1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება.
სამსახურის მაძიებლები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8
შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ პეპსიკოს ტალანტების მოზიდვის მენეჯერის ლიანა საცერაძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
კულტურა არის უპირველესი, რისთვისაც უყვართ თანამშრომლებს პეპსიკო – ამას ადასტურებს ყოველწლიური ორგანიზაციული კლიმატის კვლევის შედეგები, სადაც ერთ-ერთ ღია შეკითხვაზე „რისთვის გიყვართ პეპსიკო?“ – თანამშრომლები ყველაზე ხშირად კულტურას ახსენებენ.
სწორედ პეპსიკოს კულტურა გამოგვარჩევს სხვებისგან. ეს არის იმ ღირებულებათა ერთობლიობა, რომელსაც იზიარებს პეპსიკოს თითოეული თანამშრომელი კომპანიაში მისი „მოგზაურობის“ დაწყების დღიდან და ხელმძღვანელობს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას. სწორედ კორპორატიული კულტურა, რომლის განუყოფელი ნაწილია კომპანიის ხედვა და მისწრაფებები, განსაზღვრავს იმ მიდგომებსა და პრინციპებს, რითაც ჩვენ ვმართავთ ბიზნესს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვეკიდებით საქმეს როგორც საკუთარს, თამამად გამოვთქვამთ საკუთარ შეხედულებებსა და იდეებს, ერთად ვზეიმობთ ერთმანეთის მიღწევებს და ვამაყობთ მრავალფეროვნებით, თითოეულ ნაბიჯს ვდგამთ ეთიკურად და მუდმივად ვქმნით სიახლეებს, რათა მოვგვაროთ მეტი ღიმილი მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში.
ჩვენი კულტურის უმნიშველოვანესი ნაწილია შიდა კომუნიკაციის მართვა სხვადასხვა არხებით, რათა ყველა თანამშრომელი იყოს ინფორმირებული კომპანიის მიღწევების, სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღსანიშნავია აღიარების, დაჯილდოებისა და ჩართულობის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს ისეთი ატმოსფეროს შექმნას, სადაც ინდივიდუალური თუ გუნდური მიღწევები დაფასებული და აღიარებულია სხვადასხვა დონის ჯილდოებით. აღსანიშნავია ასევე ის უდიდესი სასწავლო რესურსი, რომელსაც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით სთავაზობს კომპანია თანამშრომლებს და სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში, დაეუფლონ სრულიად ახალ პროფესიას, განავითარონ სხვადასხვა უნარები. გარდა ამისა კომპანიაში დანერგილია პროგრამები თანამშრომელთა კეთილდღეობისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
კორპორატიული კულტურის მუდმივ განვითარებაზე ზრუნავს HR გუნდი, ზემოთხსენებული აქტივობებისა და საუკეთესო HR პრაქტიკების განხორციელებით. ამის დასტური კი უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღებული ტოპ-დამსაქმებლის ტიტულია რომელსაც TOP Employers Institute-ი ანიჭებს კომპანიებს. აქვე სიამაყით აღვნიშნავ, რომ პეპსიკო უკვე ზედიზედ მეოთხედ გახდა ტოპ-დამსაქმებელი 2021 საქართველოსა და ევროპაში და რაც უფრო მეტად სასიხარულოა პეპსიკომ წელს პირველად მიიღო გლობალური ტოპ-დამსაქმებლის ტიტული.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….
დიდ პასუხისმგებლობას, რადგან წარმოადგენ დამსაქმებელს ყველაზე კონკურენტულ გარემოში – შრომის ბაზარზე. ნებისმიერი სახის კონტაქტი კანდიდატთან ქმნის შთაბეჭდილებას დამსაქმებლის ბრენდზე და შესაბამისად განაწყობს მას შენი კომპანიის მიმართ. მეორეს მხრივ ეს დიდი შესაძლებლობაა მოიზიდო ტალანტები, გაზარდო კომპანიის ცნობადობა, მოუთხრო მისი კულტურის შესახებ და აგრძნობინო ის განსაკუთრებული გარემო, რომელშიც აღმოჩნდება მუშაობის დაწყების შემთხვევაში.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
პეპსიკოში ყველა ვაკანტურ პოზიციაზე წინასწარ იქმნება კანდიდატის პროფილი, რომელიც პროფესიულ და ლიდერულ კომპეტენციებთან ერთად შედგება მოტივაციისა და ღირებულებებისაგან, ეს გეხმარება სწორად შეარჩიო კანდიდატი და მოარგო გუნდს და კორპორატიულ კულტურას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კომპანიაში წარმატებისა და განვითარებისთვის.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
რეზიუმე კანდიდატის ერთგვარი სავიზიტო ბარათია და იმ ინფორმაციის გარდა, რაც მასშია აღწერილი, თავიდანვე გიქმნის გარკვეულ წარმოდგენას კანდიდატის შესახებ. არსებობს უამრავი სასწავლო რესურსი ინტერნეტ-სივრცეში იმისათვის, რომ შექმნა პროფესიონალური, დახვეწილი რეზიუმე და ასე დაიწყო კომუნიკაცია დამსაქმებელთან. რეალურად ნებისმიერი სახის რეზიუმეს განვიხილავთ, თუმცა რთულია როცა რეზიუმე არასრულია (მაგ. არ არის ან არასწორადაა მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია) ან ცალსახად ჩანს, რომ კანდიდატი განვითარებაზე ორიენტირებული არ არის.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
პეპსიკოში ჩვენ ვიცით, რომ ის რაც განასხვავებს თითოეულ ადამიანს, ეს მისი ინდივიდუალობაა და სწორედ ამაშია რეალური ძალა. ჩვენ მუდმივად ვიღებთ ახალ გამოწვევებს, ვქმნით ახალ პროდუქტებს, ვქმნით გასაოცარ მომენტებს, ვქმნით მომავალს. ჩვენ გვიხარია, როცა ვხედავთ რისი მიღწევაა შესაძლებელი ერთად, როცა თქვენი უნიკალურობა, უნარები, იდეები და ხედვა ერწყმის ჩვენს დინამიურ გუნდს. ჩვენ ერთად ვიზრდებით, ვვითარდებით გიზიარებთ რა იმ ნოუ-ჰაუს, რესურსებს და რაც მთავარია საერთო სულისკვეთებას, რომელიც აქ დაგხვდებათ. პეპსიკოში არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, აქ უსწრებ დროს, იღებ განვითარებისთვის საჭირო ფასეულ ინფორმაციას, აქ გაქვს საშუალება დაფასდეს შენი ყველაზე თამამი იდეები, და თავად განსაზღვრო შენი და კომპანიის მომავალი.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
თუ პირველ ნაბიჯებს დგამთ კარიერულ ასპარეზზე, თავიდანვე განსაზღვრეთ ის ძირითადი სფეროები, სადაც გსურთ განვითარება, მიიღეთ მეტი ცოდნა ამ მიმართულებით, მოიძიეთ შესაბამისი პროფილის კომპანიები ბაზარზე, გაეცანით მათ მისიას, ღირებულებებს, გახდით მათი გამომწერები სოციალურ ქსელებში და იყავით აქტიურები, თვალყური ადევნეთ მათ კარიერულ შეთავაზებებს. რაც მთავარია, ნებისმიერი კონტაქტისას დამსაქმებელთან გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ჰგავხართ არავის, იყავით ის ვინც ხართ, იყავით გულწრფელი და უშუალო.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან ასევე: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrow, Grant Thornton Georgia და რადიო იმედი.