HR hub Next – ეს არის HR hub-ის ახალი პროექტი, რომელიც მომავალი HR-ების ინოვაციურ ჰაბს წარმოადგენს.აქ გაწევრიანებულები არიან ადამიანები, რომლებსაც მცირე გამოცდილება აქვთ ადამიანური რესურსების სფეროში ან აინტერესებთ და სურთ მიიღონ ცოდნა ამ მიმართულებით.
ფიქრია რეხვიაშვილი HR hub Next-ის პირველი ნაკადის წევრია. ჩვენ მას ვთხოვეთ ნექსთის შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება და გთავაზობთ ინტერვიუს.
HR hub: როგორ მოხვდით HR hub Next-ში?
HR Hub Next-ის შესახებ გავიგე მეგობრისგან, რომელმაც მირჩია ამ პროექტში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად შევავსე აპლიკაცია და მოუთმენლად ველოდი იმ დიდებულ ზარს. და აი დადგა ის დიდებული დღეც, როცა ზუკამ დამირეკა და მითხრა რომ მიღებული ვარ ამ პროექტში და იმ წუთებში ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა (ალბათ გული მიგრძნობდა რა მელოდა წინ).
HR hub: რა არის თქვეთვის HR hub Next?
HR hub Next ჩემთვის არის პროექტი, რომელიც უამრავი დადებითი ემოციით არის დატვირთული. ყველაზე კომფორტული გარემო, საუკეთესო დამფუძნებლებით, მენეჯერებით, მენტორებითა და მონაწილეებით. ადგილი, სადაც გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მუდამ მზად არიან საკუთარი ცოდნა გაგვიზიარონ. „HR hub Next არის წარმატებისკენ მიმავალი გზა“- ეს იყო ჩემი მოლოდინი პირველ დღეს და ამ პროექტმა ჩემი მოლოდინი გაამართლა.
HR hub: ფიქრია, თქვენ HR hub Next-ის მენტორმა გაგიწიათ რეკომენდაცია და მუშაობა დაიწყეთ პალიტრა მედია ჰოლდინგის HR დეპარტამენტში. მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.
დიახ, HR hub Next-ისა და ჩემი უსაყვარლესი მენტორის ლიკა ნოზაძის რეკომენდაციით, სტაჟირებას გავდივარ პალიტრა მედია ჰოლდინგის HR დეპარტამენტში. მოვხვდი ყველაზე თბილ, სასიამოვნო და რაც მთავარია პროფესიონალი ადამიანების გუნდში. კომპანიაში მისვლის პირველივე დღიდან, დეპარტამენტის ყველა წარმომადგენელი მიზიარებს თავის ცოდნას და მაქსიმალურად მეხმარებიან, რომ მეც მეტს მივაღწიო ამ სფეროში. თეორიული ცოდნა, რომელიც HR hub Next-ში მივიღე, ახლა უკვე პალიტრა მედია ჰოლდინგში, პრაქტიკაში გამოვიყენებ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის და კომპანიის თანხვედრა კიდევ უფრო მეტ საშუალებას მომცემს, გავიღრმავო ცოდნა ამ მიმართილებით და წარმატებისკენ გადავდგა ნაბიჯები.
HR hub: რას ურჩევდით HR hub Next-ის მომავალ წევრებს?
Hr hub Next-ის მომავალ წევრებს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია „შეისრუტონ“ მენტორებისგან, რომლებიც საოცარი ადამიანები არიან, საოცარი გამოცდილებითა და ცოდნით. არ გააცდინონ არცერთი ლექცია, იყვნენ ძალიან აქტიურები, დასვან ბევრი კითხვა და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი თავი. HR hub Next მათ საშუალებას აძლევთ შეიძინონ საუკეთესო ადამიანები და გაიკვალონ გზა წარმატებული კარიერისკენ. დარმწუნებული ვარ, ყველა მათგანი ისეთივე კმაყოფილი და დადებითი ემოციებით სავსე იქნება, როგორც მე.