შემოგვიერთდით

როგორ მოიგო ლიკა ნოზაძემ ,,გრანდ ვოიაჟის” მთავარი პრიზი HR ბიზნეს სამიტზე

2019 წლის HR ბიზნეს სამიტზე, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და HR-ში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, ტურისტულმა კომპანია გრანდ ვოიაჟმა  დააწესა 2 ავიაბილეთი.

სუპერ პრიზის მფლობელი გახდა  HR კონსულტანტი ლიკა ნოზაძე. როგორ მოიგო ლიკამ აღნიშნული პრიზი და სად იმოგზაურა ინტერვიუდან შეიტყობთ.

HR hub: ლიკა გაიხსენე როგორ გახდი HR ბიზნეს სამიტზე გრანდ ვოიაჟის მთავარი პრიზის მფლობელი?

სანამ პრიზის მოგების ამბავზე გადავალ, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ HR Hub-ის გუნდს იმ არაჩვეულებრივი და გემრიელი ღონისძიებებისთვის, რითაც მუდმივად გვანებივრებთ HR სფეროში მოღვაწე ადამიანებს. ამ ღონისძებებიდან კი, განსაკუთრებით  მასშტაბური და დასამახსოვრებელი HR ბიზნეს სამიტი, ჩემი აზრით, იმით გამოირჩევა, რომ საინტერესოსთან ერთად, სახალისო და სიურპრიზებით სავსეა. 2019 წლის ბიზნეს სამიტზე სპიკერობის და ღონისძიების გახნის გარდა, საუკეთესო საჩუქრის მოგება მხვდა წილად, რამაც, გულწრფელად გეტყვით, კიდევ უფრო დადებითი ემოციებით განმაწყო ღონისძიების მიმართ.

მახსოვს ღონისძიების ბოლოს, მთელი რიგი საინტერესო სპიკერებისა და პანელური დისკუსიის მოსმენის შემდეგ, თქვენმა გუნდმა გათამაშება მოაწყო, რომელიც მცირე დროში ბევრი კონტაქტის შეგროვებას გულისხმობდა. მე, ზოგადად, აზარტში ადვილად ვვარდები და მაშინვე, ხალისით ავიტაცე თამაშის წესები. არც ველოდი მოგებას, თუმცა, გამიმართლა. პრიზიც ძალიან მამოტივირებელი იყო – 2 ავიაბილეთი ბუდაპეშტის, პრაღის ან ვენის მიმართულებით. მიმართულების არჩევა მოგებულის სურვილზე იყო დამოკიდებული. ნამდვილად საუკეთესო განცდაა როდესაც რაღაცას იგებ და მით უმეტეს, თუ ეს მოგზაურობას უკავშირდება. მე ხომ მოგზაურობაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს.

HR hub: რას გვეტყოდი გრანდ ვოიაჟის მომსახურებაზე?

გულწრფელად გეტყვით, როდესაც სამოგზაუროდ მივდივარ, უფრო ხშირად, ჩემით ვგეგმავ ყველაფერს – ბილეთების ყიდვას, შიდა ტურებს, სასტუმროს, მუზეუმებს – ვტკბები ამ პროცესით. თითქოს ვირტუალურ მოგზაურობას ვიწყებ ამ დროს იქ, სადაც ტური მაქვს დაგეგმილი.

რადგან პრიზი გრანდ ვოიაჟის საჩუქარი იყო, რა თქმა უნდა არც მიფიქრია ჩემით დამეწყო ტურის სხვა დეტალების დაგეგმვა. გრანდ ვოიაჟმა იმდენად კომფორტულად, გულიანად, საუკეთესო მომსახურებით უზრუნველყო ჩემი ტურის რეალობად გადაქცევა, რომ მივხვდი, ყოველთვის ჯობია, ეს საქმე მიანდო პროფესიონალებს.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გრანდ ვოიაჟის დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის – ნუცა დურგლიშვილის საოცარი კეთილგანწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მისი მუდმივი მზადყოფნა სწრაფად და ოპერატიულად მოგიგვაროს  ნებისმიერი საკითხი, დაგაკვალიანოს, ყველა შენს შეკითხვას ამომწურავად და თბილად უპასუხოს.  ვფიქრობ, ასეთი განსაკუთრებული სერვისი ქმნის იმას, რასაც მომხმარებლის გამოცდილება ჰქვია და ჩემი  გრანდ ვოიაჟთან ურთიერთობის გამოცდილებაც იმდენად პოზიტიური და საუკეთესოა, რომ მე პირადად აუცილებლად კიდევ, და ბევრჯერ მივალ ნუცასთან. დღეს ხომ რეალურად სერვისის მხოლოდ მიწოდება არ არის მთავარი, დღეს მთავარია, სერვისთან ერთად უნიკალური და პოზიტიური გამოცდილება შეუქმნა მომხმარებელს. გრანდ ვოიაჟი და ნუცა ამას უნაკლოდ აკეთებენ.

HR hub: რატომ აირჩიე ბუდაპეშტი?

ძალიან მიყვარს სამივე ქალაქი, მაგრამ ჩემთვის ბუდაპეშტი, ემოციების დონეზე, მეორე სახლია. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში სწავლისას, რომელიც ბუდაპეშტში მდებარეობს, ამ ულამაზეს ქალაქში ერთი წელი ვიცხოვრე. ეს ერთი წელი იყო საუკეთესო მეგობრების, პროფესორების, გამოცდილების შეძენის წელი. ბუდაპეშტში გატარებულმა სტუდენტურმა ცხოვრებამ და ქალაქის მისტიურმა ხასიათმა ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გამიჩინა მის მიმართ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიდე ხოლმე და მოვიარო ჩემი საყვარელი ადგილები. გაგიმხელთ, ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი ხანშიშესულობა ამ ქალაქში წარმომიდგენია. ჩემი ბუდაპეშტისადმი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ჩემს პოსტებშიც ვწერ მასზე: „ვიცხოვრებდი ოპერასთან ახლოს, შიდა ეზოებიან ლამაზ და პატარა სახლში, საღამოობით ვისეირნებდი ქვაფენილებიან ქუჩებში, სიარულისას საკუთარი ფეხის ხმა რომ გესმის. ვივლიდი თრემით.  გვიან სახლში მოსული, ჩამოვჯდებოდი აივანზე, შიდა ეზოს რომ უყურებს, ავხედავდი მთვარეს და დავითვლიდი ნაოჭებს, აქაურობის ყურებისას ღიმილმა სახეზე რომ გამიჩინა“ – აი ამ მისტიკური სიყვარულის და მიჯაჭვულობის გამო ავირჩიე ბუდაპეშტი. რა თქმა უნდა ბევრი არც მიფიქრია.

HR hub: რა რჩევებს მისცემდი ბუდაპეშტში მოგზაურობის მსურველებს?

  1. არ დაგეგმოთ 3 დღიანი ტურები, 3 დღეში ვერაფრის წესიერად აღქმას ვერ შეძლებთ;
  2. აიღეთ ბინა/სასტუმრო მეხუთე ან მეექვსე დისთრიქთში, რომ ყველაფერთან ახლოს იყოთ;
  3. იარეთ სულ ფეხით, ერთი ორჯერ თრემი შეიძლება, მაგრამ ფეხით სიარული შეგაგრძნობინებთ ამ ქალაქის მისტიკურობას;
  4. გაეცანით უნგრეთის კულტურას და აუცილებლად ეზიარეთ მას, საოცარი კულტურა აქვთ;
  5. ეკონტაქტეთ ადგილობრივ ადამიანებს, ისინი საუკეთესო მეგობრები არიან;
  6. არ წამოხვიდეთ ისე, რომ ამ ქალაქის კლუბური ცხოვრება არ გამოცადოთ;
  7. აუცილებლად ეზიარეთ ბუდაპეშტის ჯაზს.

ეს არის უდიდესი კულტურის და საუკეთესო ადამიანების ქალაქი.

HR hub: და ბოლოს, გვითხარი შენი აზრი HR ბიზნეს სამიტის შესახებ. როგორ ფიქრობ რატომ უნდა დაესწროს ხალხი ამ ღონისძიებას?

HR ბიზნეს სამიტი არის უნიკალური შესაძლებლობა როგორც HR სფეროს პროფესიონალებისთვის, ასევე, კერძო, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, ვისაც:

  • უნდა, რომ გაიგოს რითი სუნთქავს HR საქართველოში;
  • უნდა, რომ მუდმივად სიახლეების და თანამედროვე ტრენდების შესახებ ფლობდეს ინფორმაციას;
  • სურს, გააზიაროს თავისი გამოცდილება;
  • სურს გაიზიაროს საინტერსო ხალხის გამოცდილება;
  • შეიძინოს HR მეგობრები და არა მარტო;
  • სურს საკუთარი ყურით მოისმინოს და საკუთარი თვალით დაინახოს რა გამოწვევებია ჩვენს სფეროში;
  • უნდა, რომ უბრალოდ ერთი დღე გაატაროს ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, რომელიც სასარგებლოსთან ერთად სახალისოა და კაცმა არ იცის რა სიურპრიზს მოგიტანს.