ამ ბოლო დროს ხშირად ვიგებთ ინფორმაციას ქართველების კომპანია ,,ამაზონში” დასაქმების შესახებ, რაც ფრიად სასიხარულოა.
სალომე გოგაშვილი უკვე ერთი წელზე მეტია ,,ამაზონის” დორტმუნდის ფილიალის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია (Area Manager).
HR hub: სალომე, მოგვიყევი, „ამაზონის“ გუნდში როგორ აღმოჩნდი?
გერმანიაში პირველი სამაგისტრო პროგრამა მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის (Supply chain management) მიმართულებით გავიარე. პარალელურად, ბერლინში, სტუდენტის სტატუსით, ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანიის ლოჯისტიკის დეპარტამენტში ვიყავი დასაქმებული. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთი გლობალური და დინამიკური ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავი, როგორიც „ამაზონია“. „ამაზონის“, როგორც უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიისა და ტექგიგანტის უკან ხომ უდიდესი ლოჯისტიკური ქსელია, რომლითაც კომპანია მსოფლიოს წამყვანი გადამზიდების გვერდით, წარმატებით იკიდებს ფეხს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ აპლიკაცია დაუგეგმავად (უფრო სწორად, ბიბლიოთეკაში სიზარმაცის დროს) შევავსე. იმ დროს, ჩემთვის ის უფრო საინტერესო იყო, ასეთი დიდი კომპანიის შესარჩევი ეტაპიდან რომელს ვერ გადავლახავდი, რომ შემდეგ უკვე საკუთარ თავზე მუშაობა სწორედ აქედან გამეგრძელებინა.
თუმცა კი, გასაუბრებების ბოლოს, საბედნიეროდ, ჩემი კარიერული განვითარება ამაზონელის სტატუსით განვაგრძე.
HR hub: შესარჩევ ეტაპებზე რას გვეტყვი? რა გზა გაიარე აპლიკაციის შევსებიდან ამაზონელის სტატუსის დამსახურებამდე?
საკმაოდ კომპლექსური, რამდენიმე შესარჩევი ეტაპი გავიარე. აპლიკაციის შევსების შემდეგ, პირველი ვიდეოგასაუბრება ბოტთან მქონდა. დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ ზუსტად 3 წუთი იყო მოცემული და ამ პროცესს ვიდეოთვალი იწერდა. მე ვფიქრობ, კამერაში საკუთარი თავის ყურება და „მესთან“ საუბარი გასაუბრებების ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდა. მორიგი ეტაპი ლოჯისტიკის სფეროდან, „ამაზონის“ სამ სხვადასხვა წარმომადგენელთან გასაუბრების პანელი გახლდათ. „ამაზონის“ რეკრუტინგის უნიკალურობა და ფილოსოფია სწორედ შეხვედრის ამ ნაწილში იკვეთება. ინტერვიუები ორიენტირებულია არა მხოლოდ პროფესიონალური უნარ-ჩვვების გარკვევასა და შეფასებაზე, არამედ იმის დადგენაზეც, რამდენად შეესაბამება კადრი კომპანიის კულტურასა და სულისკვეთებას. შესაბამისად, გასაუბრების ამ ნაწილის სიტუაციური კითხვები დაფუძნებული იყო „ამაზონის“ ეგრეთწოდებულ ლიდერულ პრინციპზე, რომელიც არა მხოლოდ შესარჩევი ეტაპის, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი ღირებულებებია. ლიდერობა, ნდობის მოპოვება, პასუხისმგებლობის აღება, მაღალი სტანდარტების შენარჩუნება თუ წინსვლისა და განვითარების მუდმივი სურვილი – ეს იმ აუცილებელი უნარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ამაზონელს უნდა ჰქონდეს.
შემდეგ ტურში გადასასვლელად სამივე გამსაუბრებლის დადებითი შეფასება იყო საჭირო. ბოლო ეტაპზე, როგორც უცხოელს, დამატებით, გერმანულ ენაში ტესტის გავლაც მომიწია – ვინაიდან ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჩემს დეპარტამენტში (და არამარტო) მომუშავე პერსონალთან ურთიერთობა და მათთვის მუშაობაა, ენობრივი ბარიერის პრობლემა არ უნდა მქონოდა.
HR hub: მოგვიყევი შენი პოზიციის შესახებ ?
