შემოგვიერთდით

ალექსი ჩიქოვანი: არასდროს უნდა იყო შენი თავით კმაყოფილი – ჩათვალე რომ მაგარი ხარ ? მორჩა, საქმე ცუდად არის.

სახელი გვარი / პროფესია

ალექსი ჩიქოვანი – ბრენდინგის კონსულტანტი

დამთავრებული მაქვს:

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი – ფინანსები და საბანკო საქმე;

ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა – MBA წარჩინებით (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი), სპეციალიზაციით კორპორაციული სტრატეგია, ბრენდის შექმნა და მართვა. ლანკასტერი, ინგლისი

სამუშაო გამოცდილება

1996 წლიდან ვმუშაობ. პირველი სამსახური იყო ბანკი, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. მერე დაიწყო საკმაოდ გრძელი მოგზაურობა სხვადასხვა კომპანიაში, საერთაშორისო პროექტებში, სხვადასხვა პოზიციებსა და ინდუსტრიებში. 2000 წელს მოვხვდი “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების” კომპანიაში (GWS) – მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში – ძალიან გამიმართლა. ამ საქმის ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ აი მართლა გამიმართლა, მენდნენ და ჩემი აზრით არც უნანიათ. მალე დეპარტამენტი ორად გაიყო და მე გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა დავიკავე. აქედან დაიწყო ჩემი 4 წლიანი ძალიან საინტერესო – თვალის ახელა – თუ რა ხდებოდა მსოფლიოში და კერძოდ მსოფლიო ბიზნესში. 2004 წელს გადავწყვიტე რომ ბიზნესის შესახებ მეტი ცოდნა მჭირდებოდა და გავემგზავრე ინგლისში სასწავლებლად – ასევე გამიმართლა. დაბრუნებულმა რამდენიმე ადგილას ვიმუშავე და 2008 წელს დავაფუძნე სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE, სადაც დღემდე ვმუშაობ და ქართულ კომპანიებს ვეხმარებით ბრენდების შექმნასა და მართვაში. რთულია, მაგრამ საინტერესო. მოკლედ, აგერ უკვე 15 წელზე მეტია ვარ მარკეტინგში, გაყიდვებსა და ბრენდინგში.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია ?

ბევრი რამ ვცადე, ბევრი ვეძებე და ბოლოს ვიპოვე. კარგად ჩაჯდა ჩემს ხასიათში და დაემთხვა ჩემს ბუნებით მონიჭებულ უნარ-ჩვევებს. ბრენდინგში ნაკლებია რუტინა, მრავალფეროვანი პროექტების კეთება მიწევს, ხშირად კარგად გამომდის კიდეც, არ ვიწყენ და ძალიან მაინტერესებს. ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა, ყველა ახალი ბრენდი რომელსაც ჩვენ დამკვეთებისთვის ვქმნით, ახალი სიხარულია – ჩვენი შვილები არიან –  მშობლებივით გვიხარია მათი წარმატებული ზრდისთვის თვალყურის დევნება.

რაც მთავარია ბრენდინგში სწავლა არასოდეს მთავრდება, სულ იგებ რაღაც ახალს, აცნობიერებ რომ საჭიროა მეტი წაიკითხო და იძულებული ხარ იმუშავო შენს თავზე, ისწავლო და შეხება გიწევს (და მათგან ბევრის სწავლა) სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ძალიან საინტერესო ადამიანებთან. ეცნობი როგორ მუშაობს ესა თუ ის ბიზნესი და რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან ადამიანები. ეს ჩემთვის ძალიან მიმზიდველია.

ჩემს პროფესიაში წარმატებისთვის საჭიროა:

წარმატებისთვის საჭიროა ჯერ კარგად განსაზღვრო რას ნიშანვს წარმატება, მერე დასახო მისკენ მიმავალი გეგმა, გზა და არ მიაღწიო ამას ნებისმიერ ფასად, არამედ ჰარმონიაში იყო საკუთარ თავთან და შენს გარშემო გარემოსთან. ეს ყველაზე მთავარია.

ასევე:

  • რაც მეტი იცი მით უკეთესი – საერთო განათლება, ნაკითხობა და ერუდიცია უმნიშვნელოვანესია;
  • უნდა იყო მეამბოხე და არასოდეს მიიღო ინფორმაცია ისე როგორც მას გაწვდიან, უნდა დასვა კითხვა – რატომ ?
  • უნდა იყო გაბედული და თამამი – სხვანაირად ბრენდებს ვერ შექმნი – ამიტომ აქ უნდა ყოველთვის იძახდე – რატომაც არა ?!
  • უნდა შეგეძლოს საკუთარ თავზე მუშაობა – იკითხო, გაეცნო სიახლეებს, გაანალიზო.
  • შრომისმოყვარეობა ეს ყველასთვის აუცილებელია და არც ბრენდინგია გამონაკლისი;
  • იუმორის გრძონობა! რატომ ? ის ყოველთვის კარგია !
  • მოსმენის უნარი;
  • კრიტიკის მიღება;
  • სიყვარული;
  • და ბოლოს, არასდროს უნდა იყო შენი თავით კმაყოფილი – ჩათვალე რომ მაგარი ხარ ? მორჩა, საქმე ცუდად არის.

