შემოგვიერთდით

,,განვითარება განათლების გარეშე წარმოუდგენელია”- ნატო გვაზავა

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, ,,ევოლუშენ საქართველოს” ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ნატო გვაზავა. ნატოს აქვს 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვაში საბანკო, სასტუმროების, რესტორნებისა და საცალო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებში.
2 წლის განმავლობაში ადამიანური რესურსების მართვის პარალელურად იყო სასტუმროს გენერალური მენეჯერის მოადგილე ოპერაციების მიმართულებით და კურირებდა 168 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას ბათუმში.

HR hub: რომ არა HR ვიქნებოდი

პოლიტიკური ანალიტიკოსი

HR-ში სამსახურის დაწყებამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ სწორედ ამ სფეროს დავუკავშირდები ჩემს კარიერას, რადგან ჩემი პროფესიული განვითარება იმ მიმართულებით წარმომედგინა, რასაც ვსწავლობდი. თუმცა, გამიმართლა და გამოცდილმა HR-ებმა, ვისთანაც სულ სხვა პოზიციის გასაუბრებაზე აღმოვჩნდი, სწორად დაინახეს ჩემი პოტენციალი.

HR hub: გასაუბრებაზე ყველაზე მეტად არ მომწონს …

ვისურვებდი, რომ ყველა კანდიდატი იყოს მეტად მომზადებული გასაუბრებისთვის. სამწუხაროდ, არსებობენ კანდიდატები, რომელთაც არ გააჩნიათ საბაზისო ინფორმაცია კომპანიის, ვაკანტური თანამდებობის შესახებ. ასევე, აჯობებდა, კანდიდატების პირველი შეკითხვები ეხებოდეს სამუშაოს სპეციფიკას, კომპანიის კულტურას, გარემოს, განვითარების შესაძლებლობებს და შემდეგ – ანაზღაურებას.

HR hub: არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს

ვიდრე არ დავრწმუნდები ვაკანტური თანამდებობისა და კანდიდატის შესაბამისობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნა სასარგებლო იყოს როგორც კომპანიისთვის, ასევე, კანდიდატისთვის და თითოეული პოზიცია ადამიანს აძლევდეს შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. კომპანიაში ნებისმიერი კანდიდატისთვის შეიძლება მოიძებნოს ადგილი. მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს ადამიანის პოტენციალის გამოვლენა და მისთვის სწორი პოზიციის შერჩევა.

HR hub: გამოცდილი თუ მოტივირებული? არჩევანს გავაკეთებ

მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გარეშეც ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება საქმის კარგად კეთება. თუმცა, არსებობს ისეთი პოზიციები, სადაც აუცილებელია ორივეს კომბინაცია. თუ გამოცდილება გადამწყვეტი არ არის მოცემულ მომენტში, რა თქმა უნდა, უპირატესობას ადამიანის მონდომებასა და ენთუზიაზმს მივანიჭებ.

HR hub: კომპანია, სადაც დაუფიქრებლად ვიმუშავებდი

ევოლუშენ გეიმინგი


HR hub: ადამიანს
, რომელიც უშედეგოდ ცდილობს დასაქმებას ვურჩევდი

გადახედონ თავიანთ განათლებას, გამოცდილებასა და უნარებს და ზუსტად იმ ვაკანსიებზე გააკეთონ განაცხადი, რომლებიც შეესაბამება ამ მონაცემებს.

მნიშვნელოვანია, ადამიანმა ზუსტად განსაზღვროს, რისი კეთება მიანიჭებს ბედნიერებას, გაარკვიოს რა უნარები და ცოდნა დასჭირდება ასეთი პოზიციისთვის და განავითაროს თავისი უნარები ამ მიმართულებით.

ვურჩევდი, თითოეული გასაუბრების შემდეგ, კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი თავი და ყოველი შემდგომი გასაუბრება გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად.

HR hub: 3 წიგნი, რომელიც HR- აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული
სასურველია, HR-ს 3-ზე მეტი წიგნი ჰქონდეს წაკითხული. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ბოლო 13 წელიწადია, ჩემი სამაგიდო წიგნი საქართველოს შრომის კოდექსია.

ტექნოლოგიების ხანაში ყველაზე მნიშვნელოვანია, HR-მა თვალყური ადევნოს მის სფეროში მიმდინარე ტენდენციებს, მუდმივად ეცნობოდეს შესაბამისი სფეროს ჟურნალებს, თანამედროვეობის გამოჩენილი ადამიანების სამოტივაციო სიტყვებს.

ჩემი საყვარელი წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, არის მოტივაციის უდიდესი წყარო და კიდევ არაერთხელ წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით, არის აინ რანდის „Atlas Shrugged”.
HR hub: ადამიანისთვის
ყველაზე დიდი მოტივატორია

გული, ხელები და თვალები – უყვარდეს და კარგად აკეთოს თავისი საქმე, დაინახოს და დაუფასდეს შედეგი.
HR hub: შეცდომა
, რომელზეც ვისწავლე

რომელი ერთი?

ვთვლი, რომ ვინც არ მუშაობს, ის არ უშვებს შეცდომებს. ეს არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეცდომიდან ვისწავლოთ რაღაც და მე ჩემი გამოცდილების მანძილზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.


HR hub: მე
რომ პრემიერი ვიყო
არა, გმადლობთ!

ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე არ ავიღებდი, თუმცა, ვისურვებდი, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა საქმიანობა ქვეყნის განვითარების მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს, ყველაზე პრიორიტეტული იყოს განათლება, რადგან, ჩემი აზრით, განვითარება განათლების გარეშე წარმოუდგენელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *