1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ „თიბისი ფეის“ შერჩევის მენეჯერის ნათია კვირკვიას ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
„თიბისი ფეის“ გუნდის მთავარი ფასეულობებია შედეგზე ორიენტირებულობა, მოქნილობა, მეგობრულობა, ცნობისმოყვარეობა. ახალი კადრის აყვანის დროს, პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ არა გამოცდილებას და პროფესიულ უნარებს, არამედ იმას, თუ რამდენად ემთხვევა ჩვენი ხედვები და განწყობები. ზოგადად, „თიბისი ფეის“ ბრენდის ცნობადობა მაღალია, გვიხარია, რომ გვიცნობენ, როგორც კარგ დამსაქმებელს და სწორი კორპორატიული ეთიკის მქონე გუნდს.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….
არსებითად, ეს არის შუამავალი დამსაქმებელს შორის, რომელიც ეძებს ახალ თანამშრომელს და თანამშრომელს, რომელიც ეძებს ახალ დამსაქმებელს. პროფესიონალი რეკრუტერი აუცილებლად ქმნის საჭირო სიმბიოზს ორივე მხარეს შორის, სწორედ ამიტომ, თიბისი ფეი აქცევს ყურადღებას არა უნარ-ჩვევებს კანდიდატის, არამედ საერთო ხედვების და გეგმების მქონე ადამიანებს.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
ჩემთვის, როგორც რეკრუტერისთვის პრიორიტეტი ადამიანია და ვეძებ პიროვნებებს და არა რესურსებს, სწორედ ამიტომ გულწრფელობა, კომპანიის კორპორატიულ კულტურასა და ეთიკასთან თანხვედრა არის ჩემი მთავარი მოთხოვნა.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
- გამოგზავნილია არაფორმალური კომბინაციით შექმნილი მეილიდან: loveyoubaby@gmail.com ან badboy2@mail.ru.
- რეზიუმეს ახლავს არაფორმალური ფოტო: ფოტო ზღვის ხედით, ფოტო მზის სათვალით და ა.შ
- დაუშვებელია რეზიუმე გააგზანოთ იმ პოზიციაზე, რომელიც თქვენს პროფესიასთან ახლოსაც კი არაა. პირობითად, განათლება სამედიცინო სფეროში აქვს მიღებული კანდიდატს და აგზავნის რეზიუმეს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
10 წელზე მეტია თიბისი ფეი მომენტალური გადახდების ბაზარზე მოღვაწეობს, როგორც წარმატებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენი კომპანიისთვის თანამშრომლების ბედნიერება უმთავრესი საზრუნავია. გვჯერა, რომ მომხმარებლების კმაყოფილებას ვერ მივაღწევთ ჩვენი გუნდის წევრების კმაყოფილების და განვითარების გარეშე. თანამშრომლებზე ორიენტირებულობა კი პირველ რიგში, მათივე განწყობების შესწავლაში გამოიხატება, ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით თითოეული თანამშრომლის მიერ გამოთქმულ აზრს, ინიციატივას, სურვილებს, შენიშვნასა თუ კრიტიკას.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
სანამ რეზიუმეს გააგზავნით:
- გასაუბრებაზე მისვლამდე, აუცილებლად გაეცანით კომპანიის საქმიანობის სფეროს. გაიგეთ, როგორი კორპორატიული კულტურა აქვს და დაფიქრდეთ რამდენად შეესაბამება ეს კომპანია თქვენს პიროვნულ ღირებულებებს და სამომავლო პროფესიულ გეგმებს. გადახედეთ კომპანიის ლინკდინსა, და ფეისბუკ გვერდს. წარმოდგენა შეიქმენით მისი ბაზარზე პოზიციონირების შესახებ.
- უმჯობესია CV 2 გვერდს არ აღემატებოდეს, ჰქონდეს მარტივი დიზაინი და ინფორმაცია იყოს მარტივად აღქმადი.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.