1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,IT Academy STEP-ის” თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყვით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ჩვენი აკადემიის მისიაა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სამყაროში დაეხმაროს ადამიანებს ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ახალი პროფესიების დაუფლებაში, რომელიც მათ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აქცევს მსოფლიო ტექნოლოგიურ შრომით ბაზარზე. IT STEP აკადემია მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის, მან შეძლო და გააერთიანა თანამშრომლები და სტუდენტები ერთიან სტეპერების ოჯახად, რომელშიც თითოეული წევრი ოჯახის მხარდაჭერას და მზრუნველობას მუდმივად გრძნობს. აკადემიის გუნდის წევრები აძლიერებენ ერთმანეთს, წინსვლასა და განვითარებაში ეხმარებიან. აი, ასეა მოწყობილი ჩვენი გუნდი, თანამოაზრეების დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც მომავალშიც არ დაკარგავენ ერთმანეთთან სულიერ, თუ პროფესიულ კავშირს!
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….
იყო კარგი HR პროფესიონალი ნიშნავს გრძნობდე და ჩართული იყო კომპანიის ყველა პროცესში, გუნდის თითოეული წევრის შესაძლებლობების და უნარების სწორი მიმართულებით რეალიზებას ხედავდე. ადამიანური კაპიტალი, ადამიანური რესურსი და უბრალოდ ადამიანი, ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი განძია ნებისმიერ ბიზნეს სექტორში. შესაბამისად HR – მა უნდა იპოვოს, დათესოს, მოუაროს, აღმოაცენოს და გააძლიეროს ეს რესურსები.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
შერჩევისას პირველ რიგში დიდ ყურადღებას ვაქცევთ ღირებულებებს, კანდიდატის პიროვნული თვისებებს, განვითარების სურვილს, მიზანსწრაფულობას, სიახლეების ძიებას და პასუხიმგებლობის შეგრძნებას. ბოლოს მივდივართ კვალიფიკაციამდე. ცალსახად ესეც მნიშნელოვანია, მაგრამ რომ პრიორიტეტად პირადი უნარები გვაქვს.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
ყველა რეზიუმეს განვიხილავთ. ნებისმიერი შემოსული განაცხადი (კანდიდატის თანხმობით) ინახება ჩვენს ბაზაში, რაც საშუალებას გვაძლევს გადაიხედოს მოთხოვნები და კანდიდატი ხელმეორედ იქნეს განხილული არსებულ პოზიციებზე.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
მუდმივი და უწყვეტი განვითარების, ძლიერი მხარდამჭერი გუნდის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
არ შეწყვიტონ სიახლების ძიება და განვითარება.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.