შეცდომა, რომელიც დავუშვი კარიერის განმავლობაში:

შეცდომა ძალიან ბევრი დავუშვი, აურაცხელი ! და ზოგიერთს რომ ვიხსენებ მრცხვენია. მთავარი ალბათ დროის ფუჭი ფლანგვა იყო – მქონდა სიზარმაცის შემოტევები, რომელსაც რაღაც მომენტებში ვერ გავუმკლავდი, მაგრამ ისიც კარგია რომ არ ჩავრჩი იქ და გვიან, მაგრამ მაინც განვაგდე სიზარმაცე ! უდუდესი შეცდომა იყო, იმ საინტერესო ხალხთან არასაკმარისი კონტაქტი, რომლებთან წვდომაც დღეს ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ მაქვს, არადა მაგარი იქნებოდა. არსებობენ ადამიანი – სასწავლებლები, თუ შეხვდი ასეთს უნდა მიეწებო და ხარბად შთანთქო მისი ყოველი სიტყვა – ასეთი რამეები წიგნებში არ წერია და ამიტომ.

 ჩემს მიღწევად მიმაჩნია:

ჩემს მიღწევად საკმაოდ ბევრი რამ მიმაჩნია, ყოველი ახალი მიღწევა მაჩვენებდა ახლის დასახვის აუცილებლობას და მაძლევდა მიღწევის სტიმულს. ზოგი დიდი მიღწევაა, ზოგიც პატარა, მაგრამ ჩემი და აქამდე მოვედი. თუმცა მგონია რომ შეცდომის აღიარება და საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლის ჩვევაში გადატანა ეს ყველაზე მთავარი მიღწევებია! შენ თავზე დიდი მტერი არ გყავს, ამიტომ მის დამარცხებაზე (ხშირად მაინც) კარგი მიღწევა რა უნდა იყოს ?

სხვა მხრივ კი, აი უკვე 12 წელია ვკითხულობ ლექციებს ბრენდინგში და თუ დღეს ვინმემ რამე იცის ნამდვილ ბრენდინგზე ეს ჩემი საამაყო მიღწევაცაა.

და ბოლოს, დღეს თუ ვინმემ ქართულ რაგბზე იცის  რამე და დღეს ის გაცილებით პოპულარულია (თუნდაც იმასთან შედარებით როცა მე ვთამაშობდი), აქაც არის ჩემი წვლილი და შესაბამისად საამაყო მიღწევაა.

რჩევა მათთვის, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში საქმიანობას:

ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად;

მაქსიმალური და მაქსიმალურად შეიმეცნეთ;

არ შეიყვაროთ პირველი იდეა, მაგარი იდეები შრომის შედეგია;

მოუსმინეთ კრიტიკას;

გეშინოდეთ მაქებრების;

არ გალანძღოთ კოლეგები, განსაკუთრებით ზურგს უკან, თუ მაინც ვერ ითმენთ დააჯახეთ პირდაპირ;

იყავით მუდმივ ძიებაში;

არასოდეს იწუწუნოთ – ცუდი სანახავია და ეს პრობლემებს არ აგვარებს;

იყავით მტკიცე ხასიათის მებრძოლები;

არასოდეს იყოთ საკუთარი თავით კმაყოფილები, მაგრამ იცოდეთ თქვენი თავის ფასი, გიყვარდეთ ! … და ხო, ივარჯიშეთ … მართლა!

თქვენს პროფესიაში მიზნის მისაღწევად საჭიროა:

გააჩნია მიზანს, თუმცა – ძლიერი ხასიათი, მუხლჩაუხრელი შრომა, ნებისყოფა, თვითდისციპლინა და თვითგანვითარება, აღმაფრენა (passion), არასოდეს დანებება, წარმატების რწმენა და სიყვარული – ყველა მიზნის მიღწევის ძალიან ეფექტიანი ერთობლიობაა.

თუ რამე გაკლიათ, არ ინერვიულოთ, არამედ იმუშავეთ ამაზე და გამოიმუშავებთ, პირადი გამოცდილებით გეუბნებით. აბა თქვენ იცით, მიაწვაააააააააა !