1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალის” ტალანტების განავითარებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელის სალომე კვახაძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია. ჩვენი გუნდი უკვე 22 წელია უწყვეტად აწვდის მომხმარებლებს ფინანსურ სერვისებს. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 49 ფილიალით და დასაქმებული ჰყავს 1000- ზე მეტი ადამიანი.
ჩვენი კომპანიის ღირებულებებზე დაფუძნებული კორპორატიულ კულტურა დროთა განმავლობაში იქმნებოდა, ვითარდებოდა, მკვიდრდებოდა გარკვეული ტრადიციები, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებულობაში, თანამშრომლებზე ზრუნვასა და გუნდურობაში გამოიხატებოდა. თბილი, ოჯახური, მეგობრული გარემო, ერთმანეთის მხარდაჭერასა და ნდობაზე დაფუძნებული კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული.
ცხადია, ორგანიზაციის განვითარებას თან სდევს ახალი ადამიანების შემოერთება, გუნდის ზრდა, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შემოტანა და არსებულთან ინტეგრაცია. შესაბამისად, როგორც ძველი, ასევე ახლი თანამშრომლების მოტივაციას, მათ ერთ გუნდად შეკავშირებას, ერთ მიზანზე ორიენტირებულობას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება და დამეთანხმებით, საქმის წარმატებით განხორციელებაში ამას გადამწყვეტი როლი აქვს. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ შევქმნათ გამორჩეული, ჯანსაღი გარემო და ამით დავეხმაროთ თანამშრომლებს სამუშაოსა და ცხოვრების ჰარმონიულად თანხვედრაში.
აქვე მინდა ავღნიშნო ჩვენი კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი თანამშრომლების მიმართ, რომელიც სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. პანდემიის პირველივე ეტაპზე კომპანიამ დაიწყო პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა უზრუნველყოფილიყო უსაფრთხო სამუშაო გარემო და მაქსიმალურად დაგვეცვა როგორც კომპანიის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ყველა იმ პოზიციის თანამშრომელი, სადაც ეს შესაძლებელი იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნებულიყო ბიზნესუწყვეტობა.
ბიზნესისთვის ამ რთულ პერიოდში კრისტალმა სრულად შეინარჩუნა კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები და ამავდროულად, შეუნარჩუნა ყველა ის სარგებელი, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს საგანგებო რეჟიმზე გადასვლამდე ჰქონდათ.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….
იყო ობიექტური, სამართლიანი, უშუალო სამუშაო გარემოს შექმნის მონაწილე. HR–ის ეფექტური მუშაობა ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების მუდმივ ინიცირებასა და მათზე მზრუნველობაში გამოიხატება. მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს მოსმენის და ემპათიის უნარი, უყვარდეს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, იყოს მუდმივად ღია და მზა სიახლეებისადმი.
HR პირველი საკონტაქტო პირია პოტენციურ კანდიდატთან, რომელიც სრულად წარმართავს პროცესს სატელეფონო კომუნიკაციიდან დაწყებული, მის საბოლოო შერჩევამდე. სწორედ ის უქმნის კანდიდატს პირველ შთაბეჭდილებას კომპანიის შესახებ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი, სწორად და მკაფიოდ მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების პირობების შესახებ, ამავე დროს დაეხმაროს კანდიდატს გასაუბრებაზე საკუთარი თავის და უნარების წარმოჩენაში. HR უნდა იყოს უშუალო და ქმნიდეს ასევე უშუალო და მეგობრულ გარემოს გასაუბრების დროს.
ჩვენი პროფესიის ადამიანები მუდმივ ძიებაში უნდა იყვნენ, აღმოაჩინონ ახალი ადამიანები და სწორად მოახდინონ მათი შერჩევა კონკრეტულ პოზიციებზე, ხოლო უკვე შერჩეულ და დასაქმებულ თანამშრომლებში კი ეძიონ ახალი შესაძლებლობები და სწორად მართონ თითოეული მათგანის კარიერული თუ პიროვნული განვითარება.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
კანდიდატების შერჩევას მის შესახებ პირველადი მონაცემების გაცნობით ვიწყებ, თუმცა გასაუბრების პროცესი შერჩევის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნია. ამ დროს ცხადია, ყურადღებას სტანდარტულად ვაქცევ მის კვალიფიკაციას, გამოცდილებას, კომპეტენციას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, მისი შემართება, უნარები, ღირებულებები. მნიშვნელოვანია ასევე თუ რამდენად თანხვედრაშია კანდიდატის მოლოდინები კომპანიის მიზნებთან, არსებულ სამუშაო გარემოსა და კულტურასთან, რამდენად აქვს მას ზრდის და განვითარების უნარი. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფრის ერთობლიობა განაპირობებს მიღებულ გადაწყვეტილებას.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
არ არის ჩვენთან გამოგზავნილი განვიხილავ ყველა გამოგზავნილი რეზიუმეს. სწორედ რეზიუმეა ის დოკუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს HR-ებს სულ რამდენიმე წუთში გავეცნოთ კანდიდატს და მივიღოთ მის შესახებ პირველადი ინფორმაცია. შესაბამისად, ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი კანდიდატზე მის მიერ წარმოდგენილი რეზიუმეს ფორმატიდან გამომდინარე.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
„კრისტალის“ მენეჯმენტის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი პოტენციურ კანდიდატებთან და გუნდის წევრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობაა. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ
კრისტალი გამორჩეულია ადამიანებზე ორიენტირებულობით, გუნდურობით, სადაც თითოეულ მათგანს აქვს პროფესიული და კარიერული განვითარების და ზრდის, გამოცდილების მიღების, საკუთარი თავის რეალიზების და უნარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ამის ნათელი მაგალითები კომპანიაში მრავლადაა.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიებით ვურჩევ, რომ მაქსიმალური ყურადღებით მოამზადონ რეზიუმე, რადგან როგორც აღვნიშნე მისი პირველადი გაცნობის საშუალებას სწორედ რეზიუმე გვაძლევს. ხოლო გასაუბრებაზე მნიშვნელოვანია იყვნენ გულწრფელები, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული მათ პასუხებსა და გაჟღერებულ მოლოდინებზე. სწორედ გულწრფელი პასუხები, მათი მოტივაცია და მზაობა დიდწილად ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს კანდიდატები სწორ პოზიციაზე მოხვდებიან და მეტად გამართლდება მათი მოლოდინები.
სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევ: განსაზღვრეთ თქვენი მიზანი და დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. იყავით თავდაჯერებული და მუდმივად იმუშავეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და რაც მთავარია: თუ პირველივე მცდელობისას არ გაგიმართლებთ, არ დანებდეთ, #განაგრძეგანვითარება, #განაგრძემცდელობა და აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს. და კიდევ, მუდმივად ადევნეთ თვალი ჩვენს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს, გაგვეცანით და… #გახდიკრისტალელი.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.