#პროფესიიდანპროფესიამდე რუბრიკის პირველი სტუმარია დავით ჩიკვაიძე – საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი.
HR hub: ,,ელიტ ელექტრონიქსში“ დაიწყე პირველი სამსახური გაყიდვების კონსულტანტად. რა მოგცა ამ სამსახურმა?
2006 წლის 20 ივლისი იყო. ახლაც მახსოვს თეთრი პერანგით და წითელი ჰალსტუხით გამოვცხადდი. წარმოდგენა არ მქონდა არც გაყიდვებზე და არც ტექნიკაზე. მთელი ცხოვრება ვმღეროდი და ჩემთვის სრულიად ახალ სამყაროში აღმოვჩნდი. თავიდან ძალიან დავიძაბე. რამდენიმე ადამიანი მუშაობდა და მათთან შედარებით სრულიად უცოდინარი ვიყავი როგორც პროდუქტის ცოდნაში, ასევე მომსახურებასა და გაყიდვებში. თავიდან კოლეგები დამეხმარნენ, ყოველდღე მიხსნიდნენ პროდუქტებს და პარალელურად სახლში მიმქონდა მასალები. ვთარგმნიდი, რომ უკეთ მცოდნოდა პროდუქტი. ელიტ ელექტრონიქსმა პრაქტიკულად ყველაფერი მომცა პროფესია, ჩემი თავი მაპოვნინა და გაყიდვების სფეროსთან დამაკავშირა და ეს კავშირი ალბათ ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება.
HR hub: როდის მიხვდი, რა იყო შენი ცხოვრების მისია?
ამის გაგება არც ისე მარტივია. ალბათ უფრო ადრეულ ასაკში, სცენაზე გამოსვლა მიყვარდა, 6 წლიდან ვმღეროდი. როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, ალბათ დიდი როლი მშობლების გარდა, ბაბუაჩემმა ითამაშა. ბოლო წლებში უსინათლო იყო და ვუვლიდი როგორც შემეძლო მეც და ჩვენი ოჯახიც. მსიამოვნებდა როცა ვემხმარებოდი და ვზრუნავდი. ალბათ მაგ დროს მივხვდი რომ ერთის მხრივ სცენაზე დგომა და თან ადამიანების დახმარება ჩემი ცხოვრების მთავარი მისია იქნებოდა. არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ დღესდღეობით ესეა.
HR hub: ყოველთვის იძახი, რომ ბედნიერი ადამიანი ხარ, რადგან აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს. უამრავი ადამიანია, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის იპოვეს თუ არა თავის საქმე. რას ურჩევდი მათ, როგორ აღმოაჩინონ საკუთარი ადგილი?
რჩევების მიცემა ადვილია. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. გუშინაც ჩაწერა გვქონდა ონლაინ კურსის, გაყიდვებში. დილიდან საღამომდე კამერასთან მომიწია მუშაობა და გაყიდვებზე ვიდეო ლექციების ჩაწერა, მაგრამ საღამოს რომ დავბრუნდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თითქოს კიდევ ერთი შვილი შემეძინა.
არ არის ადვილი საკუთარი თავის პოვნა. ალბათ უნდა კონცენტრირდე ერთზე და ბოლომდე მიყვე. ალბათ კავშირში უნდა იყოს შენს ჰობთან ან ბავშვობის გატაცებასთან. როგორც გითხარით, ჩემი გატაცება იყო სცენაზე დგომა და სიმღერა. ახლა აღარ ვმღერი, ვსაუბრობ, მაგრამ ისევ სცენაზე ვარ და ნამდვილად არ მაქვს შეგრძნება რომ რადიკაურად განსხვავებულს ვაკეთებ.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი თავი რაღაც მომენტში ნაპოვნი, რაღაცის კეთება აუცილებლად ჰყვარებია და შესაბამისად თუ რაიმე მსგავსს მოკიდებს ხელს და ბოლომდე მიჰყვება, აუცილებლად გამოუვა. როგორც ამბობენ 10 000 საათი გინდა რომ დახელოვნდე, ეს დღეში 5 საათის მუშაობის შემთხვევაში საშუალოდ 7 წელია. არ არის მცირე დრო, მაგრამ ალბათ ღირს იმათ, რომ შენი თავი და დანიშნულება იპოვო ამ ცხოვრებაში.
