შემოგვიერთდით

,,მე რომ კარიერას ვიწყებდე დღეს, ამ პროექტის მონაწილე ვიქნებოდი” – რას ფიქრობენ HR hub Next-ის მენტორები პროექტზე?!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

პროექტი 2019 წელს ჩაეშვა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჯერად მეათე ნაკადის მიღება გამოცხადდა. ნექსთის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ გამოცდილი HR პროფესიონალები მენტორის როლში საკუთარ ცოდნას პროექტის მონაწილეებს უზიარებენ. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ მენტორები ნექსთზე და ახლანდელი ნაკადის 2 მენტორს მარიამ თათხაშვილს – Dressup Group-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მარიამ სირბილაძეს – McDonald’s საქართველო-ს ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელს გავესაუბრეთ.

HR hub: გაგვიზიარეთ თქვენი აზრი HR hub Next-ის პროექტის შესახებ.

მარიამ თათხაშვილი:HR hub Next ჩემთვის ის პროექტია, რომელიც იქნებოდა ნოყიერი ნიადაგი პროფესიული წარმატების დასაწყებად.

მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა:

🔎 მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება;
🔎 გაიცნონ სფეროს პროფესიონალები;
🔎 მიიღონ მხარდაჭერა/რეკომენდაციები/რჩევები მოქმედი HRM-ებისგან;
🔎 გაეცნონ სფეროში არსებულ რეალურ ქეისებს;
🔎 გადაწყვიტონ, რამდენად თავსებადია HR სფეროსთან დაკავშირებით შექმნილი მათი მოლოდინები რეალობასთან.

მე რომ კარიერას ვიწყებდე დღეს, ამ პროექტის მონაწილე ვიქნებოდი.

მარიამ სიბრილაძე: HR hub Next-ის პროექტი მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა დამწყები HR-ებისთვის და მათ აძლევს შანსს ამ სფეროში განვითარების, ცოდნის გაღრმავების და რეალურ შემთხვევებზე დაყრდნობით პრაქტიკის გაზიარების.

ჩემი HR-ში კარიერის დაწყების პერიოდში მსგავსი პროექტი, რომ ყოფილიყო მონაწილეთა რიგებში აუცილებლად ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი.

HR hub: რას ნიშნავს იყო HR hub Next-ის მენტორი?

მარიამ თათხაშვილი: ნიშნავს პასუხისმგებლობას – სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მომავალი კოლეგებისთვის იყო გზამკვლევი, რომელიც შეუძღვება სამყაროში, სადაც ადამიანური რესურსი მთავარი ღირებულებაა. დიდ წილად მენტორი განსაზღვრავს, რომ ეს სივრცე იყოს შთაბეჭდილებებით, აღმოჩენებით, გამოწვევებით და მოულოდნელობებით სავსე.

მენტორი ამ პროექტში ის ადამიანია, პროფორიენტაციის ფაზლის ბოლო ნაწილს რომ შეუვსებს მონაწილეს, საბოლოო შედეგს დაანახებს, ბუნდოვანებას გაფანტავს და მისცემს სრულ სურათს, ამოხსნას მიმართულება.

რამდენად მისაღები აღმოჩნდება ეს სურათი ნექსთის წევრისთვის, რამდენად გამართლდება მისი მოლოდინი სფეროსთან დაკავშირებით, ის მენტორის დახმარებით, თავად გადაწყვეტს.

მარიამ სირბილაძე: უპირველეს ყოვლისა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მე როგორც მენტორმა ზედმიწევნით უნდა დავანახო მონაწილეებს თუ რა როლი და ფუნქცია აკისრია HR-ს კომპანიაში, როგორია მისი სამუშაო პროცესი და რადგან პროექტში მონაწილეთა ნაწილს პირველად აქვს HR-თან შეხება და მოგეხსენებათ პირველადი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს მათთვის ენდომებათ თუ არა სამომავლოდ ამ სფეროში განვითარება.

HR hub: ამჟამად ნექსთი ონლაინ მიმდინარეობს. რამდენად ეფექტურია შეხვედრები და თუ იღებთ სასურველ შედეგს?

მარიამ თათხაშვილი: როცა ადამიანური რესურსების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებულად მინდა, რომ ეს შეხვედრები, საუბრები, ამოხსნების ძიება ხდებოდეს არაფორმალურ გარემოში, ჩაის და მშვიდი მუსიკის ფონზე, თუმცა ამ სიმყუდროვის და სწავლების შესაბამისი გარემოს შექმნა თავადვე, ონლაინაც რომ შეგვიძლია, წინა ნაკადის დროს უკვე გამოჩნდა. აღმოვაჩინეთ, რომ ვიყავით მოქნილები, ჩართულები, ეფექტურები.

