „მოციას“ კითხულობს, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, ე-მზეში იმალება და სითბოს ასხივებს. ბრენდის მთავარი გზავნილია #გადაეციემოცია რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დადებითი ემოციები პირველ რიგში აუცილებლად უნდა გამოვხატოთ და შემდეგ სხვებსაც გადავცეთ.

უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა გახარებულ სახეებს ვუყურებ საჩუქრის გახსნის პროცესში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პოზიტიური ენერგეტიკული მუხტი, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს გადასცეს. ამიტომ, თავიდან  გზავნილების პირადად დარიგება დავიწყე. პირველი ერთი კვირა,  მე თვითონ გადავცემდი ხელში შეკვეთას და ვაკვირდებოდი როგორ ხსნიდნენ და როგორ უხაროდათ. ალბათ თქვენც გამოგიცდიათ ის მაგარი შეგრძნება, როცა საჩუქარს ვჩუქნით და ველოდებით პირველ ემოციას… წარმოიდგინეთ: ლამაზი შეფუთვა, საჩუქრის გადაცემა, გახსნის პროცესი, გაბრწყინებული თვალები და ღიმილი სახეზე… ეს ჩვენი ყველაზე საყვარელი ემოციაა და რა თქმა უნდა, ჩვენი ბრენდიც ამას გულისხმობს, რომ ძლიერი და დადებითი ემოციები გამოვიწვიოთ თითოეულ ადამიანში. ვამზადებთ მხოლოდ დადებითი განწყობით და ვფიქრობთ იმაზე, ვინც მოირგებს ჩვენს სამკაულს: როგორია, რა უყვარს, რა მოეწონება, რომელი დეტალი დავამატოთ, სისადავე ხომ არ ჯობია… მოკლედ, არაა ადვილი საქმე, მაგრამ უზომოდ სასიამოვნოა – როცა ჩვენ სხვის ემოციას ვქმნით.

ძალიან გაგვახარებთ, თუ  გადმოგვცემთ თქვენს პირველ ემოციას, რომელსაც ჩვენი ნაკეთობის დანახვისას მიიღებთ. დიდი ემოციები ხომ პატარა დეტალებში იმალება.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap