თიკო გოგიშვილი HR hub Next–ის მეორე ნაკადის წევრია. ნექსთში მოხვედრამდე ის სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, თუმცა არა HR-ის მიმართულებით. 2019 წლის დასაწყისში თაკომ მუშაობა დაიწყო ვისოლ ჯგუფში შემავალ კომპანიების: ,,სმარტის”, ,,ვენდისისა” და ,,დანქინის”, ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. სულ ახლახანს კი გადაინაცვლა ,,ვენდისის’’ და ,,დანქინის’’ HR დეპარტამენტში. გეგმავს, რომ კარიერა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელოს.
შეგახსენებთ HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.
HR hub: თიკო მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი ,,ვენდისსა” და ,,დანქინში”?
ამჟამად ვარ კომპანიების ‘’ვენდისის’’ და ‘’დანქინის’’ HR დეპარტამენტის თანამშრომელი. ჩემი მომავალი ხელმძღვანელი სწორედ HR Hub Next-ში გავიცანი, როგორც ერთ-ერთი მენტორი. მაქვს საშუალება ვიყო წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი და ვიმუშავო პროფესიონალებთან ერთად. ‘’ვენდისი’’ და ‘’დანქინი’’ ნამდვილად ის კომპანიებია, სადაც ყველა პირობაა შექმნილი რომ გავიზარდო პროფესიულად და მივიღო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება.
HR hub: თიკო რატომ დაინტერესდი HR hub Next-ის პროექტით?
ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ დაინტერესებული ვიყავი HR-ით. დავიწყე სხვადასხვა ტრენინგის, კურსის და პროექტის მოძებნა, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიმეღო გარკვეული გამოცდილება. სწორედ ასე ვიპოვე HR Hub-ის პროექტი HR hub Next. ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა საქართველოში წამყვანი კომპანიების HR-ების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ამ პროფესიაში არსებული გამოწვევების გაცნობა და პრაქტიკული რჩევების მიღება. დღემდე მახსოვს ის ემოცია, ზუკას ზარს რომ მოჰყვა, რომელმაც მითხრა შერჩეული ვიყავი როგორც მონაწილე და გახსნის დღეზე დამპატიჟა.
HR hub: რაში დაგეხმარა ნექსთში მიღებული ცოდნა?
პროექტის განმავლობაში თითოეული შეხვედრა იყო დატვირთული როგორც თეორიული ცოდნის მიღებით, ასევე პირადი გამოცდილების გაზიარებით. დიდი ფუფუნებაა ისმენდე როგორ გიზიარებს საკუთარ აღმოჩენებს წარმატებული კომპანიის პროფესიონალი HR მენეჯერი, როგორ გიყვება საკუთარ შეცდომებზე და გიხსნის ასეთი შემთხვევებისგან მიღებულ გამოცდილებას.
HR hub: რას ურჩევდი მომავალი ნექსთის წევრებს?
მომავალი ნექსთის წევრებს ვურჩევდი მაქსიმალურად მიიღონ მენტორებისგან ინფორმაცია, დასვან კითხვები, ჩართულები იყვნენ მთელ პროცესში, გაიცნონ პროექტის მონაწილეები. პირადად ჩემთვის ძალიან ძვირფასია ყველა ის ადამიანი, რომელიც პროექტმა გამაცნო და დღემდე აქტიურად ვურთიერთობთ.
HR hub Next-ის მეოთხე ნაკადის მიღება დაწყებულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: HR hub Next.