შემოგვიერთდით

HR Partners 8 წლის გახდა

საკონსულტაციო-რეკრუტინგ კომპანია HR partners 2012 წელს დაარსდა ამ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერთა გუნდის მიერ.  

წლების მანძილზე კომპანია წარმატებულად თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან  კომპანიებთან. განვლილ წლებზე და კომპანიის საქმიანობაზე ვესაუბრეთ კომპანიის დამფუძნებელს ნინო ჯინჯოლავას.

HR hub: 8 წელი გავიდა HR Partners-ის დაფუძნებიდან. როგორ შეაფასებდი ამ პერიოდს?

დიახ, უკვე 8 წელი გავიდა, ეს არც ისე ბევრია, მაგრამ არც ისე ცოტა. როცა ვიწყებდით HR მიმართულებით კონსალტინგი და აუთსორსინგი საკმაოდ ახალი, უცხო სერვისი იყო. ყველა შიშით და უნდობლად უყურებდა. ამიტომ ამ პერიოდში გავიზარდეთ და განვვითარდით როგორც ჩვენ, ასევე ბაზარიც; ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და იცვლება ყოველდღიურად, რაც ძალიან კარგია და ჩვენც ვცდილობთ პულსზე გვედოს ხელი. ეს იყო სწავლის, ბევრი სიახლის, ბევრი ცდის, ბევრი ექსპერიმენტის, ბევრი წარმატების პერიოდი. დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვამაყობ HR Partners-ით და იმით, რომ მე მისი ნაწილი ვარ.

HR hub: მოგვიყევი შენი გუნდის შესახებ. ვინ არიან ეს ადამიანები?

ამ რვა წლის მანძილზე ბევრი გუნდის წევრი გვყავდა. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. მათ მე დღემდე „ჩემიანებად“ და HR Partners-ის გუნდად და გულშემატკივრად მივიჩნევ. რომ არა ისინი, კონკრეტულად იმ დროს როცა იყვნენ და მათი პროცესისადმი ინტერესი, პროცესით დაინტერესება, შრომა, ალბათ აქამდე ვერ მოვიდოდით. მე ვამაყობ თითოეული მათგანით, მიხარია, რომ ყველა დღემდე HR-ში დარჩა, ისინიც კი, ვინც სულ სხვა სფეროდან მოვიდა ჩვენთან. იმედი მაქვს ისინიც ამაყობენ იმით რომ HR Partners-ი იყო მათ ცხოვრებაში. საერთოდ მთელი ცხოვრება ძალიან მიმართლებს ადამიანებში, განებივრებული ვარ ძალიან კარგი ადამიანების გარემოცვით. ბევრს ვსწავლობ მათგან და არასოდეს ვცდილობ მათ რამე ვასწავლო. პირიქით, ვცდილობ იყვნენ ის ვინც არიან. ამჟამად ჩვენ 4 ვართ, აქედან 2 HR. სულ ძიების პროცესში ვართ, სულ ვცდილობთ განვვითარდეთ, დავიხვეწოთ, ვცდილობთ ჩვენთან ურთიერთობა შრომას უმსუბუქებდეს და კომფორტს უქმნიდეს ჩვენს მომხმარებელს.

HR hub: რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ხნის განმავლობაში?

გამოწვევა ალბათ იყო ის რომ ბაზრისთვის ახალ მომსახურებას ვთავაზობდით. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, რომლებმაც ჩემამდე დაიწყეს იდენტური ბიზნესები და გარკვეულწილად გამიკვალეს გზა ამ მიმართულებით. გვიწევდა ბევრისთვის ახსნა საერთოდ HR რას აკეთებს და საჭიროა საერთოდ თუ არა, – ვფიქრობ წარმატებით გავართვით თავი ამ მიმართულებით ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, თუმცა ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი და მიხარია რომ ახლა კიდევ უფრო ბევრი ვართ.

