შემოგვიერთდით

,,ახალგაზრდებს ვუსურვებ არ შეუშინდნენ არც ერთ ახალ გამოწვევას”- 80 წლის ზეინარ დიდებაშვილი

Hrhub.ge-ის ახალი რუბრიკა ,,უხუცესი თანამშრომელი” დაემატა.

ჩვენ მოგიყვებით სხვადასხვა კომპანიის ყველაზე ასაკოვან თანამშრომლებზე და გაგიზიარებთ მათ გამოცდილებას. რუბრიკის პირველი სტუმარია ზეინარ დიდებაშვილი ს.ს ,,ტრანსმშენის” 80 წლის კანცელარიის თანამშრომელი.

HR hub: ქალბატონო ზეინარ მოგვიყევით თქვენი პროფესიის შესახებ. სად სწავლობდით და რა მიმართულებით?

დავამთავრე თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმის დაჩქარებული კურსი: ტოპოგრაფიული, გეოდეზისტის და კარტოგრაფიის სპეციალობით. მუშაობის პერიოდში ასევე ვსწავლობდი ფილოსოფიის სპეციალობას.

HR hub: რამდენი წელია რაც ამ კომპანიაში მუშაობთ?

1962 წლის 21 ივნისს დავიწყე მუშაობა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტ “ზაკტრანსსტროიში” რომლის ბაზაზეც არის შექმნილი კომპანია “ტრანსმშენი”.

HR hub: როგორი გრძნობაა ამდენი წლის განმავლობაში იყო ერთი კომპანიის თანამშრომელი?

,,ტრანსმშენი’’ ოჯახივითაა, სადაც გავატარე ახალგაზრდობა და მოვედი ამ ასაკამდე,  მას უკავშირდება ჩემი ლამაზი და შინაარსიანი მოგონებები. ჩემთვის ეს კომპანია სიამაყეა და კიდევ უფრო ამაყი ვარ, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს “ტრანსმშენი”-ს ტრადიციებს.

HR hub: ამ დროის განმავლობაში უამრავ გამოცდილებას დააგროვებდით როგორც საქმის კუთხით, ამავე დროს ადამიანებთან ურთიერთობის. რას ურჩევდით ახალგაზრდა თანამშრომელს, რომელმაც ახლახანს დაიწყო თქვენთან მუშაობა და ჯერ გამოუცდელია?

,,ტრანსმშენში’’ უკვე ბევრი ახალგაზრდა თანამშრომელი მუშაობს პირველ რიგში მათ ჯანმრთელობას ვუსურვებ, ისინი არიან ძალიან განათლებული, კომუნიკაბელურები, აქვთ საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა. ვუსურვებ არ შეუშინდნენ არცერთ ახალ გამოწვევას. ჩვენ გვყავს საუკეთესო და საიმედო ახალგაზრდები.

HR hub: თქვენს თაობასა და ახალ თაობას შორის რა განსხვავებას ხედავთ?

ჩემი თაობა  წიგნის თაობაა, ახალი თაობა კი კომპიუტერის, ისინი ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ღებულობენ. მათ შეუძლიათ განათლება მიიღონ ან გაიღრმაონ უცხოეთში, რასაც ჩემი თაობა მოკლებული იყო. ძველი თაობის დამახასიათებელი თვისებებია: ერთმანეთის ნდობა, მეგობრობა, ქართული სული, სამშობლოს სიყვარული.

HR hub: რას ეტყოდა ახლა ზეინარ დიდებაშვილი 18 წლის ზეინარს ?

ამ გადასახედიდან და ჩემი ცხოვრების განვლილი პერიოდიდან გამომდინარე ახალგაზრდა 18 წლის ზეინარ დიდებაშვილს ვუსურვებდი იყოს უფრო თამამი.

და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია “ტრანსმშენი”-ს, ახალგაზრდა ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს რომ მომცეს საშუალება ამ ასაკში მათთან ერთად მემუშავა.

ზეინარის შესახებ მის თანამშრომლებსაც გავესაუბრეთ და ვთხოვეთ დაეხასიათებინათ.

,,ქალბატონი ზეინარი არის სამაგალითო თანამშრომელი, რომელმაც თითქმის 60 წელი უერთგულა ამ კომპანიას. ჩვენ დაახლოებით 10 წელია ერთად ვმუშაობთ და საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ის არის ძალიან ყურადღებიანი და სულ ცდილობს საკუთარი ოჯახივით მიხედოს ორგანიზაციას. ცდილობს  მეტად იყოს ჩართული ყველა საქმეში და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს” – პავლე გელაზონია ს.ს. ,,ტრანსმშენის’’- ის ტექნიკური ინჟინერი

,,ქალბატონი ზეინარი ჩემთვის ზეიკო პირველ რიგში ჩემი კარგი მეგობარია. ჩვენ მრავალი წელია ერთად მოვდივართ ამ კომპანიაში. არის ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი და  ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი. რაც მთავარია მას უყვარს თავისი სამსახური და საკუთარ ოჯახად მიიჩნევს ამ ორგანიზაციას. ჩვენ ბევრი რამ გამოგვივლია ერთად და მინდა კიდევ მრავალი წელი ვუსურვო მას ჩვენთან ერთად” – ნაძეჟდა ქოქოევა ,,ტრანსმშენის’’ მთავარი ბუღალტერი.