1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ სინგულარის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის სანათა ჩარგაზიას ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
‘’სინგულარის’’ კორპორატიული კულტურის უმთავრესი ღერძი თანამშრომლების განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვაა. კომპანიაში კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ თანამშრომლები ჩვენი უმთავრესი აქტივი და წარმატების უპირობო გარანტიაა. შესაბამისად, ‘’სინგულარის’’ კორპორატიული კულტურა აქცენტირებულია მოქნილობაზე, თანამშრომელბისთვის მაქსიმალური თავისუფლებისა და ავტონომიის მინიჭებაზე; მათ მუდმივ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე. სწორედ ამ კულტურის წყალობით, თანამშრომლების არც ერთი ინიციატივა და განვითარებისკენ სწრაფვის სურვილი არ რჩება წახალისებისა და ყურადღების გარეშე. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლების განკარგულებაშია მსოფლიოს წამყვანი პლატფორმების ონლაინ რესურსების მთელი სპექტრი და სხვადასხვა სასწავლო-განმავითარებელი რესურსები.
‘’სინგულარის’’ კულტურის მნიშვნელოვანი ღირებულება ასევე გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის მაქსიმალური უზურნველყოფაა, რაც თანამშრომელთა პოტენციალის რეალიზებისა და მოტივირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამგვარი მიდგომა საშუალებას აძლევს ყველა თანამშრომელს გამოთქვას საკუთარი იდეები და მოსაზრებები. ჩვენთვის ფასეულია გუნდის თითოეული წევრის შეხედულება და ყოველთვის წახალისებულია ახალი ინიციატივება.
კომპანიის მთავარი სლოგანი და მოტოა „Be Outstanding” – “იყავი გამორჩეული“, რომელიც ზუსტად ასახავს კომპანიის დამოკიდებულებას არა მხოლოდ თანამშრომელთა გამორჩეულობას, არამედ იმ პროდუქტის ხარისხს, სისწრაფესა და გამოცდილებას, რითიც ‘’სინგულარი’’ კლიენტებს ემსახურება.
‘’სინგულარისთვის’’ ასევე მნიშვნელოვანია კომფორტული და მეგობრული სამუშო გარემოს არსებობა. დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადასვლის შემდეგ აქტიურად მივმართავთ ონლაინ ღონისძიებებსა და პროგრამებს, რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ უშუალო ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ ახალი თანამშრომლების ინტეგრირებას.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …
პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ HR პროფესიონალი რეკრუტერს არ უდრის. რეკრუტმენტი HR პროფესიონალების სპეციფიკური, თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. იყო პროფესიონალი რკერუტერი ნიშნავს, რომ პირველ რიგში კარგად იცნობდე საკუთარ კომპანიას, გესმოდეს ორგანიზაციული კულტურა, გაცნობიერებული გქონდეს ვაკანტური პოზიციის საჭიროებები და ორგანიზაციის მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეძლო კომპანიისთვის სასურველი თანამშრომელის მოძიება.
ასევე, იყო პროფესიონალი რეკრუტერი ნიშნავს იცნობდე სორსინგის მრავალფეროვან წყაროებს და იცოდე სად ეძებო სასურველი კანდიდატი. ვფიქრობ, პროფესიონალ რეკრუტერს აუცილებლად სჭირდება საკუთარი საქმისადმი ენთუზიაზმი, დაუშრეტელი ენერგია და პროაქტიურობა.
ამასთანავე, პროფესიონალი რეკრუტერი უნდა იყოს პრეზენტაბელური; უმრავლეს შემთხვევაში, რეკრუტერია ის ადამიანი, ვისზე დაყრდნობითაც კანდიდატები კომპანიის შესახებ წარმოდგენას აყალიბებენ. შესაბამისად, რეკრუტერი სრულად უნდა ატარებდეს კომპანიის ღირებულებებს და ახერხებდეს კანდიდატებისთვის სწორი წარმოდგენის შექმნას.
აქვე აღვნიშნავ, რომ პროფესიონალ რეკრუტერს გარკვეულწილად უნდა ჰქონდეს მარკეტინგული და გაყიდვების უნარებიც. სასურველი კანდიდატების მოძიება საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია, წარმატებით დასასრულებლად საჭიროა მათი დაინტერესება კომპანიითა და პოზიციით, რისთვისაც მნიშვნელოვანია რეკრუტერების გადმოცემის, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
შერჩევისას თანაბარ ყურადღებას ვუთმობთ როგორც კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას, ასევე მის კულტურულ შესაბამისობას ”სინგულარის’’ კულტურასთან. ეს ორი კომპონენტი ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ზუსტად ისე, როგორც გვსურს შევარჩიოთ აპლიკანტი, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს მიერ მოთხოვნილ კომპეტენციებს, გვინდა, რომ იგი იზიარებდეს იმ ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და მიზნებს, რითაც საზრდოობს კომპანიის კულტურა. მნიშნელოვანია, რომ კანდიდატს პროფესიული გამოცდილების გარდა ჰქონდეს განვითარების, ინოვაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და უფრო ფართო მასშტაბით, ხარისხიანი პროდუქტის შექმნის სურვილი.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
ასეთი კატეგორიული არც ერთი აპლიკანტის მიმართ არ ვიქნებოდი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინტერესდება ჩვენი ორგანიზაციით და გვითმობს იმდენ დროს, რომ ეცნობა ვაკანსიას და გვიგზავნის რეზიუმეს – პატივისცემას იმსახურებს. ჩვენს ორგანიზაციაში მოქმედებს რეკრუტმენტის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ვახერხებთ ყველა აპლიკანტს დავუდასტუროთ რეზიუმეს მიღება და მოგვიანებით, შევატყობინოთ ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
თუმცა აღვნიშნავ, რომ ყველაზე მეტად ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ კანდიდატები, რომლებიც ყველა ვაკანტურ პოზიციაზე, მათ შორის ძალიან განსხვავებულ სფეროებში, დაჟინებით აგზავნიან რეზიუმეს. ეს ნიშნავს, რომ აპლიკანტს არც ერთი პოზიციის შინაარსი არ ესმის და შესაბამისად, არ ღირს განხილვა.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
ჩვენი მომავალი თანამშრომლები უნდა ელოდონ თანამედროვე, საერთაშორისო ორგანიზაციას პროგრესული მენეჯმენტითა და მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურით, მეგობრულ, კომფორტულ და კოლეგების მხარდაჭერაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს. პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს, საერთაშორისო პრაქტიკის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
პირველ რიგში, კარგად გაეცნონ იმ ორგანიზაციასა და მის კულტურას, სადაც რეზიუმეს აგზავნიან. მნიშვნელოვანია, კანდიდატმა გამოხატოს დაინტერესება კომპანიით და არ იყოს მისთვის ერთ-ერთი რიგითი ვაკანსია, სადაც რეზიუმეს აგზავნის. ასევე, კარგად გაეცნოს ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, რათა გასაუბრებისას შეძლოს მასთან შესაბამისობის დადასტურება. ამით კანდიდატს შეუძლია დამსაქმებელს დაანახოს არა უბრალოდ სამუშაოს ძიების მოტივაცია, არამედ კონკრეტული ორგანიზაციით დაინტერესების, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება დამსაქმებლის გადაწყვეტილებაზე.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.