მეკო ხაბურძანია HR hub Next-ის მესამე ნაკადის წევრია. ნექსთი დაეხმარა მას საბოლოოდ დარწმუნებულიყო უნდოდა თუ არა HR-ში მუშაობა.
მისი მენტორის თამარ ქლიბაძის დახმარებით, სტაჟირება დაიწყო ,,ევროპაბეთში” და სულ ახლახანს მათი სრულუფლებიანი თანამშრომელი გახდა. მეკოს ვესაუბრეთ HR hub Next-ის და მისი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმების შესახებ.
HR hub: მეკო საიდან გაიგე HR hub Next-ის შესახებ?
პირველად პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე და მას შემდეგ უკვე აქტიურად ვადევნებდი თვალს მის გარშემო განვითარებულ სიახლეებს. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა, რადგან მივხვდი, ეს პროექტი ჩემთვის, როგორც დამწყები HR-ისთვის, კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, უკეთ გამეცნო HR-ის პროფესია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.
HR hub: რას გვეტყოდი შენი მენტორის შესახებ?
თამარ ქლიბაძეს პირველად კავკასიის უნივერსიტეტში შევხვდი, სადაც მოვისმინე მისი გამოსვლა. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ თამარის მენტორთა სიაში ამოკითხვამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, მიმეღო მონაწილეობა HR hub Next-ის პროექტში, რომლის საშუალებითაც მომეცა შესაძლებლობა კიდევ უფრო უკეთ გამეცნო კომპანია და რაც მთავარია, მემუშავა ისეთ მენტორთან და HR პროფესიონალთან, როგორიც თამარია. ვფიქრობ, სწორედ ამ ადამიანთან თანამშრომლობა იყო ყველაზე დიდი გამოცდილება და საკუთარი თავის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა.
HR hub: რა მოგცა ამ პროექტმა?
HR hub Next- მა შესაძლებლობა მომცა, უფრო ღრმად გავცნობოდი HR სფეროს, მიმეღო ინფორმაცია სხვადასხვა კომპანიის შესახებ და ურთიერთობა მქონოდა მათ HR-ებთან. ყველა შეხვედრა, რაც პროექტის ფარგლებში და მის მიღმა ჩატარდა, იყო ძალიან ინფორმაციული და საინტერესო. ამან შესაძლებლობა მომცა, შემედარებინა HR გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში და მივმხვდარიყავი, რომელია ჩემი მომავალი სფერო. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ამ პროექტმა მომცა, არის შესაძლებლობა მემუშავა ევროპაბეთში, რადგან ევროპაბეთი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს იყენებს და HR სფეროში იმ სიახლეებს ნერგავს, რომელთა შესახებ ბევრი ქართული კომპანია ჯერ კიდევ არ ფლობს ინფორმაციას, სწორედ ეს იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც მიმახვედრა, რომ HR ნამდვილად არის სფერო, რომელშიც მინდა გავაგრძელო პრაქტიკული მოღვაწეობა.
HR hub: როგორც ვიცით, ევროპაბეთში გადიოდი სტაჟირებას. მოგვიყევი რა მიმართულებით მუშაობდი და როგორ მოხვდი იქ?
პროექტის დასრულების შემდეგ, HR მიმართულებით ჩემი თავის განვითარება აქტიურად დავიწყე. ვეძებდი სხვადასხვა სტაჟირებას. მინდოდა, პრაქტიკაში გამომეყენებინა ის თეორიული ცოდნა, რაც პროექტის ფარგლებში დავაგროვე. ,,ევროპაბეთში” სტაჟირების შესახებ პირადად თამარს მივწერე. მან მითხრა, რომ შერჩევის მიმართულებით სტაჟიორს ეძებდნენ. ყველა ეტაპი გადავლახე და სექტემბერში სტაჟირება დავიწყე. ამ პერიოდში შერჩევის პროცესში თავიდან ბოლომდე ჩავერთე, რამაც მომცა საშუალება შემეფასებინა, რამდენად არის შერჩევა ის სფერო, რომელიც მაინტერესებს და მომავალში წარმომიდგენია ჩემი თავი. სტაჟირების პერიოდი თავიდანვე ძალიან საინტერესო და მხიარული იყო. ამ პროცესს კიდევ უფრო მიმარტივებდა ჩემი უშუალო ხელმძღვანელი თიკა ქსოვრელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო და კვლავ რჩება ჩემს ძირითადი მენტორად და ქოუჩად.
თიკამ და მთლიანად ,,ევროპაბეთის” HR გუნდმა შეძლო, რომ ახალ კომპანიაში ადაპტაციის პროცესი ნაკლებად სტრესული ყოფილიყო. ძალიან მეგობრულად მიმიღეს, ყველა მხარს მიჭერდა და მამხნევებდა ხარვეზების დროს. მქონდა განცდა, რომ არა მხოლოდ HR გუნდი, სრულიად კომპანია იყო ჩემი წარმატების მონაწილე და საოცრად მგულშემატკივრობდნენ. სწორედ მათი დახმარებით შევძელი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა. მომემატა თავდაჯერებულობა. რამდენიმე ვაკანსიაზე შერჩევის პროცესის მართვა სრულიად მარტოს მომანდეს და ამან კიდევ მეტად ამიმაღლა პროფესიული თვითშეფასება, რადგან უკვე არა მენტორინგით, არამედ ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვისწავლე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონია.
HR hub: ძალიან კარგი სიახლე გაქვს, ახლა უკვე ევროპაბეთის ოფიციალური თანამშრომელი ხარ. გვითხარი რა შედის შენს მოვალეობებში?
დიახ, სტაჟირების დასრულების შემდეგ მივიღე სამსახურის შემოთავაზება. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას მომცემს განვვითარდე, გავიზარდო და მივიღო უდიდესი გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში მუშაობით. შერჩევის მიმართულებით ვიმუშავებ და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად ვრგძნობ და სამომავლოდ წარმომიდგენია ჩემი თავი.
HR hub: რას ურჩევდი HR hub Next-ის მომავალ წევრებს?
პირველ რიგში, ვფიქრობ, ყველა დამწყებმა HR-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში, რადგან ვთვლი, რომ მათ საშუალება ეძლევათ უკეთ გაიცნონ ეს სფერო, შეხვდნენ სხვადასხვა დიდი კომპანიის HR-ებს, მოისმინონ და სამომავლოდ გაითვალისწინონ მათი გამოცდილება. და ბოლოს, HR hub Next- ის მომავალ წევრებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რასაც ეს პროექტი სთავაზობს. ნუ იქნებით მორცხვები და ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოჩენის. ნუ დაელოდებით, სანამ თქვენთან მოვა რომელიმე კომპანია და შემოგთავაზებთ დასაქმებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დამწყები ხართ. დაისახეთ მიზანი და არაფერი დაიშუროთ ამ მიზნის მისაღწევად. რაც უფრო მაღალია მიზანი, მით რთულია შრომა, მაგრამ მით მეტია წარმატებაც, ამიტომ დაისახეთ მაღალი მიზნები და ვინ იცის მომავალში ვინ სად აღმოვჩნდებით და მომავალში რომელი კომპანიის სახელით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას სხვა დამწყებ პროფესიონალებს. “I know the higher that I go, the harder to climb. But after that, the bigger the muscle and smarter the mind.” – Big Sean