შემოგვიერთდით

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ინგლისში იტალიური რესტორნის დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს

ლიკა კვირიკაშვილი, 43 ნაბეჭდი და 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორია. მისი ნამუშევრები იყიდება წიგნების ონლაინ საიტებზე, გამომცემლობების პირად ვებ-გვერდებზე, ადგილობრივ მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში. ის არის რამდენიმე ბესტსელერი წიგნის ილუსტრატორი. ესენია ცნობილი ამერიკელი ტელე-რადიო წამყვანის, მწერლისა და საჯარო სპიკერის, Jacqui Phillips-ის წიგნი „RESET”, რომელმაც დიდი წარმატება და გამოხმაურება მოიპოვა ადგილობრივი პრეზენტაციებითა და ონლაინ გაყიდვების რაოდენობით. ასევე ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის, კუნფუს ჩემპიონის და ამჟამად ცნობილი ტრენერისა და მამოტოვირებელი სპიკერის  Sifu Romain-ის წიგნი „Unbreakable”.

ლიკა სულ ახლახანს ინგლისში, იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს. HR hub ესაუბრა მას და ინტერვიუც მოგიმზადათ.

HR hub: ლიკა მოგვიყევით თქვენი განათლების შესახებ. სად სწავლობდით და რა დაამთავრეთ ?

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის ფაკულტეტი. ამ პერიოდში დავინტერესდი გრაფიკული პროგრამებით და ჩავაბარე ჯიპას სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე. აკადემიის სწავლის პერიოდში პარალელურად მიტაცებდა წიგნის ილუსტრაცია და ჯიპას პროგრამების შესწავლის შემდეგ ვცადე გრაფიკულად შემექნა ილუსტრაციები, რამაც მოულოდნელი შედეგი გამოიღო და უკვე 5 წელია წიგნის ილუსტრატორად ვმუშაობ.

წიგნის ყდა – Yellow raincoat and red mittens, მწერალი Davit Whiting

HR hub: თქვენ ხართ Risque Dukes Swim Apparel-ის დიზაინერი. როგორც ვიცი, ეს კომპანია ამერიკაში მოღვაწეობს. როგორ დაიწყეთ იქ მუშაობა ?

ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე წიგნის გამომცემლობებთან ინგლისში, ავსტრალიასა და ამერიკაში. ბოლო ერთი წელია ამიყვანეს “Risque dukes swim apparel”-ის ამერიკულ კომპანიაში, საცურაო კოსტუმების დიზაინერად. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩემი პორტფოლიო დაათვალიერეს ერთ-ერთ ფრილანსერულ საიტზე, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ და შემიკვეთეს პირველი საცურაო კოსტუმების ხაზი. ამჟამად ჩემი დიზაინის საცურაო კოსტუმები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე risquedukes.com. რაც შეეხება მოდის დიზაინის სფეროს, მითანამშრომლია ისეთ ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან, როგორიცაა Coleman. შევქმენი ახალი დიზაინები წინა წლის კოლექციისთვის.

HR hub: სულ ახლახანს აგიყვანეს იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერად/ილუსტრატორად ინგლისში Capri restaurant-ში. როგორ მოხვდით იქ ?

სულ ახლახანს ამიყვანეს გრაფიკულ დიზაინერ/ილუსტრატორად იტალიურ რესტორანში Capri Italian Eatery, რომელიც მდებარეობს ინგლისში. მათაც ასევე ონლაინ პორტფოლიოთი მიპოვეს და რამოდენიმე პროექტის შესრულების შემდეგ დამიქირავეს.

HR hub: ხშირად მოგიწევთ თუ არა ინგლისში ჩასვლა თქვენი სამუშაოდან გამომდინარე?

ჯერ-ჯერობით ყველა პროექტი განვახორციელეთ ონლაინ მუშაობის რეჟიმში, სამომავლოდ შესაძლოა ლოკალურად მომიწიოს მუშაობა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

HR hub: რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში ?

ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კონტრაქტი და ხანგრძლივი თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ წიგნის გამომცემლობებთან, ასევე მოდის ილუსტრირების სფეროში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობა, რაც მეტ სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას შემმატებდა კარიერულად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებ მსგავს შემოთავაზებებს.

                   წიგნის ყდა – The Dead Woman Who Lived, მწერალი Endellion Palmer
                   წიგნის ილუსტრაცია- Eventyr, tales of love beyond the grave, მწერალი Andrew O’Connell
 ალბომის ყდა – ფრანგი მუსიკოსის Konixion-ის  მუსიკალური დისკი Kakurenbo