HR hub: ის, რომ დღეს ,,საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ხარ, შენი აზრით, ყველაზე მეტად რისი დამსახურებაა?
უამრავი ადამიანის, რომელიც ჩემს გარშემოა. მე ვერცერთ ნაბიჯს ვერ დავიბრალებ, იმიტომ რომ თითოეული ნაბიჯის უკან ჩემი კოლეგები, მეგობრები და უბრალოდ კეთილის მსურველები დგანან და მეხმარებიან. მათ გარეშე წარმოუდგენელია ამ ყველაფრის კეთება. მიმაჩნია, რომ ვინც ფიქრობს წარმატებები მისი დამსახურებაა, უბრალოდ ,,წარმატების დამბრალებელია“.
HR hub: საქართველოს შრომის ბაზარზე, გაყიდვების მენეჯერებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუმცა კომპანიებს უჭირთ ამ მიმართულებით შესაბამისი კანდიდატების მოძიება. როგორ ფიქრობ ამ მიმართულებით, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
პრობლემა კომპლექსურია. პირველ რიგში ძალიან მარტივად შესასრულებელ სამუშაოსაც და ხშირად დამწყებ პოზიციასაც კი, გაყიდვების მენეჯერს ვარქმევთ. ხშირად კოპმანიები სცოდავენ ამ კუთხით. გათვლა მარტივია, სურვილი აქვთ რომ დაბალ ხელფასზე ამუშაონ კადრი, რომელსაც რეგალიებით მაინც დააიმედებენ. ზოგადად საქართველოში არა მარტო რეგალიების, ,,დიპლომიანობის“ ტენდენციაცაა და ეს დღეს არ დაწყებულა. ბევრს ურჩევნია შედარებით დაბალი ანაზღაურება, მაგრამ მაღალი ,,თანამდებობა“, რომ თავი უფრო დაფასებულად იგრძნოს. შესაბამისად ზოგადად გაყიდვების მენეჯერის პოზიცია გაუფასურებულია. ამას ისიც ემატება, რომ ზოგადად სიტყვა გაყიდვები საქართველოში მოღალატესთან ასოცირდება და სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ სამარცხვინო საქმედაც კი ითვლებოდა.
HR hub: ყოველდღიურად უამრავი კომპანიის თანამშრომლებს უტარებ ტრენინგებს და ზუსტად იცი რომელ კომპანიაში როგორი სამუშაო გარემოა. რას ურჩევდი ხელმძღვანელებს, კონკრეტულად გაყიდვების თანამშრომლებთან მიმართებაში, სად უშვებენ შეცდომებს და რა უნდა გაითვალისწინონ?
ვფიქრობ აქედან რჩევების მიცემა არ იქნება სწორი. ყველა კომპანია ინდივიდუალურია და რუთლია რაიმე ერთის თქმა. ალბათ ვიტყოდი, რომ პირველ რიგში მთავარია დაპირდნენ იმას, რასაც შეუსრულებენ და მერე აუცილებლად შეუსრულონ ის, რასაც დაპირდნენ.
HR hub: შენ გაქვს HR მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, ყოველდღიურად შეხება გაქვს ამ სფეროს წარმომადგენლებთან. ბევრთან მეგობრობ კიდეც. შეგიძლია გვითხრა რა არის ის, რაზეც ადამიანური რესურსების მენეჯერები ხმამაღლა არ საუბრობენ?
მე მხოლოდ ორი წელი ვიყავი ერთ-ერთ კომპანიის HR მენეჯერი და ესეც საჭიროებამ მოითხოვა იმ პერიოდში. უამრავი მეგობარი მყავს ამ მიმართულებით და ძალიან ვაფასებ თითოეულ მათგანს. ბავრი კარგი რამ მახსოვს და ,,საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ ასეთი სწრაფი განვითარებაც, მათი დიდი მხარდაჭერის შედეგია.
