შემოგვიერთდით

ევოლუშენ საქართველო პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად კომპანიებს პარტნიორობის ახალ მოდელს სთავაზობს

ევოლუშენი საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. კომპანია, რომელიც მსოფლიოში ონლაინ სერვისებისა და ლაივ გადაწყვეტილებების სფეროში ლიდერის პოზიციებს წლებია არ თმობს, ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.

ამჯერად, ევოლუშენ საქართველო პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად კომპანიებს პარტნიორობის ახალ მოდელს სთავაზობს, რომელიც, კომპანიებს მისცემს საშუალებას შეზღუდვებიდან გამომდინარე გათავისუფლებულ თანამშრომელს რეკომენდაცია ახალ სამუშაო ადგილზე – ევოლუშენში გაუწიოს.

ინიციატივის შესახებ ევოლუშენ საქართველოს ადამიანური რესურსების მენეჯერი – ნატო გვაზავა და ბიზნეს პარტნიორი, ტალანტების მოზიდვის მენეჯერი – მარიამ მეტივიშვილი გვესაუბრებიან.

HR hub: სასიამოვნოა, როდესაც ბიზნესი ამ რთულ ვითარებაშიც განაგრძობს ფუნქციონირებას და ქმნის სამუშაო ადგილებს, უფრო ზუსტად რას მოიცავს ინიციატივა და რა მთავარი მიზანი აქვს მას?

ნატო გვაზავა, ადამიანური რესურსების მენეჯერი:

ინიციატივა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობითაა ნაკარნახევი, რომელიც მსგავსი ტიპის ვითარებაში, განსაკუთრებით ჩანს. პანდემიისგან განპირობებული შეზღუდვების გამო, ბიზნესს სასწრაფო ცვლილებების განხორციელება, ოპტიმიზაცია და ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება ხვდა წილად.

სამწუხაროდ, შეზღუდვებიდან გამომდინარე საქმიანობის აკრძალვის, შემცირების ან შეჩერების გამო, ბიზნესს უხდება პროცესებისა და რესურსების ოპტიმიზაცია გადარჩენის მიზნით, რამაც შესაძლოა, თანამშრომლების შემცირება გამოიწვიოს.

სწორედ აღნიშნული რეალობის საპასუხოდ, ევოლუშენ საქართველო, ლიდერი ონლაინ გადაწყვეტილებებისა და ლაივ მომსახურებების სფეროში, პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პარტნიორობის მიმართულებით, თანამშრომლობის ისეთ მოდელს სთავაზობს, რომელიც მომგებიანია პირველ რიგში დასაქმებულისათვის, რომელმაც დაკარგა სამსახური, ხოლო ასევე კომპანიისთვის, რომელიც ზრუნავს მათი გუნდის ყოფილი წევრების ბედზე და სურს დაეხმაროს ახალი სამსახურის დაწყებაში.

HR hub: რა ნაბიჯებს მოიცავს პროცესი და კონკრეტულად რომელი ვაკანსიის შეთავაზება შეუძლიათ კომპანიებს თანამშრომლებისათვის.

მარიამ მეტივიშვილი, ბიზნეს პარტნიორი, TA მენეჯერი:

ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით კომპანიებს, რომ მათი ჩართულობისა და მზაობის შემთხვევაში, მათ თანამშრომლებს დავასაქმებთ ევოლუშენში. მთავარია, კომპანიებმა გამოხატონ სურვილი და ითამაშონ შუამავლის როლი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის.

ამჟამად ევოლუშენი ინგლისურენოვან თამაშის წარმდგენებს ეძებს. აღნიშნულ ვაკანსიაზე დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე www.firstjob.ge. კომპანიებს კი მოვუწოდებთ ჩაერთონ. თუკი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში მოგიხდათ გაგეთავისუფლებინათ თანამშრომლები, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ აღნიშნული ვაკანსიით გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენ გვაქვს დასაქმების შესაძლებლობა და გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ამის შესახებ. დაგვეთანხმებით, რომ აღნიშნული ასევე პოზიტიურად იმოქმედებს ჩართული კომპანიების იმიჯზე.

ნატო გვაზავა, ადამიანური რესურსების მენეჯერი:

ამ ტიპის თანამშრომლობა პარტნიორი კომპანიებისგან არ მოითხოვს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის აღებას.  ეს არის ინფორმაციის გაცვლაზე დამყარებული თანამშრომლობა, რომელიც უკეთეს მომავალს შექმნის უამრავი ადამიანისთვის.

რაც მთავარია, დასაქმებულს აქ ხვდება მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო – შესაბამის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით, რეკომენდაციების სრული დაცვით, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციითა და კომპანიის სივრცის სრულად გადაკეთების პირობებში, განვაგრძობთ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ვასაქმებთ.

HR hub: რა გზით შეიძლება დაგიკავშირდნენ კომპანიები, რომელთაც აქვთ ამ ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი?

მარიამ მეტივიშვილი, ბიზნეს პარტნიორი, TA მენეჯერი:

ერთი სიტყვით, თუ გსურთ, რომ ჩვენი პარტნიორობით, მისცეთ გუნდის ყოფილ წევრებს ახალი სამსახურის დაწყების ალტერნატიული შესაძლებლობა, აუცილებლად შემოგვიერთდით. ამისათვის, საჭიროა, დაგვიკავშირდით მისამართებზე geocv@evolution.com; mmetivishvili@evolution.com.