1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,ევოლუშენ საქართველოს” ტალანტების მოზიდვის სპეციალისტის დეა მოდებაძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
,,ევოლუშენი” საერთაშორისო, დინამიური, ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა და რაც მთავარია – ადამიანების კომპანიაა. ახალგაზრდული,მეგობრული და გუნდური ატმოსფერო არის ის, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს. მსოფლიოს მასშტაბით ევოლუშენში 80-ზე მეტი ეროვნების ადამიანი მუშაობს – განსხვავებული მისწრაფებებით, გამოცდილებითა და კულტურით. ევოლუშენის, როგორც კომპანიის როლი სწორედ ამ განსხვავებულობის პატივისცემა და დაფასებაა, რადგან სწორედ ეს ქმნის მთლიანობაში ჯაჭვს, სადაც თითოეული რგოლი მნიშვნელოვანია.
კომპანიაში გვჯერა, რომ კორპორატიულ კულტურას ის ადამიანები ქმნიან, ვინც ჩვენი გუნდის წევრები არიან და ამიტომ, ვეძებთ ევოლუშენერებს, რომლებსაც აქვთ გახსნილი, სხარტი გონება, მზად არიან, სწრაფად აუწყონ ფეხი განვითარებას, პატივს სცემენ და უსმენენ ერთმანეთს.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …
შექმნა გამორჩეული და მიმზიდველი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს მნიშვნელოვნად და ამავე დროს კომფორტულად იგრძნობს, შეუქმნა დასაქმების მსურველებს სწორი მოლოდინები და მაქსიმალურად გაითვალისწინო მათი საჭიროებები სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
ადამიანის სურვილს და მზაობას, შემოუერთდეს ევოლუშენის დიდ და ამავე დროს საოცრად მეგობრულ გუნდს.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
გამომდინარე იქიდან, რომ ევოლუშენი გამოირჩევა პოხიციების მრავალფეროვნებით, რომელზეც უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანი მუშაობს, ვცდილობთ ყველა შემოსული კანდიდატი განვიხილოთ, თუმცა სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევდი რეზიუმე არ იყოს ძალიან ვრცელი, შეიცავდეს იმ გამოცდილებასა და უნარებს, რაც კონკრეტულ ვაკანსიას შეესაბამება, და რაც მთავარია – სწორი საკონტაქტო მონაცემები.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
ევოლუშენი არის კომპანია, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს, კონკურენტულ ანაზღაურებას, კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობას და რაც მთავარია მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას. ამასთან, ევოლუშენი არის ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე, სადაც შეგიძლია გადადგა პირველი კარიერული ნაბიჯი, სამუშაო გამოცდილების გარეშე და განვითარდე, როგორც პროფესიონალი და ასევე ევოლუშენში იპოვო პროფესიული წინსვლის გზა.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევ სცადონ და გადადგან ნაბიჯი ახალი გამოწვევებისკენ. თუ სამსახურის შერჩევისას ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მათთვის მნიშვნელოვანია, ეწვიონ საიტს firtsjob.ge შეავსონ მათთვის საინტერესო ვაკანსიის შესაბამისი აპლიკაცია და დაელოდონ ჩვენს გამოხმაურებას. შევხვდებით გასაუბრებაზე.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.