შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – შპს სიმფლ აუთსორსინგს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ სიმფლ აუთსორსინგის ტალანტების მოზიდვის მენეჯერის ანა ჩაჩიბაიას ინტერვიუს. ,,სიმფლ აუთსორსინგი” გახლავთ ბრიტანული ციფრული მარკეტინგული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების სოციალური მედია სტრატეგიის მართვასა და ოპტიმიზაციას.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

გვჯერა, რომ კომპანიის კორპორატიულ კულტურას განსაზღვრავს გუნდი, რომელიც ქმნის ორგანიზაციას. „სიმფლ აუთსორსინგი” დაკომპლექტებულია თანამშრომლებით, რომლებსაც გვაერთიანებს სწრაფვა ტექნოლოგიური სიახლეებისკენ, გუნდურობა და გამჭვირვალობა.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

გარკვეულწილად გავლენა მოახდინო ადამიანების პროფესიულ ცხოვრებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული უნდა იყო, ყოველი გადაწყვეტილება და ქმედება, რომელიც უკავშირდება ადამიანურ რესურსს იყო ჰუმანური, სამართლიანი და კეთილგონივრული.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

პირველ რიგში კანდიდატის პიროვნულ თავსებადობას კომპანიის ღირებულებებთან და შემდეგ უკვე პროფესიულ უნარებს, რომელიც აუცილებელია ბიზნესის მიზნების მისაღწევად.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

არ არსებობს რეზიუმე, რომელსაც არ განვიხილავ. უფრო მეტიც, ყოველთვის ვცდილობ, რეზიუმეში არ გამომრჩეს არც ერთი დეტალი, რომლის საფუძველზეც საინტერესო იქნება აპლიკანტთან შეხვედრის დაგეგმვა. რეზიუმეს არ წაკითხვა/არ განხილვა ნიშნავს პოტენციური შანსი ფაქტობრივად უმიზეზოდ წაართვა ადამიანს, რომ დასაქმდეს ან იპოვოს უკეთესი სამსახური. როდესაც რეზიუმე თავისი ფორმატით ნაკლებად არის მიმზიდველი, ან კანდიდატის კვალიფიკაციას ვერ გამოხატავს სრულად, რადგანაც მეტისმეტად მწირი ინფორმაციაა მოცემული, როგორც კონსულტანტი ყოველთვის ვიყენებ შესაძლებლობას, არ მენანება დრო და ენერგია, რომ აპლიკანტს ვურჩიო როგორი ფორმატი სჯობს შეარჩიოს, ან შინაარსობრივად როგორ ააწყოს. ეს ჩვენი პროფესიის ადამიანების სოციალური პასუხისმგებლობაა, მე ასე მჯერა.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩაერთვება დინამიურ, ცოტათი ქაოტურ, მაგრამ ღია, მეგობრულ და ინგლისურენოვან სამუშაო პროცესში.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს ...

ყოველთვის მაქსიმალურად ღიად და გულწრფელად გამოხატეთ საკუთარი თავი, საკუთარი პიროვნება და შესაძლებლობები. გულწრფელი პასუხებით, რეაქციებითა და შეფასებით პირველ რიგში საკუთარ თავს დაეხმარებით თქვენთვის პიროვნულად შესაფერისი ორგანიზაცია იპოვოთ, სადაც პროფესიულადაც და პიროვნულადაც თავს  კომფორტულად იგრძნობთ და დამსაქმებელსაც დაეხმარებით მეტნაკლებად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით (თუმცა კი არ არსებობს გარანტიები არც ერთი მხარისთვის.

ასევე, ინტერვიუს მერე უარყოფითი პასუხი არ ნიშნავს უარყოფით შეფასებას. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა სხვა კანდიდატურა უფრო თავსებადი დაინახა იმ კონკრეტული პოზიციისთვის და თქვენ წინ უკეთესი, თქვენთან თავსებადი შესაძლებლობა გელოდებათ.

რაც მთავარია, დაისახეთ დიადი მიზნები და არ დაიშუროთ ენთუზიაზმი მათ მისაღწევად!

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.