შემოგვიერთდით

,,ვარჯიში აბედნიერებს!” – ფიტნეს ტრენერი ია უძილაური

#პროფესიიდანპროფესიამდე რუბრიკის სტუმარია ფიტნეს ტრენერი ია უძილაური. პროფესიით ისტორიკოსი, კულტურის მეცნიერებების მაგისტრი ძალიან წარმატებული ფიტნეს ტრენერია. ის პირველი ქართველი ქალი ბოდიბილდერია, რომელმაც ესპანეთში საერთაშორისო შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა. ია მოზარდების ფიზ. მომზადების მწვრთნელი, პარაოლიმპიელი სპორტსმენების და შშმ პირების ფიზიკური დატვირთვის მწვრთნელი და ტექნოჯიმის მასტერ ტრენერია. ფიტნეს სფეროში 7 წლიანი გამოცდილების თავზე ფიტნეს სკოლის ხელმძღვანელობას, ლექციების წაკითხვას, საკუთარი ცოდნის გაზიარებას და ამ სფეროში პროფესიონალიზმისა და განათლების საჭიროების წახალისებას, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს.

HR hub: ია შენ კულტურის მეცნიერებების მაგისტრი ხარ  და დოქტურანტურაზეც ამ მიმართულებით გაქვს ჩაბარებული. რატომ შეაჩერე ამ პროფესიაზე არჩევანი?

ვცდილობ გავიხსენო… :)) ყოველთვის მაინტერესებდა რატომ განსხვავდებოდნენ ცალკეული ადამიანები და უფრო მეტად კულტურები ერთმანეთისგან, ვოცნებობდი მოგზაურობაზე და მსოფლიოს გაცნობაზე, ალბათ ამიტომ.

HR hub: გიმუშავია შენი პროფესიით?

კი მიმუშავია და ვფიქრობ წარმატებით, მაგალითად სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებზე, როგორც მკვლევარს და როგორც ლექტორსაც უნივერსიტეტში.

HR hub: როდის დაინტერესდი ფიტნესით?

2012-2013  წლებში, უცნაურია და მაშინ როდესაც ჩემს პირველ პროფესიაში მნიშვნელოვანი და კარგი ეტაპი მქონდა.

HR hub: უკვე წლებია რაც ფიტნეს ინსტრუქტორი ხარ და ფიტნეს სკოლაშიც ასწავლი. თვლი, რომ შენი თავი ამ პროფესიაში იპოვე?

ვთვლი რომ მიყვარს ჩემი საქმე და ძალიან კარგად გამომდის. ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრ განსხვავებულ პროფესიაში ვიპოვიდი თავს და სულ ვნერვიულობ როდის მოვასწრებ, მაგრამ გაგიმხელთ რომ აუცილებლად ვაპირებ, სულ ძიებაში ვარ.

HR hub: მარტივად მიიღე გადაწყვეტილება, რომ სხვა პროფესიაში მოგესინჯა თავი?

არა, ეს ის შემთხვევა არ ყოფილა რომ ჩემს პროფესიაში თავს ცუდად ვგრძნობდი. პირიქით,  დღემდე მენატრება ხოლმე ჩემი პირველი პროფესიაც. თუმცა სწორედ იმ პროფესიამ ( კულტურის მეცნიერებებმა ) მასწავლა, რომ ვიყო მრავალფეროვანი, არ შემეშინდეს ცვლილებების, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და რომ როგორც კულტურები ცალკეული ინდივიდებიც განსხვავებულები და უნიკალურები ვართ.

HR hub: რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს საქმეში?

ჩემს საქმეში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩარჩოებში არ ვარ მოქცეული. ყოველთვის ბევრი სიახლეა და ერთი და იგივე რამის კეთება არ მიწევს.

ძალიან მიყვარს როცა ადამიანებს ვავარჯიშებ, ვუწერ სწორ კვებას  თუ ვაძლევ მოტივაციას .. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, ასევე ვატრენინგებ მწვრთნელებს და მომავალ მწვრთნელებს, ვუზიარებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას.

ვეხმარები დარბაზების მოწყობაში კომპანიებს (ე.წ. კონსულტინგი),  ვთანამშრომლობ სხვადასხვა ტიპის კომპანიებთან, რომლებიც რამე სახით ფიტნესთან კავშირშია. მოკლედ რომ გითხრათ ჩემთვის ფიტნესი მხოლოდ მწვრთნელობით არ შემოიფარგლება.

HR hub: რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესია, თუმცა სხვა სფერო აინტერესებთ და ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას.

რაც უკვე აქვთ ისედაც ვერავინ წაართმევთ. ვურჩევდი რომ აუცილებლად გაბედონ და იჩქარონ! არაფერს დაკარგავენ წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაშიც კი. პირიქით შეიძენენ გამოცდილებას, გაიზრდებიან პიროვნულად და ნებისმიერ პროფესიაში დაეხმარებათ ეს სამომავლოდ.

HR hub: და ბოლოს, რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც არ ვარჯიშობენ.

ალბათ იმას ელოდებით რომ ვეტყვი ივარჯიშონ?! არა, უბრალოდ იყვნენ აქტიურები, მოწონდეთ საკუთარი თავი და ახსოვდეთ, რომ ერთადერთი გზა დარჩნენ სულ ასეთი ენერგიულები, ჯანმრთელები, ლამაზები და ბედნიერები, არის აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ვარჯიში აბედნიერებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *