შემოგვიერთდით

,,HR-ს და კულინარიას საერთო მიზნები აქვთ: ადამიანთა დაკავშირება და გაერთიანება” – ნათია სუხაშვილი HR და ,,მასტერშეფი”

ნათია სუხაშვილი 5 წელზე მეტია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა მაგისტრატურა – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აქვს დამთავრებული. ნათია ციფრული მედიის სფეროში, adjara.com-ში HR ჯენერალისტის პოზიციაზე მუშაობს. ამჟამად მონაწილეობას იღებს კულინარიულ მეგაშოუში მასტერშეფი • MasterChef Georgia, რომელიც  –  საქართველოს პირველ არხზე, ყოველ კვირას, 22:00-ზე გადის.

HR hub: ნათია მოდი დავიწყოთ კითხვით რატომ HR?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა HR-ის ყველა ფუნქციის შესრულება. საკუთარი ცოდნის და უნარების რეალიზების შესაძლებლობას მაძლევს. ამ პროფესიაში ვერასდროს მოდუნდები, რადგან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც უამრავი გამოწვევის წინაშე ვართ. და ბოლოს ძალიან სასიამოვნოა ხედავდე საკუთარ წვლილს კომპანიის და კონკრეტული ინდივიდების კარიერულ წარმატებაში.

HR hub: დიდი ხანია რაც კულინარიით ხარ დაინტერესებული?

არ მახსოვს, ფაქტიურად ბავშვობიდან რაღაცეებს ვაკეთებ, თუმცა სერიოზულად და ხარისხიანად ეს საქმე ალბათ უფრო 15 – 16 წლის ასაკიდან გამომდის.

HR hub: არის რაიმე საერთო HR-სა და კულიანარიას შორის?

რა თქმა უნდა! ჩემი გადმოსახედიდან HR-ს და კულინარიას საერთო მიზნები აქვთ, ესენია ადამიანთა დაკავშირება და გაერთიანება. საკვები და მასთან დაკავშირებული რიტუალები უძველესი დროიდან ადამიანთა დამაკავშირებელი საშუალება  იყო.

HR hub: რა მოგწონს ყველაზე მეტად ,,მასტერშეფში“?

ორი რამ. პირველი ის, რომ ცხადია ჩემს ნომერ პირველ ჰობს უკავშირდება და მეორე ის, რომ გაქვს წინ უზარმაზარი სირთულე, შეზღუდული რესურსები და ამ კრიტიკულ პირობებში არა მხოლოდ თავი უნდა გაართვა დავალებას, არამედ იყო შემოქმედებითი, ორიგინალური და აჯობო კონკურენტებს. დიდი აზარტია ასეთ წნეხში ყოფნა.

HR hub: როგორ ფიქრობ რატომ აღმოჩნდი პირველ ეტაპზე აუთსაიდერებს შორის? სად დაუშვი შეცდომა?

ძალიან რთული გადასალახი აღმოჩნდა დროის ფაქტორი. მიჩვეული ვარ იმას, რომ მზადება ჩემთვის თერაპიაა, გართობაა, ვფიქრობ პროცესზე და შედეგზე  და არასდროს მახსენდება დრო. აი მასტერშეფის სამზარეულოში კი ყოველ წუთს გახსენებენ, თუ რა ცოტა დრო გაქვს, მე კი მიჭირს ამის გათვალისწინება.

HR hub: კერძი, რომლის მომზადებაც არასდროს მოგბეზრდება

შესაძლოა  მასტერშეფის მონაწილისგან რაიმე უცნაურისა და იშვიათის დასახელებას ელით. ერთ კერძს ვერ დაგისახელებთ, ჩემთვის ეს არის პიურე (მათ შორის წაბლის, რომელმაც რამის შეიწირა ჩემი მასტერშეფის სტატუსი)  და ქათმის მკერდი, არასდროს მომბეზრდება მათი ათასნაირი ვერსიის მომზადება. თან ყველას უყვარს.

HR hub: რომელია შენი საყვარელი სამზარეულო?

ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სამზარეულოები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს. აქვე დავამატებ, რომ ცხადია მშობლიურ სამზარეულოზე უფრო ახლობელი ვერც ერთი გემო გახდება და მიყვარს და ვამაყობ ქართული სამზარეულოთი.

HR hub: როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე, რომელიც კონკურსში დაგეხმარება?

პოზიტიური  განწყობა. ვიაზრებ, რომ ეს შოუა, შესაბამისად არ მაშინებს არანაირი დავალება და არც აუთასიდერებში დგომა. ბოლომდე ვინარჩუნებ მობილიზებასა და შემართებას.

HR hub: დაასრულე ფრაზა, კულინარია ჩემთვის არის ….

ჰობი, ანუ სიყვარული და ცხოვრება. ოდესმე ჩემს პროფესიას თუ თავს  დავანებებ, ალბათ სამზარეულოში გადავბარგდები.