„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ახალ, მასშტაბურ ინიციატივას იწყებს. ინიციატივა გულისხმობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტების სემესტრულ დაფინანსებას და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც სწავლას ხელს არ უშლის და პირიქით, ეხმარება. ეს პროგრამა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ სტრატეგიული ხედვის ნაწილია. განათლების დაფინანსებით, ისინი მხარს უჭერენ არა მხოლოდ თანამშრომლების კარიერულ წინსვლას, არამედ ქვეყანაში განათლებული, კვალიფიციური და მოტივირებული ახალგაზრდების რაოდენობას ზრდიან.
,,ვქმნით გარემოს, სადაც დაცულია ბალანსი სწავლასა და სამუშაოს შორის და სტუდენტებს სტაბილურ სტარტს ვაძლევთ მომავალი კარიერისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ სტუდენტებმა შეძლონ სწავლის, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ოპტიმალური ბალანსის დაცვა” – აცხადებენ კომპანიაში.
დაფინანსება ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე. სოკარი გთავაზობთ სწავლის სემესტრულ დაფინანსებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სტუდენტების ფინანსურ ტვირთს და საშუალებას აძლევს მათ, სრულად ფოკუსირდნენ სწავლაზე.
პროგრამაში ჩართვისთვის, საჭიროა სტუდენტის აქტიური სტატუსი და მინიმუმ 5-თვიანი სამუშაო გამოცდილება „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართ სადგურებზე ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციაზე. „სოკარში“ დასაქმება გულისხმობს მოქნილ გრაფიკს, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზეა მორგებული. სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებს მორიგეობას ყოველ მეოთხე დღეს, რაც თვის ჭრილში საშუალოდ 7-8 სამუშაო დღეს შეესაბამება. ეს გრაფიკი სტუდენტებს აძლევს საკმარის დროს, რომ დაესწრონ ლექციებს, მოემზადონ გამოცდებისთვის და ამავდროულად დააგროვონ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება სტაბილური ანაზღაურების ფონზე.
სოკარში სტუდენტებს ეძლევათ არამხოლოდ დასაქმების შესაძლებლობა, არამედ პროფესიული განვითარებისა და პირადი ზრდის მრავალმხრივი პერსპექტივა.
სტუდენტები იღებენ ფასდაუდებელ სამუშაო გამოცდილებას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს და დინამიურ ქსელში. ეს არის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც აძლიერებს მათ რეზიუმეს და აძლევს კომპანიის შიგნით კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.
სწავლების დაფინანსებასთან ერთად, სტუდენტები იღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო ბარათს და სხვა ბენეფიტებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ ყოველდღიურ ფინანსურ ხარჯს.
,,მოტივირებულ ახალგაზრდებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, შეუერთდნენ „სოკარის“ გუნდს – ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მათი საიმედო მეგობარი განათლების გზაზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მოგვმართონ სოკარის HR სამსახურს მეილზე: vacancy@socar.ge და გაიარონ სტანდარტული გასაუბრებისა და შერჩევის პროცესი, რომელიც განკუთვნილია ავტოგასამართ სადგურზე ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციისთვის” – ამბობს „სოკარის“ HR სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დოლიძე.
დაფინანსების მისაღებად აუცილებელია კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 5-თვიანი სამუშაო გამოცდილება. ვადის დასრულების შემდეგ, სტუდენტმა უნდა წარადგინოს სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია, ასევე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს მის აქტიურ სტუდენტურ სტატუსს.

