შემოგვიერთდით

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეკომენდაციები, მხარდაჭერა და რჩევები სჭირდებოდათ სამსახურის ძიების/კარიერის სწორად დაგეგმვის პროცესში. პროექტი გათვლილია მათზე, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ან ვისაც აქვს გარკვეული წარუმატებელი გამოცდილება სამსახურის ძიების, ან ვისაც უბრალოდ კარიერული ცვლილებები და წინსვლა სურს.
ჩვევ ვესაუბრეთ მარიამ თათხაშვილს, რომელიც “ევექსის ჰოსპიტლების” Deputy HR Director და პროექტის “Career Advisor/შენი კარიერული მრჩეველი” ავტორი გახლავთ.

HR hub: მარიამ, საიდან გაჩნდა იდეა?

პროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც კანდიდატებისგან იმატა კითხვებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, ამ საქმეს არაფორმალურად ისედაც მუდმივად ვაკეთებდი, უბრალოდ კანდიდატების ინსპირაციით, პროექტს მიეცა ოფიციალური, სტრუქტურიზებული სახე და დავიწყე მათთან ამ ფორმით მუშაობა.

HR hub: რას მოიცავს პროექტი?

პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: პირველი ეტაპია მათი რეზიუმესა და ლინქდინ პროფილის გაცნობა, რეკომენდაციების შემუშავება რეზიუმესთვის მეტი პრეზენტაბელობის შესაძენად.

პირველი ეტაპის შემდეგ გვაქვს ორი შეხვედრა დისტანციური ფორმატით, ჩემი გამოცდილების გაზიარება ორ ჭრილში – როგორც კანდიდატის (რომელსაც თავადაც განუცდია მარცხი) და როგორც დამსაქმებლის (ამ ჭრილიდანაც ვცდილობ დავანახო მოცემულობა).

შეხვედრების ძირითადი მიზანია ინდივიდუალურად მოვერგო თითოეული მონაწილის საჭიროებას, ვიპოვოთ ერთობლივი ამოხსნები  – რა უშლით ხელს სასურველ კომპანიაში/პოზიციაზე დასაქმებაში (თუკი უკვე აქვთ წარუმატებელი გამოცდილება); როგორ დაიწყონ სწორად პოზიციონირება დასაქმების ბაზარზე (თუკი ახლა იწყებენ კარიერას); ვპასუხობთ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რაც მათ სამუშაოს ძიების პროცესში დაუგროვდათ და ამ პროცესში ვხდები მათი მხარდამჭერი. ვმუშაობთ ეფექტურ თვითპრეზენტაციასა და სხვა კომპეტენციებზე.

პროექტი განსაკუთრებულად ღირებულია, 3 მიზეზის გამო:

  • არის ინდივიდუალურად კონკრეტულ ადამიანსა და მის საჭიროებებს მორგებული;
  • მონაწილეები პოულობენ პასუხებს დაგროვილ შეკითხვებზე;
  • მონაწილეებთან ურთიერთობა არ სრულდება პროექტით, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია პროექტის შემდეგაც, მათი რეზიუმეები ინახება ჩემს ბაზაში, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განიხილებიან კონკრეტულ პოზიციებზე. ამას გარდა, იღებენ რეკომენდაციებს სამუშაოს ძიების პროცესში ნებისმიერ მათთვის საინტერესო საკითხზე, ეს ყველაფერი გრძელდება პროექტის დასრულების შემდეგაც.

HR hub: შეხვედრები ონლაინ ტარდება თუ პირისპირ?

მონაწილეების სურვილის შესაბამისად. შეგვიძლია, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ შეხვედრების ჩატარება.

HR hub: რა არის პროეტის შედეგი, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება?

პროექტის განსაკუთრებულ შედეგად ვთვლი მათ შეცვლილ კრიტიკულ დამოკიდებულებას დამსაქმებლების მიმართ, საკუთარ თავში მიზეზების ძიებას, განსავითარებელი არეების გამოსწორების მცდელობას და საბოლოოდ, მათ კარიერულ განვითარებას.

გამორჩეულად სასიამოვნოა, როცა ახალი მონაწილეები პროექტს უერთდებიან ძველი მონაწილის რეკომენდაციების შედეგად, მათი მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანია ჩემთვის.

პროექტის სხვა დეტალები:

  • თითოეული შეხვედრის მინ. ხანგრძლივობაა 1.5 სთ
  • შეხვედრები ძირითადად ონლაინ ფორმატშია
  • სრული პროექტის ღირებულებაა 200 ლარი (თუ პროექტის გავლა ხდება მეგობართან ან კოლეგასთან ერთად დუეტში და არა ინდივიდუალურად, პროექტის ღირებულება არის 350 ლარი).

გამომდინარე დაინტერესებული ადამიანების სიმრავლისა და მონაწილეების რეკომენდაციებიდან, იგეგმება პროექტისთვის უფრო მასშტაბური სახის მიცემა.