HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, ინდირა ლორთქიფანიძე – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
HR hub: როგორ დაიწყეთ კარიერა ადამიანური რესურსების სფეროში და როდის დაიწყო თქვენი და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობა?
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შესარჩევი კონკურსის შედეგად მოვხვდი. პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან უშუალოდ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ გამაჩნდა, თუმცა, მქონდა დიდი გამოცდილება საქმისწარმოებაში. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა შეაფასეს ჩემში, მაგრამ სამსახურში ამიყვანეს და დღეს მე ეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამართლებად მიმაჩნია ჩემს კარიერაში.
ნებისიმიერი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც სამუშაო ადგილზე გხვდება და მუშაობის პრინციპი, რომელსაც ორგანიზაცია გთავაზობს. ნავიგაციის უნივერსიტეტისათვის არსებითია გუნდურობის პრინციპი და თავდაუზოგავი, კეთილსინდისიერი შრომის უნარი. რომ არა ეს ორი უპირობო პრინციპი, რომელზედაც დგას ბნსუ-ს მენეჯმენტი, მერწმუნეთ, მე გამიჭირდებოდა სრულად ინტეგრირება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
HR hub: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (ბნსუ) 114 თანამშრომელს აერთიანებს, როგორ გაუმკლავდით პანდემიის შედეგად გაჩენილ გამოწვევებს?
პანდემია სერიოზულ გამოცდად იქცა არამარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის. ბუნებრივია, ჩვენც გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოვჩნდით. მოგეხსენებათ, უმაღლესი სასწავლებლები, სხვა სერვისულ ორგანიზაციებთან ერთად, მომსახურების სფეროს წარმოადგენენ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ განათლებას ვთავაზობთ მომხმარებელს, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო სწორი სტრატეგიის განსაზღვრა იმისთვის, რომ მინიმალური ინტელექტუალური და ფინანსური დანაკარგებით მომხდარიყო პროცესების ორგანიზება ახალ რეალობაში. სწორედ ადამიანური რესურსების სამსახურმა უზრუნველყო ლექტორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ელექტრონული აღჭურვილობის ფლობისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის სწრაფი შეგროვება, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში დოკუმენტბრუნვის პორტალის ჩაშენება და ელექტრული სწავლების სისტემის გამართვის ხელშეწყობა.
დღეს, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ 114 თანამშრომელს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბნსუ-ს შეენარჩუნებინა წარმატებული, ხარისხზე ორიენტირებული საზღვაო უნივერსიტეტის სტატუსი და, პანდემიისა და ლოქდაუნების მიუხედავად, დაუბრკოლებლად გაეგრძელებინა ყველა ძირითადი საუნივერსიტეტო პროცესი.
HR hub: რა სპეციფიკა აქვს ადამიანური რესურსების მართვას პროფესიულ განათლებაში?
პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთვის ის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი უნივერსიტეტი, წლების წინ, სწორედ სპეციალური პროფესიული განათლებით დაიწყო. პროფესიული განათლების მიმართულებით ადამიანური რესურსების მართვა არსებითად არ განსხვავდება, ზოგადად, განათლების სფეროს ანალოგიური პროცესებისაგან, თუმცა, მოდულურმა პროფესიულმა პროგრამებმა ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა – გაჩნდა მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორცილებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების სისტემებთან დაკავშირებული ტრეინიგების დაგეგმვის, მათი პროფესიონალური უნარების დახვეწაზე მიმართული ღონისძიებების დაგეგემვა-განხორციელების აუცილებლობა. ახლა თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ბნსუ-ს ადამინური რესურსების მართვის სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, რაზედაც ჩვენი პროფესიული პროგრამების ბოლო 3 წლის მანძილზე მკვეთრად გაზრდილი რეიტინგი და მაღალი მოთხოვნადობაც მეტყველებს.
HR hub: როგორ ფიქრობთ, პროფესიული განათლების/დასაქმების მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა რა არის დღეს საქართველოში და თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
ჩემთვის რთული იქნება ამ საკითხზე სიღრმისეულად საუბარი, რადგან, მოგეხსენებათ, მე იმ მიმართულებას ვემსახურები, რომლის როგორც უმაღლეს აკადემიურ, ისე პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. ეს ფაქტი დიდწილადაა განპირობებული საზღვაო დასაქმების ბაზარზე ქართველ მეზღვაურთა რაოდენობის, ცნობადობის ზრდით და იმ არსებითი შედეგებით, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიაღწია საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე.
მიუხედავად ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ პროფესიული განათლებისადმი დამოკიდებულება, საქართველოში, ერთგვარი სტერეოტიპია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს. ეს სწორედ ის განათლებაა, რომელმაც მრავალი ადამიანის ღირსეული არსებობა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. თუკი ჩვენ მოვახერხებთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს პროფესიული განათლების შესახებ და სწორად დავგეგმავთ ახალგაზრდებთან კარიერულ განვითარებაზე მიმართულ მუშაობას, ჩვენ შევძლებთ დავამსხვრიოთ სტერეოტიპი ,,აუცილებელი უმაღლესი განათლების“ შესახებ და სწორი, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროფესიული განათლება მივცეთ მომავალ თაობებს.
HR hub: უნივერსიტეტს 23 წლიანი გამოცდილება აქვს თქვენს დარგში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინგლისურენოვანი პროგრამების აკრედიტაციაც გაიარეთ. როგორია თქვენი და ბნსუ-ს სამომავლო გეგმები?
ის, რომ განათლების სფეროში 23 წელია ვასპარეზობთ და გამუდმებით ვიზრდებით, უკვე ბევრზე მეტყველებს. როგორც აღნიშნეთ, ახლახანს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანმა საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარეს, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი პერსონალის გეოგრაფიული არეალი. მოხდა ახალი, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორების მოზიდვა როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტებიდანაც. ჩემთვის, როგორც HR-ისთვის ეს ძალზე დატვირთული და საინტერესო პერიოდი იყო.
სამომავლო გეგმებიდან გამოვყოფდი ბნსუ-ს მასშტაბურ რეკონსტრუქციასა და ხელახალ აღჭურვას, რომელიც უკვე მიმდინარეობს და ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც ასევე, დღეისათვის უკვე სამუშაო პროცესშია.
ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, საზღვაო და გადამზიდავ კომპანიებს მიაწოდოს მაღლკვალიფიციური, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც შექმნიან ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.
მინდა წარმატება, წინსვლა და ჯანმრთელობა ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ საქმეზეა შეყვარებული და თავდაუზოგავად შრომობს საერთო წარმატებისთვის.