რაც შეეხება კითხვას, ალბათ ესეც უფრო ინდივიდუალურია, თუმცა HR მენეჯერს კარგი პოლიტიკოსობაც მოეთხოვება ორგანიზაციაში, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ეს კი ძალიან რთული საქმეა და ალბათ ჩემი პასუხიც ამის გარშემო იტრიალებს. მუდმივი ბალანსის დაცვა უწევთ სხვადასხვა დეპარტამენტთან რომ ყველა კამყოფილი იყოს რაც დამიჯერეთ, საკმაოდ რთლი მისიაა ორგანიზაციაში.
HR hub: იმისთვის, რომ ,,საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ კურსზე მოხვდე უნდა გაიარო გასაუბრება. ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი?
ჩვენს ერთ-ერთ ღია კურსზე, გაყიდვების მენეჯმენტი“ მიღება გასაუბრების საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ახალი არ არის. პირველად ეს მეთოდი დათომ დაამკვიდრა გოგიჩაიშვილმა. გასაუბრების მთავარი მაზანია მონაწილის მოტივაციის გაგება, გვინდა გავარკვიოთ, თუ რა შეგვიძლია მივცეთ ამ კურსით, ასევე მონაწილეები როგორ გამოადგებიან ერთმანეთს. ამ კურსზე მონაწილეობას ძირითადად გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელები და კომპანიის დირექტორები იღებენ და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის კავშირები, რომელსაც აქ ამყარებენ. ძალიან ბევრი პრეცენდენტი გვაქვს, რომ შემდეგ ერთმანეთთან ითანამშრომლეს და პარტნიორები გახდნენ.
HR hub: Sales MBA – პროექტი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ 26 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა გაყიდვებში და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. საიდან გაჩნდა ამ პროექტის იდეა და რას ემსახურება?
შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი არის ჩვენი ინსტიტუტის მთავარი არსიც და ყველაზე საამაყო პროექტი. უკვე ორი გამოშვება გვყავს და სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლით გაყიდვებს თვეების განმავლობაში და თან ვასქამებთ ჩვენი ინსტიტუტის პარტნიორ კომპანიებში.
ამ პროექტზე ოცნება 2016 წელს დავიწყე. მინდოდა რომ სტუდენტებისთვის და ისეთი ადამიანებისათვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავი ან არ დასაქმებულა, დავხმარებოდით. ერთის მხრივ პროფესია მიგვეცა და მეორეს მხრივ დაგვესაქმებინა. ორი გამოშვება გვყავს. 25 ადამიანს შევუცვალეთ ცხოვრების გეზი და ამით ყველაზე მეტად ვამაყობთ. ჩვენ უბრალოდ გვჯერა, რომ თუ ადამიანებს 3 გრადუსით მაინც შეუცვლით მიმართულებას ცხოვრებაში, ის გრძელ ვადაში დიდ კუთხეს მოგვცემს. ალბათ ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად გვწამს.
HR hub: რა რჩევას მისცემდა დღევანდელი დათო ჩიკვაიძე, 20 წლის დათო ჩიკვაიძეს?
ალბათ ყველაფერი ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში,როგორც უნდა მომხდარიყო. შეგუებული ვარ რომ უშეცდომო არც აქამდე ვყოფილვარ და არც აწი ვიქნები.
უფრო გამიადვილდება, რომ დღევანდელ დათოს მივცე რჩევა. წარსულზე არ მიყვარს საუბარი. დღევანდელ დათოს ვეტყოდი, რომ ყოველ დილით საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა თუ ვისთვის შეუძლია გააკეთოს კიდევ უფრო მეტი და თვითონ რა შეუძლია გააკეთოს დღეს ისეთი, რაც როგორც სხვების, ასევე მის ცხოვრებასაც ოდნავ უფრო უკეთესს გახდის.