შემოგვიერთდით

,,მხოლოდ საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ გარშემო, დანარჩენი თავისთავად ხდება”, – გურანდა ხოხობაშვილი

მაშინ როცა, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და კომპანიებიდან თანამშრომლების გაშვება და ხელფასების შემცირება დაიწყო, ,,ბლაუენშტაინ საქართველომ” თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა.

მათი გუნდის წევრებს ადვილად შეატყობთ რომ საქმე, რომელსაც აკეთებენ უყვართ. ჩვენ ვესაუბრეთ ბლაუენშტაინ საქართველო–ს ადამიანების განვითარების მენეჯერს გურანდა ხოხობაშვილს და ვკითხეთ რა არის მათი გუნდის საიდუმლო.

HR hub: გურანდა რას ემყარება თქვენი კომპანიის კორპორაციული კულტურა?

ბლაუენშტაინის სლოგანი – „როგორც წესია“ ზოგადად განაპირობებს კომპანიაში ყველა მიმართულებით საქმის კეთების მანერას. თუმცა, ადამიანებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა, როგორც კულტურა.

HR hub: შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ ძალიან შეკრული გუნდი ხართ. როგორ მიაღწიეთ ამას?

მხოლოდ საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ გარშემო, დანარჩენი თავისთავად ხდება. ვფიქრობ, მთავარ ღირებულებებს თუ იზიარებს გუნდის ყველა წევრი, მაშინ დამატებითი სავარჯიშოები საჭირო აღარ არის.

HR hub: HR ბიზნეს სამიტზე თქვენ, კომპანიის სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებთან ერთად, უმასპინძლდებოდით მოსულ სტუმრებს. როდესაც იგებდნენ, რომ თავად დირექტორი ემსახურებოდათ, ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. რატომ გადაწყვიტეთ ასე გაგენაწილებინათ ფუნქცია-მოვალეობები?

ჩვენს კომპანიაში ზოგადად ასე ვმუშაობთ, როცა საქმე სტუმარ-მასპინძლობას ეხება იქ სტრუქტურული იერარქია და პოზიციური გადანაწილება აღარაფერს ნიშნავს, ყველა მასპინძელი ვხდებით.

HR hub: როგორ ფიქრობთ თქვენი გუნდის მთავარი მიღწევა რა არის?

ჩვენი გუნდი უდავოდ ერთიანია, პატივისცემაზე და ერთმანეთის ზრუნვაზე ორიენტირებული. მთავარი მიღწევაც ალბათ ეს არის.