პროექტი ორი ნაწილისგან შედგება – ეს არის მენტორინგის პროცესი – როცა შენი გუნდის წევრებს ინდივიდუალურად, დეტალურად, საფუძვლიანად ემუშავები და ლექციების ნაწილი – როდესაც HR HUB NEXT-ის ყველა მონაწილეს უტარებ ლექციას წინასწარ შეთანხმებულ საკითხზე.

მიუხედავად იმისა, რომ მეგონა როგორც მინიმუმ ლექციის ნაწილში გაჭირდებოდა წარმოდგენილი შედეგის მიღწევა (ჩართულობა, დისკუსია, ჯგუფური აქტივობა), საპირისპიროდ მოხდა. ერთადერთი რაც დამაკლდა, მონაწილეების პირადად გაცნობა იყო, რომლის შესაძლებლობაც იმედია მომავალში გვექნება.

მარიამ სირბილაძე: როგორც მენტორს, არანაირი დაბრკოლება არ მქონია ონლაინ შეხვედრების მიმდინარეობისას სრულად გამეზიარებინა ის ინფორმაცია, რის გაზიარებასაც ვგეგმავდი. უფრო მეტიც, დრო ეფექტურად გამოვიყენეთ და ონლაინ იმაზე მეტი შეხვედრა შევძელით, ვიდრე ამას პირისპირ შეხვედრებისას მოვახერხებდით. ერთადერთი, ჩვენი ქართველი ერის ტემპერამენტიდან გამომდინარე ვერ ჩავეხუტეთ ერთმანეთს, რაც პირისპირ შეხვედრებისას შესაძლებელი იქნებოდა.

HR hub: რას უნდა ელოდონ თქვენგან, როგორც მენტორისგან ნექსთის ის წევრები, რომლებიც თქვენთან მოხვდებიან?

მარიამ თათხაშვილი: როცა ამ სფეროს თეორიული შესწავლა დავიწყე, ბევრი კითხვა დამრჩენია უპასუხოდ, ბევრი ამოცანა ამოუხსნელი, ბევრი თეორია პრაქტიკული გააზრების გარეშე და დამოუკიდებლად ვეძებდი ამოხსნებს. ამ ძებნის დროს ბევრი მიწვალია, ბევრჯერ ვერც მიმიგნია, მაგრამ რაც მიპოვია, მნიშვნელოვანი, მოსაფრთხილებელი მონაპოვარი გამხდარა. ამ გზაზე, ამ მიგნებებზე და აღმოჩენებზე შეიტყობენ ნექსთის წევრები.

მონაწილეები ვერ მიიღებენ ჩემგან მზა ფორმულებს, ჩვენ ერთად თავიდან ვიპოვით ამ ფორმულის ელემენტებს;

ერთად, თავიდან მივალთ იმ მიგნებებთან, ჩემთვის თავის დროზე პროფესიული აღფრთოვანება რომ გამოუწვევია;

გაიგებენ, რომ ყოველთვის, როცა დაიღლებიან, როცა სფეროში არსებული გამოწვევები ჩაყლაპავთ, როცა გაგრძელება არ ეცოდინებათ, მაშინ აღმოაჩენენ საკუთარ სუპერ ძალებს და მაშინ გაიგებენ, რატომ ეტკინათ ასე დაცემით;

გაიგებენ, რომ ამ სფეროში მუდმივად უნდა ჰქონდეთ მოულოდნელობის მოლოდინი;

გაიგებენ, რომ დამარცხება არ არსებობს – ან გაიმარჯვებენ, ან ისწავლიან;

ამ ყველაფერს ისწავლიან იმ რეალური შემთხვევების განხილვის და ერთად ამოხსნის საფუძველზე, რომელიც ამ სფეროში სტაჟიორობიდან დღემდე მოფრთხილებით დამიგროვებია გამოცდილების ხურჯინში.

მარიამ სირბილაძე: ძალიან პროდუქტიულ, საინტერესო, ინფორმაციულ, პრაქტიკულ, კრეატიულ და სახალისო შეხვედრებს. ისეთ შეხვედრებს, რომლებიც მთელი კარიერის მანძილზე დაამახსოვრდებათ და სამაგალითოდ ექნებათ.

თუ გსურთ გახდეთ, HR hub Next-ის წევრი დარეგისტრირდით 19 ნოემბრამდე  https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5