HR hub Next უკვე მეოთხე წელია რაც არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის ონლაინ რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია ის, რომ მონაწილეები არა მარტო საქართველოს რეგიონებიდან, არამედ მის საზღვრებს გარედანაც ერთვებიან. სწორედ ასეთი ,,ნექსთელი” გვინდა გაგაცნოთ, რომელიც პროექტს ამერიკადან შემოუერთდა.
მზია თაბუკაშვილი მეხუთე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ახლახანს დაამთავრა მაგისტრატურა ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით და გაეროს HR დეპარტამენტში სტაჟირება დაიწყო.
HR hub: საიდან გაიგეთ HR hub Next-ის შესახებ?
HR hub Next-ის შესახებ LinkedIn-ზე გავიგე და ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ის პერიოდი იყო, როცა მენტორს ვეძებდი.
HR hub: რატომ დაინტერესდით ამ პროექტით?
როგორც მოგეხსენებათ, HR სფერო საკმაოდ დიდია და ბევრ ასპექტს მოიცავს. შესაბამისად, ძალიან მინდოდა გავსაუბრებოდი ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს და მათ გამოცდილებებზე დაყრდნობით ამერჩია ის HR მიმართულება, სადაც ჩემს უნარებს უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებდი. ეს პროექტი კი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლეოდა.
HR hub: რა მოგცათ ამ პროექტმა და მენტორმა?
ამ პროექტის მეშვეობით გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, პროფესიონალები HR სფეროში, რომლებმაც ბევრი საჭირო რჩევა და ცოდნა გაგვიზიარეს. ჩემმა მენტორმა, მარი თათხაშვილმა ძალიან კარგად გაგვაცნო HR მენეჯმენტის სირთულეები და მოგვცა საოცარი მოტივაცია მათ დასაძლევად. პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით განვიხილეთ პრობლემის გადაჭრის გზები, რაც ძალიან დაგვეხმარა თეორიის უკეთ ათვისებაში. პროექტის შემდეგაც კი თითოეული HR hub Next-ის მენტორი მუდამ მზად არის დახმარებისთვის. მაგალითისთვის მოვიყვან ჩემს მენტორს, მარის და ნინი ნიკოლაძეს, რომლებმაც ძალიან სწორი რჩევა მომცეს, როდესაც კითხვა მქონდა კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით.
HR hub: რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა აპირებს ნექსთის პროექტში ჩართვას ?
პირველ რიგში ვეტყოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ამ პროექტში გადაწყვიტეს მონაწილეობა. ვურჩევდი რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, ცნობისმოყვარეები, დასვან კითხვები და გაიცნონ თავიანთი მენტორები. ეს პროექტი მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის მისაღებად და თავიანთი პროფესიული მომავლის უკეთ დასაგეგმად.