შემოგვიერთდით

მალდივებიდან ოფისში: ანუ როგორ დავუბრუნდეთ საქმეს ზაფხულის დასვენების შემდეგ

HR hub წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას HR ქოუჩინგი, რომლის პარტნიორია Erickson Coaching International-ის წარმომადგენლობა საქართველოში.

თამუნა ჩიჩუა, PCC, ემოციური ინტლექტის პროფესიონალი ქოუჩი, Erickson Coaching International-ის საერთაშორისო ტრენერი და წარმომადგენელი საქართველოშიგარკვეული პერიოდულობით შემოგვთავაზებს საინტერესო სტატიებს. გიზიარებთ მის პირველ სტატიას.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, ინდივიდუალურ ქოუჩინგში არასდროს მოსულა კლიენტი ასეთი მოთხოვნით. შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების სირთულე ნაკლებად სერიოზულ თემად აღიქმება, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ის მოკლევადიან დისკომფორტს ქმნის. თუმცა, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე აშკარაა, ბევრ ჩვენთაგანს უჭირს დასვენების შემდეგ სერიოზულ, საქმიან რეჟიმზე სწრაფი გადასვლა. ამის გათვალისწინებით, ვეცდები სექტემბრის ეს სტატიაც შეძლებისდაგვარად მსუბუქი გამომივიდეს.

უნდა შეგახსენოთ, რომ ქოუჩინგში ნეგატივზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ნაკლებად ვკონცენტრირდებით. ჩვენთვის მნიშნელოვანია არსებული სიტუაციის დაფიქსირება, სასურველი პოზიტიური შედეგის განსაზღვრა და მის მისაღწევად ქმედება. ამიტომ, მოდით ქოუჩინგურად შევხედოთ ამ საკითხს:

რა იწვევს დაბრუნებისას ასეთ დისკომფორტს? და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოფისის მაგიდასთან დაბრუნება სულაც არ იყოს სტრესული:

01 დისკომფორტი:

ჩვენი სხეული და გონება შეეჩვია რელაქსაციას, დროში მოქნილობას, ერთგვარ თავისუფლებას, და მისთვის რთულია სტრუქტურირებულ რეჟიმზე და ჩვეულ რუტინაზე სწრაფად გადააწყობა, იქ სადაც დედლაინები და გაწერილი საქმიანობები დროში „გვზღუდავენ“ და გვაჩქარებენ.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ: რათქმაუნდა ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული: პირველი 1-2 კვირის განმავლობაში უფრო რელაქსირებული გრაფიკი შევარჩიოთ, მივცეთ ჩვენს თავს უფლება ნელა იმოქმედოს, არ გადაიტვირთოთ სისწრაფით. შესაბამისად, ამ პერიოდში უკეთესია ნაკლებად მჭიდრო დედლაინების დასახვა. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემდგომ მენეჯერს გულწრფელად გაუმხილოთ თქვენი დროებითი რეჟიმის შესახებ და ხანგრძლოვობაც შეათანხმოთ.

02 დისკომფორტი:

ზოგჯერ, დაბრუნებულებს იმაზე მეტი საქმე გვხვდება, ვიდრე ჩვეულებრივ გვაქვს ხოლმე, რადგან ჩვენს არყოფნაში მართლაც აკუმულირდება ამოცანები, გადაწყვეტილებები, პასუხ-გასაცემი წერილები და ა.შ. ეს ყოველივე, ბუნებრივია, დამატებით სტრესს იწვევს და ხშირად პარალიზებასაც კი, იმიტომ, რომ არ ვიცით საიდან დავიწყოთ.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ: 1) სანამ ეფექტური დაგეგმვის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით, პირველივე დღეს, დაგროვილი საქმეებიდან ერთი, ყველაზე მარტივი ამოცანა ამოარჩიეთ და ის შეასრულეთ. ან ყველაზე მარტივ წერილზე უპასუხეთ. შემდეგ დარჩენილებიდან ყველაზე მარტივი ამოარჩიეთ და ასე, ნელნელა დაინახავთ, რომ საქმე მცირდება და რაოდენობით გამოწვეულ პარალიზებას დაძლევთ. ბუნებრივია, გაითვალისწინეთ საკითხების პრიორიტეტიზაციაც – რომ არ გამოგრჩეთ რაიმე ისეთი, რაც სასწრაფო და მნიშვნელოვანია.

03 დისკომფორტი:

სადაც არ უნდა დაგვესვენა, ჩვენთვის ის მაინც მალდივები იყო, იმიტომ, რომ ზაფხულის შვებულებისას იმას ვაკეთებდით, რაც ჩვენ თვითონ გვსურდა – გართობა, სხვებთან ერთად თამაში, კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებსაც ვენდობით და სხვა ცხოვრებისეული მოვლენები გვაკავშირებს. სამსახურში დაბრუნებისას, გვეშინია, რომ შესაძლოა, სწორედ ეს ურთიერთობები დაგვაკლდეს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ: იმის ნაცვლად, რომ შვებულება სევდიანი ნოსტალგიით გავიხსენოთ და გართობაზე ისე ვისაუბროთ, როგორც რაღაც დასრულებულზე და განუმეორებელზე, დასახეთ თანამშრომლებთან ერთად ხალისიანი წლის გეგმა – რა სიხშირით, რომელ დღეებში და რა ტიპის განტვირთვას ღინისძიებებს აპირებთ ერთად. ეს ცოტა გაგახალისებთ და ურთიერთობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. გახსოვდეთ, რომ ხალისიანი განწყობა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი ეფექტურობისთვის და პროდუქტიულობისთვის, მთელი წლის განმავლობაში.

ზემოთ მოყვანილი მარტივი სტრატეგიები დაგეხმარებათ იმაში, რომ შვებულებისგან მიიღოთ ის, რისთვისაც ის არსებობს – გონების გადატვირთვა, რესურსების განახლება უფრო დიდი სამომავლო გეგმებისთვის, ახალი შემართებისთვის, მეტი ენერგიისთვის, მეტი მოტივაციისთვის, ახალი ამბიციური იდეებისთვის და ინოვაციებისთვის.