შემოგვიერთდით

ზაზა გორდეზიანის 57 წლიანი ისტორია ნახშირის მრეწველობაში

HR hub-ის რუბრიკაში ,,უხუცესი თანამშრომელი” საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის  თანამშრომელზე ზაზა გორდეზიანზე მოგიყვებით.

მასთან შეხვედრის პირველივე წუთიდან მიხვდებით, რომ პროფესიონალთან გაქვთ საქმე. იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს, რომელსაც თავისი საქმე ასე ძალიან უყვარს. ამაზე ალბათ ისიც მეტყველებს, რომ უკვე 57 წელია საკუთარი პროფესიით, ნახშირის მრეწველობაში მუშაობს. მოვლილი აქვს მრავალი ქვეყნის შახტა და მიღებული აქვს იქაური გამოცდილება. შახტებში უსაფრთხოების სტანდარტების ჩამოყალიბება და ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქციების ქართულ ენაზე თარგმნა  სწორედ მის და სამი ქართველი სპეციალისტის სახელს უკავშირდება.  თითქმის 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც შახტებში სამთო დარტყმების გამოვლინებით გამოწვეულ პრობლემებს სწავლობდა.  არის 78 სამეცნიერო ნაშრომის, 12 გამოგონების და 6 საპატენტო მოწმობის ატორი,  მათ შორის 3  კოლეგასთან ერთად არის გამოგონების ავტორი თუ, როგორ უნდა მოვიყვანოთ ნახშირის ფენები უსაფრთხო მდგომარეობაში, რათა არ მოხდეს სამთო დარტყმები, რომელიც დაინერგა არა მარტო ტყიბულის შახტებებში, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ნახშირის შახტებში, სადაც სამთო დარტყმების გამოვლინების  მხრივ საშიშ  ნახშირის ფენებს ამუშავებენ.

77 წლის არის, მაგრამ დღემდე აქტიურად მუშაობს და გაჩერებას არ აპირებს. 9 წელია საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფშია და ამ ეტაპზე ნახშირის მიმართულებით, დირექტორის მრჩევლის პოზიციას იკავებს. მოსაყოლი ნამდვილად ბევრი აქვს, უამრავი ისტორია და საინტერესო ამბავი. რაც მთავარია უყვარს ის საქმე, რომელსაც ამდენი წელია ემსახურება.

განათლება და პირველი სამსახური

ჩავაბარე გამოცდები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1967 წელს და გამანაწილეს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოზე სამუშაოდ. ვიმუშავე 3 წელი. ვიყავი უბნის  მექანიკოსი და მერე გავხდი ახალი შახტის მთავარი მექანიკოსის მოადგილე. მაშინ სავალდებულო იყო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, 3 წელი აუცილებლად წარმოებაში უნდა გემუშავა. 3 წლამდე წასვლის უფლება არსად გქონდა. შემოდგომაზე ჩავაბარე ასპირანტურაში ლენინგრადში, მსოფლიოში ერთადერთ გეომექანიკისა და სამარქშეიდერო საქმის ინსტიტუტში.  ამიყვანა ასპირანტად ძალიან ცნობილმა მეცნიერმა საჭოთა კავშირის დროს, სამთო დარტყმების განყოფილების გამგემ, პროფესორმა, შემდგომში კი აკადემიკოსმა ი. პეტუხოვმა. დავიცავი დისერტაცია, დავბრუნდი საქართველოში და გამანაწილეს ტყიბულის შახტებში სამთო დარტყმების  გამოვლინების საკვლევი ჯგუფის უფროსად.

რატომ ეს პროფესია?

მე ვარ გეოლოგის შვილი. ჩემთვის ძალიან ახლოს იყო ეს დარგი. როცა მე ვაბარებდი სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, მაშინ ძალიან დაფასებული იყო  სამთო ინჟინრის  პროფესია. ყველაზე კარგი ნაკადი სწორედ ამ მიმართულებით აბარებდა. 31 000 სტუდენტი სწავლობდა მაშინ პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში და ამ ფაკულტეტზე, დაახლოებით 1 500 სხვადასხვა სპეციალობაზე. სტიპენდია გვქონდა 50 მანეთი, როცა სხვა ფაკულტეტებზე იყო 30 მანეთი. ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. სამთო ფაკულტეტის ბიჭები ფიზიკურად ძლიერი და საიმედო მეგობრები იყვნენ და გოგოებს მოსწონდათ, პოპულარობით სარგებლობდნენ. 70-იანი წლების შემდეგ პრესტიჟი დაეცა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდეგ, როცა თითქმის შეწყდა შახტების მუშაობა, წამოვედი თბილისში და ვმუშაობდი სამთო ფაკულტეტზე ტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრაზე  და ვასწავლიდი სტუდენტებს, შემდეგ კი  ვხემძღვანელობდი კერძო სამეცნიერო -კვლევით ცენტრს „ლავა“-ს.

