ახალი კორონავირუსის დროს, მაშინ როცა მომსახურების ობიექტები იხურება, დიდი დატვირთვით მუშაობენ სუპერმარკეტები. ჩვენ დავინტერესდით რა ზომები მიიღეს მათ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ვირუსისგან დასაცავად. გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ნიკორამ, კარფურმა, სპარმა და გუდვილმა მოგვაწოდა.
ნიკორა სუპერმარკეტები
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, ჩვენს გამართულ მუშაობაზე და უწყვეტობაზე არის დამოკიდებული საზოგადოების სტაბილურობა.
“ნიკორა სუპერმარკეტების” ქსელი წარმოადგენს პირველადი მოხმარების პროდუქტების მნიშვნელოვან მიმწოდებელს ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად ჩვენს გამართულ მუშაობას გადამწყვეტი როლი აქვს დღეს ქვეყნისთვის.
მნიშვნელოვანია აქვე აღვნიშნოთ, რომ დღეიდან ჩვენი მოქმედებები აღარ არის კომპანიის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ თითოეული ჩვენგანი ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებით და ეს გამოწვევა ღირსეულად უნდა მივიღოთ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის წევრების უსაფრთხოება შესაბამისად ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სს „ნიკორა ტრეიდი“ ითვალისწინებს სახელმწიფოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს:
- თითოეულ ფილიალში სისტემატურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და მუშავდება შიდა პერიმეტრი;
- ვირუსის პრევენციის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ფილიალის კარის, ურიკებისა და კალათების სახელურები;
- ეტაპობრივად ხდება პერსონალის აღჭურვა სპეციალური ინვენტარით (სადეზინფექციო ხსანრები, პირბადეები და ხელთათმანები).
კარფური
,,გაცნობებთ რომ კომპანია კარფურისთვის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი, ჩვენ ვახორციელბთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის დასაცავად და რისკების პრევენციისათვის. ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე ვითვალისწინებთ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მითითებას. მაღაზიასა თუ სათავო ოფისში შესვლამდე ყველა თანამშრომელი გადის ტემპერატურის სავალდებულო კონტროლს. კომპანიის შინაგანაწესის თანახმად, მოგზაურიბიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს. რეგულარულად ხდება ურიკების, კალათების და ყველა ზედაპირის დეზინფექცირება. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ დამატებით ზომებს, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ ჰიგიენური და უვნებელი გარემო, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის” – ნინო რამიშვილი კარფურის პიარისა და კომუნიკაციების დირექტორი.
სპარი
,,სპარის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით თანამშრომლების მიმართ. გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმები სხვადასხვა ვითარებაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ ძალიან მკაცრად მივყვებით ჯანსაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. პირველი რაც გავაკეთეთ პრევენციული ღონისძიებების სახით ეს არის, რომ ღამის საათებში ინტენსიურად იწამლება სადეზინფექციო ხსნარით ყველანაირი ზედაპირი. ყოველ ერთ საათში ერთხელ, შეხსენებითი მეილი ეგზავნებათ თანამშრომლებს მაღაზიებში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ (ეს არის ხელის დაბანის ეტიკეტი, დისტანცირება და ა.შ). მესამე არის ის რომ თანამშრომელი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 2 კვირის განმავლობაში არ ვუშვებთ სამუშაო ობიექტზე. გამოვყავით მაღალი რისკის ჯგუფის თანამშრომლები როგორც ოფისის, ასევე მაღაზიების. ჩვენ დავითხოვეთ ისინი და გადავედით ან შვებულების რეჟიმში ან დისტანციურ რეჟიმში. ასევე დავურიგეთ ყველა მაღაზიას სადეზინფექციო ხსნარები” – მირანდა მანჯგალაძე სპარის მმართველი დირექტორი.
გუდვილი
რაც შეეხება გუდვილს, როგორც მათმა ხარისხის სამსახურის უფროსმა ლევან ჩიტეიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ისინი ყოველთვის იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს და ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ გაორმაგდა. ,,ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე და მუდმივ რეჟიმში ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გუდვილის ფილიალებში პერმანენტულად ტარდება კედლების, იატაკისა და სპეც. ინვენტარის ყველა ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. გავამკაცრეთ პირადი ჰიგიენის ნორმები. გვაქვს ნიღბები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები. გამოვაკარით პოსტერები, თუ როგორც დავიცვათ თავი ვირუსისგან. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს”.
აგროჰაბი
აგროჰაბის სამივე ფილიალის შესასვლელში განთავსებულია სადეზინფექციო სითხე და ერთჯერადი ხელთათმანები. დღის განმავლობაში სისტემატურად სადეზინფექციო ხსნარებით იწმინდება დახლები, მაგიდები და ყველა სხვა ზედაპირი.
ევროპროდუქტი
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანია ევროპროდუქტში შემდეგი ნაბიჯები გადავდგით:
- მოვუმატეთ კონსულტანტებს და მოლარეებს ხელფასები.
- მათი უსაფრთხოების მიზნით ვუზრუნველყავით თანამშრომლების ტრანსპორტირება.
- თითოეულ ობიექტს ადგილზე ჩაუტარდა ტრენინგები და გაეწერათ გაიდლაინები .
- საათში ერთხელ კეთდება სალაროს ზონის და ხაზის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება
- დაურიგდათ პირბადეები, ხელთათმანები და სადიზინფექციო საშუალებები არამარტო თანამშრომლებისთვის არამედ მომხმარებლებისთვისაც.
- ვისაც შესაძლებლობა ქონდათ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე გადავიყვანეთ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.
ჩვენ ვართ მომსახურების ის სფერო რომელიც ვალდებულია მაქსიმალური პასუხისმგებლობით იმუშაოს ამ ვითარებაში.
მზაობას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ იმ კომპანიის ეიჩარებთან ვისაც უწევს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კადრის შემცირება, ჩვენი კომპანია შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს უსამსახუროდ დარჩენილი კადრის დასაქმებას. – თინათინ ღლონტი, ევროპროდუქტის HR მენეჯერი.