PMC (პერსონალის მენეჯმენტის ცენტრი) ადამიანური რესურსის მართვის პირველი საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს.
PMC ეხმარება ორგანიზაციებს ისეთი HRM (ადამიანური რესურსების მენეჯმენტი) სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით ხელს უწყობს ორგანიზაციის წარმატებას.
ჩვენ ვესაუბრეთ PMC-ის მენეჯერს ქალბატონ თამარ ლიპარტელიანს, რომელიც ორგანიზაციის დაარსების პირველი დღეებიდანვე მუშაობს PMC-ში და პარლელურად ეწევა აკდემიურ საქმიანობას, კითხულობს ლექციებს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. ქალბატონი თამარი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გვიამბობს:
HR hub: რით განსხვავდება თქვენი სერვისი სხვა, ანალოგიური მიმართულებით მოღვაწე ორგანიზაციების სერვისებისაგან?
PMC ორგანიზაციებს სთავაზობს სისტემურ მიდგომებზე დაფუძნებულ HRM სერვისებს. ჩვენ ვთავაზობთ ორგანიზაციებს, უშუალოდ მათ სპეციფიკასა და საჭიროებებზე მორგებულ სრულ, კომპლექსურ სერვისს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის მართვის ეფექტიანობასა და ორგანიზაციული მიზნების განხორცილებას. შეიძლება თქვას, რომ ჩვენი გამორჩეული სერვისი კომპლექსური, ორგანიზაციული კვლევები და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციებია. ჩვენ ვფლობთ უახლეს, ადაპტირებულ მეთოდიკებს ასეთი კვლევებისთვის.
ორგანიზაციებს ვთავაზობთ HRM სისტემის აუდიტს, რომელიც კომპლექსური სერვისია და მოიცავს ადამიანური რესურსის მართვის სფეროში არსებული ვითარების კომპლექსურ შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას და საჭიროების შემთხვევაში, მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას.
PMC ორგანიზაციებს სთავაზობს:
- ორგანიზაციული სტრუქტურის რედიზაინს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას;
- პერსონალის შერჩევის პროცესის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;
- შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;
- სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავებას;
- ტრენინგებს HRM-ის სხვადასხვა მოდულში;
- ორგანიზაციული ცვლილებების დაგეგმვას და/ან მხარდაჭერას და სხვა.
PMC-ის სერვისები
ვფიქრობთ ორგანიზაციებს განსაკუთრებით დააინტერესებთ ჩვენი სერვისი, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა ტიპის პროგრამების/პროექტების ემპირიულ (კვლევაზე დაფუძნებული) შეფასებაზე და მოიცავს პროექტის საჭიროებების ანალიზს, მიმდინარე პროექტის მონიტორინგსა და პროექტის ეფექტიანობის შეფასებას. შედარებით ახალი სერვისია ორგანიზაციის რეპუტაციის კვლევა.
ვატარებთ ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, ტესტის შექმნის მეთოდოლოგიაში. 2 ნომებრიდან დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთავაზობთ საინტერესო ფსიქოლოგია HRM-ში.
HR hub: რას გვეტყვით იმ ინსტრუმენტებზე, ტესტებზე, რომელსაც სთავაზობთ ან ქმნით ორგანიზაციებისათვის პერსონალის შერჩევისა თუ შეფასების მიზნით?
ვფიქრობ, პროფესიული დასაქმების ორიგინალური ტესტების შექმნა დამკვეთისათვის, ექსკლუზიური გამოყენების უფლებით, ჩვენი გამორჩეული მიმართულებაა. ჩვენ ვქმნით შეფასების ინსტრუმენტებს კონკრეტული ორგანიზაციისთვის. ჩვენი სერვისი მოიცავს სხვადასხვა ფორმატის ტესტების შექმნას, მათ შორისაა: ინტელექტუალური უნარების ტესტი, მენეჯერული უნარების ტესტი, საკანცელარიო უნარების ტესტი, მექანიკური უნარების ტესტი, სივრცითი უნარების ტესტი და სხვ.
ასევე, ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული შეფასების ინსტრუმენტების საინტერესო არჩევანს – ამ ტესტების ადაპტაცია ჩვენმა ორგანიზაციამ უზრუნველყო. ამ ინსტრუმენტებით შეიძლება შევისწავლოთ სამუშაო სტრესის დონე და მისი გამომწვევი ორგანიზაციული ფაქტორები, პერსონალის შრომითი კმაყოფილებისა და ორგანიზაციული ერთგულების დონე, ორგანიზაციული კულტურა და მისი გავლენა თანამშრომელთა შრომით განწყობებზე, შრომით ეთიკაზე მომსახურების ხარისხზე, კლიენტთა კმაყოფილებაზე, გაყიდვების მაჩვენებელზე.
HR hub: ქალბატონო თამარ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად ქმნიან ორგანიზაციის პროდუქტს? ანუ, სხვანაირად რომ დავსვათ კითხვა, რატომ უნდა მოგანიჭოთ მომხმარებელმა უპირატესობა თქვენ?
მგონი ამის საფუძველია ჩვენი გამოცდილება, მიდგომები და ჩვენი რეპუტაცია. ადამიანები, რომელებიც ქმნიან PMC-ის სერვისებსა და პროდუქტებს არიან პროფესიონალები, დიდი პრაქტიკული გამოცდილებით ამ სფეროში. რომელთაც ასევე აქვთ სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. PMC-ის დამფუძნებელია ამ სფეროს გამორჩეული სპეციალისტი, თსუ პროფესორი ია კუტალაძე, ის კურირებს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების მეთოდოლოგიურ ნაწილს. PMC-ს ჰყავს ასევე ახალი და ნიჭიერი თაობაც. ამით ალბათ ბევრი რამ არის ნათქვამი.
HR hub: ვინ არიან თქვენი ორგანიზაციის პარტნიორები?
კერძო და საჯარო სექტორში დღეს არსებული ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია სხვადასხვა დროს იყო და/ან არის ჩვენი მომხმარებელი. ჩვენ სამუშაოები შეგვისრულებია არასამთავრობო სექტორისთვისაც. ჩვენ წლების მანძილზე გვითანამშრომლია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი, პარლამენტის აპარატი, თავდაცვის, ფინანსთა, სპორტისა და ახალგაზრდობის, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროები, თი-ბი-სი ბანკი, ჯეოსელი, ბილაინი, საქართველოს ფოსტა, თეგეთა მოტორსი, ექსპო ჯორჯია, ორი ნაბიჯი, ნიკორა და სხვა მრავალი. შესრულებული გვაქვს არაერთი პროექტი საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით. ამჟამად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჯარო სტრუქტურისთვის, ნატოს სათაო ოფისის მხარდაჭერით, ვმუშაობთ პერსონალის შერჩევის ინსტრუმენტის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე, ამ პროექტით განსაზღვრულია კოგნიტური ფუნქციების (ყურადღება, ვიზუალური მეხსიერება, სენსო-მოტორული რეაქციის დრო და სხვა), კოგნიტური უნარების და პიროვნული მახასიათებლების შესაფასებელი მრავალფაქტორიანი მეთოდის შექმნა.