HR hub: შეგიძლია გვითხრა ციფრი სულ რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

ბევრი, ძალიან ბევრი, რაც ძალიან მიხარია. გვყავს ბევრი, ვისაც საწყის პოზიციებზე გავუწიეთ რეკომენდაცია და წლების შემდეგ, იმავე კომპანიების დირექტორების რანგში მომხმარებლებად დაგვიბრუნდნენ. ზუსტი ციფრებში გამოხატული სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა თითოეული მათგანი გვახსოვს და მიხარია როცა მათაც ვახსოვართ, – ასეთი ძალიან ბევრია.

HR hub: უამრავ კომპანიასთან გითანამშრომლია რეკრუტინგის მიმართულებით. რამდენად ადეკვატურია მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციასთან?

როგორც აღვნიშნე ამ რვა წლის მანძილზე ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა, შეიცვალა მოთხოვნებიც. ჩვენ დაკვეთას არ ვიღებთ, სანამ მომხმარებლის მოთხოვნებს არ გავიგებთ. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არაადეკვატური საკვალიფიკაციო მოთხოვნების უკან, ყოველთვის არაადეკვატური ადამიანები არ დგანან, ისინი უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალები არიან, საკვალიფიკაციო მოთხოვნების სწორად ჩამოსაყალიბებლად კი, ვარსებობთ ჩვენ. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს მომხმარებლებს, ვუსვამთ კითხვებს და მიხარია, რომ თითქმის უმრავლესობასთან ვაღწევთ შეთანხმებას, ჩვენს რჩევებს ითვალისწინებენ და შედეგიც არ აყოვნებს ხოლმე.

HR hub: პრობლემა, რომელსაც ყველაზე ხშირად აწყდებოდი სამუშაოს მაძიებლებთან?

პასიურობა, პესიმიზმი, HR-ებისადმი უნდობლობა, სტერეოტიპები. ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულის მომტანია, როცა ადამიანს ახალ კომპანიას, ახალ კარიერულ შესაძლებლობებს ვუხსნით. ამასთან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა, როგორც დამსაქმებლის, ასევე სამუშაოს მაძიებლის წინაშე და გულწრფელად ძალიან ვნერვიულობთ, ვგულშემატკივრობთ და ვცდილობთ ადაპტაციის პერიოდი შევუმსუბუქოთ ხოლმე ჩვენს კანდიდატებს. ძალიან დიდი ბაზა გვაქვს და ყოველდღიურად ძალიან ბევრი სამუშაოს მაძიებელი გვიკავშირდება, თუმცა, სამწუხაროდ ყველასთვის არ გვაქვს ვაკანსია, რასაც გულწრფელად ძალიან განვიცდით.  ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს კანდიდატებს, ვცდილობთ ყურადღება არ მოვაკლოთ მათ, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის არ გამოგვდის ეს, ისე როგორც ჩვენ ვისურვებდით, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც რომ ჯერ არ გვაქვს ბაზარზე ე.წ. შერჩევის მენეჯერების ინსტიტუტი კარგად განვითარებული და დაქირავებაზე გადაწყვეტილების მიღების და მოლაპარაკების პროცესი ხშირად დროში იწელება ხოლმე.

HR hub: როგორ ფიქრობ რა ცვლილებები განიცადა HR Partners-მა?

ჩვენ სულ ცვლილებების ფაზაში ვართ, იმიტომ რომ ჩვენს მიღმა დანარჩენი მსოფლიო იცვლება ძალიან სწრაფად. ჩვენ კი ჯერ რაც არ გაგვიკეთებია, ის უნდა გავაკეთოთ და მიმდინარე ტრენდებსაც დავეწიოთ, თან ისე, რომ ადგილობრივ ბაზარზე უცხოპლანეტელებივით არ გამოვიყურებოდეთ.

HR hub: რას უსურვებდა ნინო ჯინჯოლავა საკუთარ კომპანიას 2020 წელს?

ბევრ დახურულ ვაკანსიას, ბევრ კმაყოფილ მომხმარებელს, ბევრ საინტერესო პროექტს, ბევრ wow-ს და ბაზრის მზაობას პროცესები გაიტანოს აუთსორსზე.