2004 წელს, ბატონ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით  დავინიშნე სს „ მადნეული“ -ს აღმასრულებელ დირექტორად და 6 წელი ვიყავი იქ. შემდეგ 2010 წელს, საქართველოს ინდუსტრიული  ჯგუფის  დამფუძნებელმა, ბატონმა დავით ბეჟუაშვილმა დამიბარა და დახმარება მთხოვა ნახშირის მრეწველობის აღდგენის საქმეში, ტყიბულში ტექნიკურ დირექტორად 2 წელი ვიმუშავე.  უკვე 7 წელია ვმუშაობ მრჩევლად ამავე კომპანიაში.

მსოფლიოს გარშემო

მსოფლიოს თითქმის 37 ქვეყანაში ვიყავი სხვადასხვა საბადოზე მივლინებული. მათ შორის ნახშირის მრეწველობის ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა  ამერიკის, რუსეთის,  საბერძნეთის, ყაზახეთის, გერმანიის, ჩინეთის, უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის და ა.შ. ყველგან მაქვს ექსპერიმენტები ჩატარებული. ვსწავლობდი და ამის შესაბამისად დავნერგეთ საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები.

შახტა  

ტყიბულში ისე იყო, რომ 50 წლის მერე ყველა მიდიოდა პენსიაში. შახტაში მუშაობა ძალიან რთულია. ის საჭიროებს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და ფიზიკურად ჯანმრთელ მუშახელს. ამის გარდა უნდა იყოს პატრიოტიზმი და დისციპლინა. ძალიან მკაცრი ხელია საჭირო. მე თვითონ ვარ რამდენჯერმე მოყოლილი შახტაში ავარიაში  დარღვევების გამო.  მაგრამ გადავრჩი. ამიტომ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან მკაცრად უნდა  დავიცვათ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესები.

სამთო ფაკულტეტის დღევანდელი მდგომარეობა

დღეს კადრების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ყველაზე კარგი ანაზღაურება  პროფესორს 600 -800 ლარი აქვს. 2018 წლამდე სამთო ფაკულტეტზე სწავლა არ იყო უფასო. სამთო მრეწველობა- ტყიბული, ზესტაფონი, ჭიათურა, მადნეული და სხვა მრავალი მცირე სამთო საწარმო აძლევს საქართველოს ექსპორტის თითქმის 30%-ს და ამ სპეციალობებზე სტუდენტების სწავლება არ ფინანსდებოდა.  ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკად. არჩილ ფრანგიშვილმა გააკეთა ძალიან დიდი საქმე, გადაწყვიტა სამთო სპეციალობებზე სტუდენტების სწავლების დაფინანსების საკითხი. ამავე დროს უნივერსიტეტისა და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელობის ერთობლივი ძალისხმევით, ტყიბულში ფუქციონირებს  ფაკულტეტთან არსებული ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც უკვე ამზადებს  სამთო პროფილის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს.

სამწუხაროდ დიდი წყვეტა გვაქვს კადრებში. ტყიბულის ინჟინერ ტექნიკური პერსონალის 60% არის საპენსიო ასაკის.

მუშაობა 77 წლის ასაკში

ცხოვრებამ დამაჯილდოვა იმით, რომ  ძალიან დიდი პროცესების მონაწილე ვიყავი სამთო დარგის განვითარების უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. დამიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება. თითქმის 37 ქვეყნის ნახშირის მრეწველობის სპეციფიკა ვიცი და არ მინდა დაიკარგოს ჩემი ცოდნა და მინდა გადავცე მომავალ თაობას. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაც არის და პატივიც, რომ მე დღეს კიდევ შემიძლია და გამოსადეგი ვარ წარმოებისთვის. მუშაობა ჩემთვის არის აუცილებელი. გონებრივი შრომა სხვა არის.

ჩვენთან ძალიან ბევრი დელეგაცია ჩამოდის და ვხვდები ხოლმე. ყველას უკვირს ამ ასაკში ჩვენთან არავინ მუშაობსო.

ცხოვრების მიზანი

ახლა გვაქვს მოლაპარაკება, შეიძლება ჩინელებთნ ერთად ვიმუშაოთ და განვავითაროთ ნახშირის მრეწველობა ტყიბულში. ეს არის ჩემი მთელი ცხოვრების მიზანი. თუ ღმერთმა ქნა და ჩვენ ჩინელები შემოვიყვანეთ, ისინი ააშენებენ 2 მილიონიან მწარმოებლურობის შახტას ტყიბულში და ნახშრიზე მომუშავე თბოელექტროსადგურს, რაც ჩვენი ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.  ნახშირი ჩვენი საკუთარი რესურსია და ვერავინ გადაგვიკეტავს. ეს არის 700-750 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რაც რეგიონის დიდ განვითარებას გამოიწვევს.

რჩევები ახალგაზრდებს

ჩვენ უნდა გავუღვიძოთ ახალგაზრდებს ინტერესი, ამ სპეციალობით დაინტერესდნენ. აუცილებელია ახალგაზრდებს მოვუწოდოთ განსაკუთებით იმ რეგიონებიდან, სადაც სამთო დარგი არის განვითარებული, რომ ამ მიმართულებით ჩააბარონ და გარანტირებული მაღალანაზღაურებადი სამსახური ექნებათ. ყველა ქართველ ახალგაზრდას ვურჩევ ჩააბაროს  ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო დარგის ფაკულტეტზე და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის ერთერთი უდიდესი დარგის განვითარებაში

  •  
  •  
  •  
  •