გამიმართლა და ევროპაში პირველ და ყველაზე დიდ ავტომატიზებულ IXD (Inbound Cross Dock) სადისტრიბუციო ცენტრში, დორტმუნდში მოვხვდი. ჩვენს საწყობში „ამაზონზე“ გასაყიდი თითოეული ნივთის პირველადი მიღება და შემდგომ, მოთხოვნის შესაბამისად, ევროპის მასშტაბით, სხვა საწყობებში გადანაწილება ხდება. ამ მთლიან ჯაჭვში მე ერთ-ერთი არეის, დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Area Manager) ვარ და განყოფილებაში როგორც ტექნიკური პროცესების, ასევე იქ მომუშავე ადამიანების მართვა მევალება. თავდაპირველად, Prep & Container Management-ით დავიწყე, სადაც გარკვეული პროდუქტის დამატებითი შეფუთვა ხდება. პარალელურად, პასუხისმგებელი ვიყავი მთლიანი საწყობის შიდა სასაწყობე ინვენტარით მომარაგებაზე. სულ ცოტა ხნის წინ კი, დამაწინაურეს და კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო განყოფილება, კერძოდ, Inbound Dock ჩავიბარე. ყოველდღიურად, მილიონობით ერთეულ ნივთს კონვეიერზე ვტვირთავთ და საწყობში ვამისამართებთ. ჩემს გუნდში, ამჟამად, 76 ადამიანია, რომელთა კეთილდღეობა, სამუშაოთი კმაყოფილება, წინსვლა და კარიერული ზრდა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
HR hub: რამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ,,ამაზონში” ?
ჩემთვის ყველაზე მეტად ისაა ამაღელვებელი, რომ ასეთი მასშტაბური და გლობალური პროცესის თანამონაწილე ვარ. ჩემი წვლილი შემაქვს იმ საქმეში, რასაც #deliveringsmiles ჰქვია. როცა სხვების კართან მიყუდებული ამანათის დანახვაზე თავადაც გამეღიმება ხოლმე, ვხვდები, რომ ეს მხოლოდ სლოგანი კი არა – რეალობაა.
„ამაზონში“ ნამდვილად – Every day is day one. ყოველი სამუშაო დღე ახლებურად იწყება და მთავრდება. პროცესები იმდენად სწრაფი, დინამიკური და ცვალებადია, რომ აქ სამუშაოს რუტინად ქცევა თითქმის შეუძლებელია. ერთი შეხედვით, ყოველდღიური, წვრილ-წვრილი პრობლემები, ხანაც წარმოუდგენლად არარეალური მიზნები და მარცხიც კი, საბოლოოდ, მაინც პოტენციალად გადაიქცევა ხოლმე და წარმატებით გვირგვინდება. სხვადასხვა კონტინენტზე რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის ამ ფილოსოფიის ქვეშ გაერთიანება და საერთო შემართების ჩანერგვა, რომ ყოველი დღე ახლის საწყისია, ნადვილად არ არის ადვილი.
HR hub: რამდენად თანხვედრაში აღმოჩნდა შენს მოლოდინებთან ის რეალობა, რომელიც ამ ტექნოლოგიური გიგანტის შიგნით დაგხვდა?
როგორც ლოჯისტიკისა და ოპერაციათა მენეჯმენტის სფეროს წარმომადგენლისთვის, „ამაზონის“ ლოჯისტიკის ბიზნესი თავისი დივერსიფიცირებული სფეროებით ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა ცოდნის მიღების, გამოცდილების დაგროვებისა და კარიერული განვითარებისთვის. ყოველდღიური შეხება მაქვს ურთულეს კონვეიერულ სისტემასთან, რომლის გამართულ ფუნქციონირებასაც ჩემს კოლეგებთან ერთად უზრუნველვყოფ. ვმუშაობთ ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების გარემოცვაში, როგორიც რობოტებია და ვნერგავთ სრულიად ახალ სასაწყობე პროცესებს ან ვახდენთ ძველის ოპტიმიზაციას. სამსახურში თუ უსაფრთხოების ჟილეტით, ფეხსაცმელებითა და ხანდახან ჩაფხუტითაც მომიწევდა სიარული – ამაზე არასდროს მიფიქრია.
გარდა ამისა, ურთიერთობა მიწევს კომპანიაში დასაქმებულ მსოფლიოს 94 ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ვეცნობი მათ შეხედულებებს, კულტურას, მოთხოვნებსა და საჭიროებებს. პასუხისმგებლობას ვიღებ მათ უსაფრთხო სამუშაო გარემოზე, კეთილსინდისიერ მუშაობაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე, რაც საშუალებას მაძლევს, პიროვნულად თუ პროფესიულად თავადაც განვვითარდე, სხვადასხვა მენეჯერული თვისება შევიძინო, კიდევ უფრო უკეთესი ლიდერი გავხდე და ამით სხვა ადამიანებსაც მივცე ბიძგი, მოტივაცია და რაც მთავარია – შესაძლებლობა, თავიანთი მიზნები სრულყონ და ოცნებები აისრულონ.
ეს ყველაფერი, უბრალოდ, მოლოდინების გამართლებაზე მეტია.